დღეს, დილიდან ხმაურია რუსთავში, მათ შორის ავტო ბაზრობაზეც. ასობით ავტოდილერი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტი შეიკვეცა. ახალი რეგულაციით, იქ მხოლოდ 2005 წელზე ახალი ავტომობილი შევა, უფრო ძველის შეყვანა კი აიკრძალა. ეს პარამეტრები არა მხოლოდ ავტოდილერებზე, არამედ მთლიან ეკონომიკურ პარამეტრებზეც ცუდად აისახება, რადგან დღეს, ქვეყნისთვის მთავარი საქსპორტო პროდუქტი უცხოეთიდან შემოტანილი მეორადი ავტომობილებია, რომელიც შემდგომ ისევ ექსპორტზე გადის.
შაბათი და კვირა რუსთავში ავტობაზრობის დღედ ითვლება, თუმცა დღეს იქ გამყიდველი უფრო იყო, ვიდრე მყიდველი. ეს სიტუაცია აქ, ბოლო რამდენიმე თვეა რაც გრძელდება. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც აპრილის თვიდან აზერბაიჯანში ახალი რეგულაციები შემოვიდა.
ავტოდილერების თქმით, ისინი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნენ და ავტომობილები პრაქტიკულად აღარ იყიდება და მათ უმეტესობას ბანკიდან კრედიტები აქვს გამოტანილი.
“დღევანდელი მდგომარეობით, ბაზარში არის ძალიან რთული სიტუაცია. მას შემდეგ რაც აზერბაიჯანში ახალი რეგულაციები დაწესდა, არცერთი ავტომობილი აღარ იყიდება. ჩვენ ვართ ძალიან ბევრი და ჩვენს უკან დგას ძალიან ბევრი ოჯახი, დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი და უკვე მესამე თვეა რაც ჩვენი ავტომობილები ბაზარზე დგას, მყიდველი კი აღარ არის. პირადად, მე კი ბანკი “კონსტანტა” მასახლებს სახლიდან, რადგან ეს ბიზნესი ბანკის კრედიტით დავიწყე და არა მხოლოდ მე, არამედ თითქმის ყველა ავტოდილერი ასეთ მდგომარეობაშია,”- განაცხადა ერთ-ერთმა ავტოდილერმა. ავტოდილერები მთავრობას დახმარებას სთხოვენ, რათა შეუმცირონ ავტომობილების განბაჟებისა და ბაზარზე დგომის საფასური.
“თუ მთავრობას ჩვენი თავი სჭირდება, ანალოგიურად ჩვენც გვჭირდება მთავრობა, ამიტომ იქნებ გადავადება მაინც გაგვიკეთონ ან განბაჟების თანხა შეგვიმცირონ ან ბაზრობაზე დგომის საფასური, რადგან ყველა გადასახადი მხოლოდ იზრდება და შემცირებით კი არაფერი მცირდება”,- აღნიშნავენ ავტოდილერები.