გოგონამ წერილი დატოვა...ემშვიდობება ყველას, დეიდას, მეუღლეს.
17 წლის მ. ზ-ს ახლობლები 2014 წლის 29 აპრილიდან ეძებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მისმა დეიდამ ციცინო საათაშვილმა აცნობა. მისი თქმით, გოგონას დაკარგვის ამბავი შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად აცნობეს, თუმცა პირველივე დღეებში ბავშვის მოძებნა ვერ მოხერხდა. გოგონას გაუჩინარებიდან ერთი კვირა გავიდა.
გოგონა 15 წლიდამ გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელშია დაოჯახებული. მას დედა არ ჰყავს და დეიდა (დედის დეიდა) ციცინო საათაშვილი მეურვეობს. დეიდამ დახმარებისთვის ადვოკატ ზაზა გიგაურის იურიდიულ ბიუროსაც მიმართა.
,,როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, სახლიდან წასვლის წინ, გოგონამ წერილი დატოვა. ამჟამად, ამ წერილის ექსპერტიზის დასკვნას მოვითხოვთ, ნამდვილად მისი დაწერილია თუ არა. წერილის მიხედვით, გოგონა ემშვიდობება ყველას, დეიდას, მეუღლეს. წერილში ის მიზეზებია განმარტებული, რატომაც მიდის სახლიდან. როგორც ჩანს, გარკვეული პრობლემებია ბინის თაობაზე. ამ წერილში წერია, რომ თითქოს აღარ ჭირდება მას ის ბინა, რომელსაც ითხოვდა და ა.შ. ამ ეტაპზე მთავარია, ბავშვი ვიპოვნოთ” – აცხადებს ზაზა გიგაური.
ახლობლები ითხოვენ, რომ გოგონას შესახებ ძებნა შესაბამისმა ორგანოებმა ინტენსიურ რეჟიმში აწარმოონ. შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ გოგონას დაკარგვის ფაქტზე პოლიციის განყოფილებისთვის ოჯახს და ახლობლებს ამ დრომდე არ მიუმართავთ.