კატო კვიციანმა გოჩა ჩერტკოევს პირი დააღებინა



„ცეკვავენ ვარსკვლავებში" გასულ კვირას კონკურსანტები ისტორიულ პერსონაჟებს ასახიერებდნენ. კატო კვიციანმა მეწყვილე რეზიკო რობაქიძეთან ერთად, კოლხი მედეა განასახიერა. 

 წყვილმა „ნელი ვალსი" წარადგინა და ჟიურის მაღალი შეფასება დაიმსახურა. 
ის კი არა, კატომ თავისი ოსტატობით, გოჩა ჩერტკოევი ისე გააოცა, რომ ჟიურის ყველაზე მკაცრმა წევრმა კონკურსანტისთვის არც სიტყვიერი შექება დაიშურა და მის მიმართ აღფრთოვანება ქულებითაც გამოხატა, - კონკურსანტს 10-ანი დაუწერა და უთხრა რომ პირი ღიად დარჩა.

„ადრე გითხარი, ჩუმი ნიჭიერი ხარ და ახლა ვნახე, რომ ძლიერი ნიჭიერი ხდები. ისეთი ილეთები გააკეთე, კორპუსი ისე შეინარჩუნე ცეკვისას, რომ არ დაიშალე და ყოჩაღ! ვერც კი მიხვდი, რა მოძრაობები გააკეთე. მოკლედ, პირი ღია დამრჩა“... 
როგორც კატო კვიციანი ამბობს, მისთვის ეს შეფასება მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო. 
„მაგ სიტყვების მოსმენისას, სერიოზული შოკი მქონდა, ისეთი, რომ ჩემი შვილის დაბადების დღე იყო და ეკრანიდან მილოცვა მინდოდა და თითქოს დავმუნჯდი, ვერ მივულოცე. გიორგი ყიფშიძე რაღაცებს მეკითხებოდა, რა კომენტარს გააკეთებ, ჟიურის შეფასება მოგეწონა? და შოკში ჩავარდნილმა ვერაფერი ვუპასუხე... არ ველოდი ასეთ შეფასებას, მით უმეტეს, გოჩასგან. არ მინდა, ვინმემ ცუდად გამიგოს, მაგრამ მანამადე ჟიური მაინცდამაინც არ მწყალობდა. იმ დღეს კი ერთი ცხრიანისა და 3 10-იანის დანახვისას, კინაღამ დავმუნჯდი...“-ამბობს კვიციანი.