აგარასთან მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა





აგარასთან მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტის ია თინიკაშვილის თქმით, რომელიც ავარიას შეესწრო, გარდაცვლილი აგარაში მცხოვრები შუახნის მამაკაცია.

მისივე თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მოხდა. ერთმანეთს თბილისიდან ახალციხეში მომავალი „ტოიოტას“ მარკის ავტობუსი და „ფორდის“ მარკის ჯიპი დაეჯახნენ.

„ავტობუსმა მართვა დაკარგა და სავალი გზიდან გადავიდა, ჯერ ხეს დაეჯახა და შემდეგ იქვე მდგომ მოქალაქეებს“, - ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში ია თინიკაშვილი.

მისივე თქმით, ავტობუსი სავსე იყო მგზავრებით, მასში ისხდნენ ქალები და მცირეწლოვანი ბავშვებიც. არიან დაშავებულები, რომლებიც ქარელისა და გორის საავადმყოფოებში გადაჰყავთ.

რა მდგომარეობაში არიან დაშავებულები, „სამხრეთის კარიბჭე“ საავადმყოფოებში არკვევს.

[sknews.ge]

ახალციხე-თბილისის ავტომაგისტრალის აგარის მონაკვეთზე, თბილისიდან ახალციხეში მომავალ ავტობუსს ავარია შეემთხვა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, არიან დაშავებულებიც.