"ჩემს დედამთილს ძალიან უყვარს რუბრიკა "თქვენთვის ქალბატონებო", ამიტომაც გადავწყვიტე, მისი ამბავი მომეყოლა", - კაფანდარა, ახალგაზრდა ქალი სკამზე ვერ ისვენებდა და ძლივს იკავებდა ცრემლებს. მეგონა, კიდევ ერთხელ მოვისმენდი ბოროტი დედამთილის ამბავს, რომელმაც ახალგაზრდა რძალს და შვილს ოჯახი დაუნგრია. თურმე ვიჩქარე...
ხატია: - დედაჩემი უცხოეთიდან არჩენს ოჯახს. მამაჩემი ლოთია. ბებიაჩემის სიყვარული არ მყოფნიდა და სკოლის ბოლო კლასებში ორ გამოსავალს ვხედავდი, ან დედასთან უნდა წავსულიყავი, ან გავთხოვილიყავი. დედა უცხოეთიდან მითვლიდა - მანდ უნდა დარჩე და ისწავლო, შენთვის ვიდგამ წელებზე ფეხებსო...
მე და გუკა ერთმანეთს პირველად რომ შევხვდით, თვე-ნახევარში დაქორწინება გადავწყვიტეთ. გავიპარეთ, გუკას მამიდასთან, რუსთავში. გაგიჟდა ქალი - რა დროს 17 წლის ბიჭის ცოლიაო. პოლიციას დაურეკა. სანამ პოლიცია მოვიდოდა, გამოვიქეცით და გუკას მეგობრის აგარაკზე წავედით მუხათწყაროში. იქ დავრჩით სამი დღე. მერე გუკამ დედას დაურეკა, - ცოლი მოვიყვანეო. როდესაც მოგვაკითხეს, ჩემს დედამთილს გული წაუვიდა. მაშინ გავმწარდი, მაგრამ ახლა ვხვდები, როგორია, როცა შენი შვილი გყავს გასაზრდელი და უცებ ის მეორე გასაზრდელს მოგაყენებს კარზე. მას გუკა ობლობაში ჰყავდა გაზრდილი.
- ვერ აპატიე ასეთი რეაქცია დედამთილს?
- ვერა. მე ხომ ყველაზე დიდი ეგოისტივით ვიქცეოდი, მიმაჩნდა, რომ გუკას გარდა ჩემი არავის ესმოდა, ყველას ვძულდი და უცებ ამას დაემატა დედამთილი, რომელსაც ჩემს დანახვაზე გული წაუვიდა. მაშინ ვიფიქრე, რომ ალბათ ძალიან მახინჯად ჩამთვალა და ჩემმა დანახვამ შეაშინა. იმ დღიდან გუკას ბებიასა და დედას მონსტრად ვექეცი.
- რას სჩადიოდი ასეთს?
- თავიდან არაფერს, მაგრამ შემდეგ რაზეც ჩემი დედამთილი თბილად, ადამიანურად მეტყოდა, სჯობს ასე გააკეთოო, პირიქით ვაკეთებდი. მაგალითად, თუ ტახტზე მონებივრეს ჩემი დედამთილი მთხოვდა, ცოტა ხნით მაღაზიაში გავალ და შენ კერძს მიხედეო, ბოლომდე ავუწევდი ცეცხლის ალს, რომ ჩამწვარიყო და უდანაშაულო ქალი, რომელიც თავს გვევლებოდა, გამემწარებინა. ვაფუჭებდი ყველაფერს, რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა. საწყალი კარგა ხანს ითმენდა, მერე კი რბილად მისაყვედურებდა ხოლმე, დროა გაიზარდო, ასეთი დაუდევრობა და გულგრილობა არ შეიძლებაო. ამის შემდეგ გუკაც მეჩხუბებოდა, რომელსაც ისტერიკებს ვუწყობდი და შეგნებულად ვამტვრევდი ყველაფერს, რაც ხელში მხვდებოდა. ამან ძალიან გაამწვავა ჩვენი ურთიერთობა.
ერთ დღეEს დედამთილს გამოვუცხადე, თქვენი შენიშვნებით იმდენს იზამთ, რომ ოჯახს დამინგრევთ-მეთქი. სახლიდანაც რამდენჯერმე გავიქეცი. ჩემი თავისგან შევქმენი ტრაგიკული პიროვნება, რომელსაც, პატრონი არ ჰყავდა... ბოლოს, ღამის კლუბიდან მიმასვენეს სახლში. კიდევ კარგი, თურმე იქ მყოფი ბიჭებიდან ვიღაცები გუკას იცნობდნენ და მიპატრონეს.
ამის შემდეგ დედამთილმა დედაჩემს დაურეკა და სთხოვა, იქნებ ჩამოხვიდეთ, თქვენს შვილს ჩვენი არ ესმის, ვერც კი გაგვიგია, რას გვერჩის, რას ვუშავებთო... დედაჩემი დაჰპირდა, მაგრამ დედის დაკრძალვაზე ვერ ჩამოვიდა და ახლა ჩამოვიდოდა? თან მალევე გავიგე, რომ თურმე დედა საბერძნეთში ვიღაცას გაჰყოლია ცოლად და ახალი ქმარი გასაქანს არ აძლევდა. ამან სულ გამაგიჟა... ცოტა ხანში აღმოჩნდა, რომ ორსულად ვიყავი. იმ პერიოდში ცოტა დავწყნარდი. სულ მეძინებოდა. ხელსაც არავინ მიშლიდა, ოღონდ მშვიდად ვყოფილიყავი...
- ბავშვის გაჩენის შემდეგ ალბათ უფრო გეხმარებოდა დედამთილი.
- შესანიშნავად ვგრძნობდი, როგორ უნდოდა დამხმარებოდა, როგორ ცდილობდა ტვირთი შეემსუბუქებინა, მაგრამ ვერ ვიტანდი. მაღაზიაში დავიწყე მუშაობა და 8 თვის ბავშვი დედამთილს მივუგდე, - შენ გაზარდე-მეთქი. გაზარდა კიდეც. ჩემი შვილი ახლა 7 წლის არის, ძალიან კარგად აღზრდილი ბავშვია და ეს დედამთილ=ის წყალობით.
ორი წლის წინ სამსახურში უცებ დავკარგე გონება. მერე იყო უმძიმესი დიაგნოზი, ოპერაცია, სიკვდილის პირისპირ დგომა და ამ საშინელ ყოფაში უცებ დავინახე, რომ არავინ იდგა ჩემ გვერდით, აღარც ქმარი, რომელსაც თავი მოვაბეზრე, დედაც, რომელიც მხოლოდ სამკურნალო ფულს მიგზავნიდა... ჩემი დედამთილი იყო ჩემ გვერდით, ქალი, რომელიც ახალნაოპერაციევს გვირილის ნაყენით მისუფთავებდა თმის ყველა ღერს, მთელ სხეულს მიწმენდდა, რომ სიცხეს და ოფლს არ შევეწუხებინე და მაშინ მივხვდი, რომ მისი სახით ღმერთმა საუკეთესო ადამიანი გამომიგზავნა, მე კი ყველაზე უგუნურად და ბოროტად ვექცეოდი. ხელებს ვუკოცნიდი, მისი გვერდიდან მოშორება აღარ მინდოდა, დღემდე ბოდიშს ვუხდი, არავინ მყავს მასზე ძვირფასი, სულ მინდა რაღაც მეტი გავუკეთო. ამ წერილს რომ წაიკითხავს, ყველაფერს მიხვდება და ამიტომაც მინდა ვუთხრა, - ძალიან გთხოვ, მაპატიე, დედა!
სოფო გამრეკელი
http://www.kvirispalitra.ge/