რატომ უნდა მოვიწყოთ კვირაში ერთხელ ბრინჯით განტვირთვის დღე

ბრინჯს მაღალი კვებითი ღირებულება და სხვა ინგრედიენტებთან - ხორცთან, თევზთან, ბოსტნეულსა და ზღვის პროდუქტებთან - შეთავსების შესანიშნავი უნარი აქვს. ორგანიზმისთვის ის ძალზე სასარგებლოა, ვინაიდან მხოლოდ ენერგოდანახარჯს კი არ ანაზღაურებს, არამედ ცილების, ნახშირწყლებისა და მინერალების მნიშვნელოვან წყაროსაც წარმოადგენს.
ამასთანავე, მცირე ოდენობით შეიცავს ცხიმებს. ბრინჯის შემადგენლობა ასეთია: 0,9 გ ცხიმი, 6,4 გ ცილა, 72,5 გ ნახშირწყლები, 70 მგ კალიუმი, 30 მგ კალციუმი, 38 მგ მაგნიუმი, 104 მგ ფოსფორი 100 გრამში. რაც უფრო მეტად არის დამუშავებული ბრინჯი, მით უფრო ნაკლებია მასში სასარგებლო ნივთიერებების შემცველობა. ამით იგი სხვა მარცვლოვნებს ჰგავს. მედიცინაში ბრინჯი ოდითგანვე გამოიყენება საჭმლის მონელების მოსაწესრიგებლად. ის შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაა გართულებული დიარეის (ფაღარათის) დროს. გარდა ამისა, დადგენილია, რომ ბრინჯის ქატო ამცირებს ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს. ბრინჯში არსებული სახამებლის მონელება ნელა მიმდინარეობს, რითაც, ფაქტობრივად, უზრუნველყოფილია სისხლში გლუკოზის მუდივი გადასვლა და დიაბეტით დაავადებულთა სისხლში შაქრის დონე რეგულირდება. ამ თვალსაზრისით ბრინჯში არსებული სახამებელი დიეტური უჯრედისის როლს ასრულებს. ბრინჯი არ შეიცავს გლუტენს, ამიტომ სასარგებლოა მათთვის, ვისაც ხორბლის აუტანლობა (ცელიაკია, ნაწლავური ინფანტილიზმი) სჭირს. ეს თვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვილებისთვის - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტთა აქტიურობა მათ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აქვთ, ამიტომ გლუტენის შემცველმა ფაფამ შესაძლოა მათ ორგანიზმში ცელიაკიის პროვოცირება მოახდინოს. დიეტოლოგთა უმრავლესობა გვთავაზობს ბრინჯით განტვირთის დღეებს, განსაკურებით მაშინ, როდესაც ზედმეტი წონის პრობლემა გვაწუხებს. ბრინჯში ძალიან ცოტაა ნატრიუმი, რომელიც ორგანიზმში წყალს აკავებს, სამაგიეროდ, მდიდარია კალიუმით, რომელიც ხელს უწყობს ნატრიუმის გამოდევნას. ბრინჯის შემადგენლობაში შედის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი რვა ამინმჟავა. თუ კვირაში ერთხელ მაინც მოაწყობთ ბრინჯის დღეს (შეგიძლიათ, დაამატოთ ნეიტრალური ან ტუტე მინერალური წყალი და არა ცხიმი!), მოიცილებთ ზედმეტ სითხეს და ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტებს. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ძირითადად თეთრი ბრინჯით იკვებება, თიამინის ნაკლებობა აღენიშნება. მურა-ყავისფერი ბრინჯის გარსი შეიცავს კვებითი თვალსაზრისით რამდენადმე მავნე ნივთიერებებს, მაგალითად, თიამინის მჟავას, რომელიც ხელს უშლის რკინისა და კალციუმის ათვისებას. იხილეთ სტატია "ბრინჯი - ჯანსაღი საკვები"