ეკა ამირეჯიბი: "ქმარი თუ არ შეეგუება ჩემს რეჟიმს, ერთად ვერ ვიქნებით"



ტელეწამყვანი ეკა ამირეჯიბი მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, მაგრამ თეატრალურში ჩაბარებაზე არასოდეს უფიქრია. ოცნება ტელევიზიაში მუშაობისას აუხდა. რეჟისორმა გიორგი ლიფონავამ ჯერ მხატვრულ ფილმში "ჭამა და სექსი" გადაიღო, მერე კი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ლიკუნას როლი მისცა. ასე რომ, ეკა რამდენიმე "ფრონტზე" იბრძვის – ტელევიზია, სერიალი, ოჯახური ცხოვრება. ზოგჯერ 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და ასეთი გრაფიკი მოსწონს. კატეგორიული წინააღმდეგია ისეთი ქორწინების, სადაც ერთი მეუღლეთაგანი მეორეს სიყვარულის სახელით რაიმეს უკრძალავს. საბედნიეროდ, ქმარიც, მუსიკოსი გიორგი საბაშვილი, თავისი ჭკუისა შეხვდა და ცოლ–ქმარი სიყვარულს და საქმეს ისე აბალანსებენ, რომ ოჯახური ვალდებულებები რუტინაში არ გადაიზარდოს. 

– ეკა, თქვენს ცხოვრებაში ჯერ ტელევიზია გაჩნდა, მერე მხატვრული ფილმი, შემდეგ – სერიალი. როგორ გახსენდებათ კარიერაში გადადგმული პირველი ნაბიჯები? 
– ტელევიზიაში დაახლოებით 5 წლის წინ მოვხვდი. თავიდან პირდაპირი ჩართვები დამევალა. მანამდე არანაირი სატელევიზიო გამოცდილება არ მქონია, ერთბაშად კი დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა, ჩემი საქმე იყო თემის მომზადება, დეკორაცია, განათება, ტექნიკური მხარე. ბევრი დეტალი იყო, რომელზე ფიქრი და ზრუნვაც მოსვლის დღიდან დამატყდა თავს. ეს მარტივი ნამდვილად არ იყო, მით უმეტეს, რომ "რუსთავი 2"–ში ბევრი ნაცნობი და მეგობარი არ მყავდა. ერთადერთი გეგა ფალავანდიშვილი იყო, რომელმაც დამაკვალიანა და მითხრა, გადაცემა "დილაში" ვაკანსიაა, მიდი, შენ შეგიძლია ამის კეთებაო. ნელ–ნელა ბევრი ფიქრით, ბევრი სირთულით წარიმართა ყველაფერი. ჩემს პირველ პირდაპირ ეთერს ვინც უყურა, მითხრეს, საერთოდ არ გეტყობოდა, გამოცდილება რომ არ გქონდაო. შემდეგ უკვე სტუდიაში დავჯექი და ამასობაში წამომეწია სიახლეები კინოსა და სერიალში. ალბათ სწორედ ესაა ჩემი ყველაზე დიდი გამართლება, რადგან საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი მსახიობია, რომლებიც როლებს ელოდებიან. თეატრალურშიც ამდენი სტუდენტია და ამის შემდეგ როგორ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი ცხოვრების ერთ–ერთი ყველაზე დიდი საჩუქარი არ არის?! მთელი ჩემი ოცნება ყოველთვის მსახიობობას უკავშირდებოდა. 
– თავიდანვე თეატრალურში რატომ არ ჩააბარეთ? 
– რატომღაც არ ჩავაბარე. შეიძლება იმიტომ, რომ მსახიობები არც ჩემი მშობლები იყვნენ და არც ახლობლები. თეატრალურში ჩაბარება ჩემთვის არავის დაუშლია, უბრალოდ, თავისთავად მოხდა ასე. 
– გადასაღებ მოედანზე როგორი ურთიერთობები ჩამოგიყალიბდათ მსახიობებთან, ვისთან დამეგობრდით? 
– ყველას ჩვენ–ჩვენი საქმე გვაქვს, ზოგი თეატრშია, ზოგი ჩემსავით ტელეწამყვანია, ამიტომ ცოტა ჭირს, ყოველდღე სადილზე ან ყავაზე ერთად შეკრება მოვახერხოთ. სერიალზე ძალიან კარგი გუნდი მუშაობს, ფანტასტიკური გოგოები გვყავს – ანი ტყუბუჩავა, მაკა ძაგანია... აბსოლუტურად ყველასთან ვმეგობრობ – ლევან ყოჩიაშვილთან, ვანიკო თარხნიშვილთან... უკვე იმდენი დრო გვაქვს ერთად გატარებული, რომ ვერც კი წარმომიდგენია, ეს ყველაფერი ოდესმე თუ დასრულდება. იყო პერიოდები, როცა დღე და ღამე სულ ერთად ვიყავით. ეს კი მაშინ ხდება, როცა ფილმებს ვიღებთ და თან პარალელურად სერიებს ვაკეთებთ. შარშან ძალიან რთული პერიოდი იყო, დილის 9 საათიდან მეორე დღის გამთენიამდე ერთად ვიყავით და ასე გრძელდებოდა მთელი თვე. ამ ყველაფერმა ერთმანეთთან ძალიან დაგვაახლოვა. 
– სერიალში თქვენს გმირს, ლიკუნას, რთული პერიოდი დაუდგა – ქმარზე ძალიან ეჭვიანობს. როგორ ატყობთ, მისი გადაწყვეტილებები მაყურებელს მოსწონს? 
– ლიკუნას პერსონაჟმა მაყურებელი ცოტა გაანაწყენა. ხშირად მწერენ, რა არის, ლიკუნას ჯაჯღანი ყელში ამოგვივიდაო, თითქოს თვითონ არ უჯაჯღანიათ ან არ ჯაჯღანებენ. ბევრი ქალისთვის კი მისი ამჟამინდელი მდგომარეობა ნაცნობი და მტკივნეულია. ვისაც ეს გამოუვლია, ლიკუნასი ესმის. სიმართლე გითხრათ, ჩემი გმირის დანახვაზე უკვე ცუდად ვხდები, გაგიჟებული ვარ და მინდა, ცოტა გავჩეჩო. 
– თქვენ პოულობთ მასთან რაიმე საერთოს? 
– მე და ლიკუნა ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით. ის უფრო დაუფიქრებელი, ცერცეტია, მე კი მგონია, რომ ცხოვრებაში დიპლომატი ვარ. ყოფილა სცენები, როცა ლიკუნა ჩემს ცხოვრებისეულ შეხედულებებთან წინააღმდეგობაში მოსულა. დიდად არც ვაკეთებ ჩვენ შორის შედარებას, ვერ ვხვდები, რატომ უნდა დავიმსგავსო გმირი. რაც უფრო განსხვავებული იქნება ჩემგან, მუშაობის პროცესი უფრო საინტერესო გახდება. 
– ლიკუნასთან შედარებით თქვენ როგორი ცოლი ხართ? 
– ჩემი გადასახედიდან ამის თქმა რთულია, რადგან შეიძლება საკუთარ თავს ისე ვერ ვაფასებ, როგორც მეორე ადამიანი შემაფასებდა. ყოველდღიურ ცხოვრებაში არის სირთულეებიც, ბევრი სხვა რაღაცეებიც, მაგრამ იმედი მაქვს, ლიკუნას მსგავსად არ ვაჭარბებ. 
– ირაკლისნაირი ქმარი თქვენთვის როგორი ასატანი იქნებოდა? 
– ვისურვებდი, რომ ირაკლისნაირი მოუსვენარი, ცუღლუტი და მხიარული ადამიანი ბევრი იყოს. ასეთები მირჩევნია ზედმეტად გაწონასწორებულ პიროვნებებს, რომელთაც ყველაფერი გაწერილი და დაგეგმილი აქვთ. საერთოდ კი რთულია ხელოვანის გვერდით ცხოვრება, რომელიც სულ თავისი მუზის ძიებაშია, იდეებს აფრქვევს, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს უფრო ასატანია, ვიდრე ადამიანი, რომელიც პრიმიტიულად ცხოვრობს. ასეთთან ერთად ცხოვრებას მირჩევნია, ხურცილავასნაირი იყოს. 
– თქვენი ქმარიც ხელოვანია. მასთან ურთიერთობაც რთულია? 
– ჩვენ შემთხვევაში ყველაფერი დაბალანსებულია, რადგან გაფრენილი ხელოვანი არ არის, რომ ეს ვინმეს აწუხებდეს. მას სხვა პროფესიაც აქვს, ჰობიც და ინტერესებიც, რომლებიც ძალიან იკვეთება ჩემთან, ამიტომ სრული ბალანსია. 
– მაგალითად, რა საერთო ჰობი და ინტერესები გაქვთ? 
– მუსიკის სიყვარული. პირადზე ლაპარაკი არ მიყვარს, ამიტომ ასე გეტყვით, მუსიკის სიყვარული ჩემთვის გადამწყვეტი თუ არა, ერთ–ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანებთან ურთიერთობაში. თუ მუსიკა არ უყვარს, თუ ეს მისთვის მხოლოდ ფონი იქნება და მეტყვის, მუსიკას ჩაუწიე, დავიღალე, ყური მეტკინაო, ჩემთვის წარმოუდგენელი გახდება მასთან ურთიერთობა. გამორიცხულია, ასეთ ადამიანთან რაიმე საერთო ვიპოვო. 
– რატომ არ გიყვართ პირადზე ლაპარაკი? 
– ვერ ვხვდები, რატომ უნდა მიყვარდეს. სატელევიზიო შოუებიდან დაწყებული თქვენი ჟურნალის ფურცლებით დამთავრებული მათ ვუთმობ ასპარეზს, ვისაც პირადზე ლაპარაკი უყვარს. მე რასაც ვაკეთებ, თუ ამან მომიტანა პოპულარობა, ეს სასიამოვნოა, მაგრამ ჩემი პირადით სპეკულირება და პიარი არ მაინტერესებს, პირდაპირ გეტყვით, ფეხებზე მკიდია. გათხოვდა, მოვიდა, საქვეყნოდ ილაპარაკა, მერე დაშორდა, ისევ საქვეყნოდ ილაპარაკა, ისევ გათხოვდა, დაშორდა, ისევ მოყვა... მე არავის ვკიცხავ, მაგრამ არ ვთვლი საჭიროდ, ხმამაღლა ვისაუბრო პირად ცხოვრებაზე. ხალხს უფლება აქვს, აინტერესებდეს და მე მაქვს უფლება, მათ ეს ინტერესი არ დავუკმაყოფილო. 
– მამაკაცებს არ უყვართ, როცა ცოლი სახლში არ არის, როცა ღამეც მუშაობა უწევს. თქვენი ქმარი როგორ ეგუება თქვენს რეჟიმს? 
– არ შეეგუება ის ამას და არ შევეგუები მე სხვა რაღაცას. ეს კი ნიშნავს იმას, რომ წყვილი ერთად ვერ იქნება. ვერ ვხვდები, რა ფენომენია, როცა ერთი ადამიანი მეორეს უკრძალავს იმას, რაც მისთვის საყვარელია, რაზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა, რაც მას ძალიან აბედნიერებს. როცა მის გვერდით ხარ, გინდა, რომ ის ბედნიერი იყოს და ის, რაც აბედნიერებს, როგორ შეიძლება დაუშალო მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არ "გევასება". ვერ დავიჯერებ, ქმარმა ცოლს საყვარელი საქმის კეთება აუკრძალოს და ამის შემდეგ იმ წყვილმა სრულყოფილი თანაცხოვრება გააგრძელოს. ბედნიერი მაშინ ხარ, როცა საყვარელ საქმეს აკეთებ და საყვარელი ადამიანის გვერდით ხარ. შეიძლება განრიგი ვერ ემთხვევა, შეიძლება იწუწუნო, ნახვა გინდოდეს, საყვარელი საქმის კეთება დაუშალო პიროვნებას, ეს იმას ნიშნავს, რომ მასზე უარი თქვა. უინტერესო, უპროფესიო ცოლი რაში უნდა გაინტერესებდეს?! ქალს რაც უფრო მეტად ექნება ამბიცია, ქმარზე არ იყოს ჩამოკონწიალებული, მით უფრო მეტად დააფასებენ, პატივს სცემენ და ეყვარებათ ქმარსაც, შვილებსაც და დედამთილ–მამამთილსაც. 
– მაგრამ ქალს დიასახლისობაც ამშვენებს. თქვენ საოჯახო საქმეების კეთება გეხერხებათ? 
– კი, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ხშირად ვაკეთებ, რადგან სახლში თითქმის არასოდეს ვართ. ყოველდღიურ რეჟიმში წვნიანების და ხორციანი კერძების კეთებას ვერ ავიტან. არ მინდა ისეთი ცხოვრება, დილით რომ ავდგები და ჩემი საზრუნავი ის იქნება, რა ვჭამოთ. მინდა, მაშინ ვაკეთო, როცა ეს მე მინდა და ჩვენ გვესიამოვნება. როცა სადილს ვაკეთებ, მგონია, რომ გემრიელი გამომდის. ასევე ძალიან მიყვარს სახლის ესთეტიკურ მხარეზე ზრუნვაც. ზოგჯერ თვითონ ვღებავ ავეჯს, ვაკეთებ ნივთებს. შარშან მთელი შვებულება ავეჯის შეღებვას და ხეხვას გადავყევი. რაც კი ინტერიერს ეხება, ყველა საქმე მიყვარს. 
საცხოვრებელი ადგილი შენი სარკეა, ის ასახავს, რა გიყვარს, როგორი ხარ, რა მოგწონს, რა არა, ამიტომ მიყვარს სახლის საქმეების კეთებაც, ოღონდ ეს რუტინაში არ უნდა გადადიოდეს. ყოველდღე ვიღაც არ უნდა მეუბნებოდეს, უნდა გახეხო, გარეცხოო და ა.შ. 
– იქნებ სახლში თქვენზე წინ მეუღლე ბრუნდება და საჭმელი არ უნდა დახვდეს? 
– ზრდასრული ადამიანები ვართ და შეგვიძლია, საკუთარ თავს მივხედოთ. ზოგჯერ ამბობენ, ბავშვი რომ მოვა სახლში, საჭმელი უნდა დავახვედროო და ამ დროს ის "ბავშვი" 40 წლის კაცია. ვფიქრობ, 40 წლის კაცს სანდრუშკის და დათუჩუნას არ უნდა ეძახდნენ, საქართველოში ეს ტენდენცია უნდა შეიცვალოს. მოკლედ, მე და ჩემი ქმარი ისეთი უსუსურები არ ვართ, რომ მშივრები დავრჩეთ. 

ქეთი დინოშვილი, ჟურნალი სარკე  

წყარო: sana.ge