თემურ ქორიძე: „უნდა ახსოვდეს ივანიშვილს, რომ კაცობრიობის ისტორიაში ერთადერთი მესია იესო ქრისტე იყო!“



როგორ ესმით დემოკრატია „ქართული ოცნების" თავკაცებს და რა პერსპექტივა აქვს ახალ ხელისუფლებას გნებავთ არჩევნებზე და თუნდაც სამართლიანობის აღდგენის კუთხით?..

  ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ „ქრონიკა+" ცნობილ ლიტერატორს და ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლს, თემურ ქორიძეს ესტუმრა.


- ბატონო თემურ, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან საუბარი, რადგან გარდა იმისა, რომ განსწავლული ადამიანი ბრძანდებით, აგრეთვე ხართ იმ ეპოქის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი, რომელიც მაშინდელმა საზოგადოებამ ეროვნულ მთავრობად შერაცხა!.. თქვენი გამოცდილებიდან და დღევანდელი გადასახედიდან, რომელ პოლიტიკურ აქცენტებზე გაამახვილებდით ყურადღებას და რას იტყოდით, ზოგადად, ბიძინა ივანიშვილის ფენომენზე, რომელიც ლამისაა, ზვიად გამსახურდიას შეადარეს ტოტალიტარიზმის ურჩხულთან შერკინების თვალსაზრისით?

- უპირველესად მინდა, დიდი მადლობა მოგახსენოთ  ყურადღებისთვის და მეორე, მინდა გითხრათ, რომ თქვენი გაზეთის, „ქრონიკა+"-ის აქტიური მკითხველი გახლავართ. ახლა რაც შეეხება თქვენს შეკითხვას ბიძინა ივანიშვილის თაობაზე... ჟურნალ „ფორბსში" რუსული გამოცემისთვის ბატონი ბიძინა რამდენიმე თვის წინათ თავად საუბრობს საკუთარ თავზე და აღნიშნავს, რომ იგი აღტაცებულია მიხეილ სააკაშვილის პერსონით, ტოვებს მშენებარე სახლს პარიზში და მოსკოვის გავლით მოემგზავრება საქართველოში, რათა საკუთარი პატივისცემა დაუდასტროს ახლად გაპრეზიდენტებულ ახალგაზრდა კაცს!.. იქვე, იმავე ინტერვიუში, ივანიშვილი საუბრობს იმაზეც, რომ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე მან არაფერი იცოდა და მეტიც, 2007-08 წლამდე მას ტელევიზორიც კი არ ჩაურთავს ზოგადი ინფორმაციის მისაღებად!.. ე.ი. როგორც ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან ირკვევა, მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რა პროცესები მიმდინარეობდა საქართველოში 2007-08 წლამდე და მისი ეს ზედაპირული წარმოდგენები მოგვიანებით ქართულ პოლიტიკაზეც მკვეთრად აისახა! ... ბიძინა ივანიშვილი ბრძანებს, რომ 60 წელს მივატანე და ისეთი იმედგაცრუება, როგორიც მარგველაშვილისგან მივიღე, ჩემს სიცოცხლეში არ მიგემიაო, მაგრამ იგი საგულდაგულოდ უმალავს ქართველ საზოგადოებას , რომ მისი პირველი იმედგაცრუება სწორედ მიხეილ სააკაშვილი გახლდათ, რომელსაც მართალია ყველა კაპრიზს კი უსრულებდა, მაგრამ საკუთარ ქვეშევრდომად მაინც ვერ გაიხადა!.. დღეს ბატონი ბიძინას ფავორიტი ირაკლი ღარიბაშვილია, რომელსაც მარგველაშვილისგან განსხვავებით, თურმე, „ორჯერ გამეორება არ სჭირდება" და გარკვეული ფაქტორები რომ არ აჩერებდეს, მარგველაშვილსაც ისე გამოცვლიდა, როგორც სააკაშვილს და ექნებოდა სრული იდილია ყველა მიმართულებით, პარლამენტში იქნებოდა ეს თუ, ზოგადად, ხელისუფლებაში!.. ვიმეორებ, ივანიშვილს მარგველაშვილის შესაცვლელად არც ფიქრი, არც ხანგრძლივი შრომა, მით უმეტეს, ძალისხმევა არ დასჭირდება, რადგან თავადაც კარგად უწყის, რომ მარგველაშვილი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პრეზიდენტი, რომელიც კანონით, საკვანძო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს და ამიტომ მხოლოდ ერთი სატელევიზიო ინტერვიუთი შემოიფარგლა, სადაც თქვა: მარგველაშვილში შევცდიო. ყველაზე გამაოგნებელი კი ის არის, რომ ჩვენ არ ვიცით, ქართული პარლამენტარიზმი რომელი მოდელით ვითარდება, ანუ ვგულისხმობ, - რომელი ქვეყნის მოდელით ვითარდება და საერთოდ , რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვუცქერით ქუთაისიდან, ჰქვია და არის კი საქართველოს პარლამენტი?!. ვერც თქვენ და ვერც ვერავინ დამისახელებს ქვეყანას, სადაც პრეზიდენტს, პრემიერს, მინსტრებს და თვით ქალაქის მერებსაც კი ერთი - პოლიტიკიდან როსტევანივით განდგომილი პიროვნება მართავდეს და ეს ნორმად იყოს მიჩნეული!.. აბა, გაიხსენეთ, როგორ შესთხოვს „ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟი მეფე როსტევანი თავის ვეზირებს: „ჩემი ძე დავსვათ მეფედო", მაგრამ როსტევანის შემთხვევაში, თუ თინათინი უნდა დაესვათ ტახტზე ვეზირებს, ნახეთ, ბიძინას შემთხვევაში როგორ მოხდა? - ჯერ თავისი ერთი ძე - გიორგი მარგველაშვილი დაგვისვა პრეზიდენტად, ხოლო მოგვიანებით, არც ეს იკმარა და მეორე ძე - ირაკლი ღარიბაშვილი ითხოვა ტახტის მემკვიდრედ ნაზირ-ვეზირებისაგან, რომლებიც, რასაკვირველია, უმალ დაეთანხმნენ მის ერთპიროვნულ არჩევანს! არასოდეს დამავიწყდება ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუ ეკა ბერიძესთან, სადაც იგი ამბობს, რომ მას ყველაზე მეტად ხიბლავს „ვეფხისტყაოსნის" სტრიქონი: „რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია". აქ ლაპარაკია იმაზე,რომ მეფე როსტევანი უკვე მეფედ დასმულ თინათინს მამაშვილურად ჭკუას არიგებს და ეუბნება: თუ გინდა დაიმორჩილო შენი ხელქვეითები, გაეცი უხვად და ორგულნიც კი გიერთგულებენო: „უხვსა მორჩილებს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია"... და მინდა გითხრათ, რომ ამ სტრიქონის მოშველიებით ბატონმა ბიძინამ უნებლიეთ გასცა თავისი ზრახვები და იგი ძალიან დაუახლოვდა როსტევანის ხელმწიფურ ანგარიშიანობას!!!

ახლა მოდით, ირაკლი ღარიბაშვილის პერსონაზე ვისაუბროთ და გავიხსენოთ ბატონი ბიძინას მიერ მის მიმართ თქმული სახოტბო სიტყვები, როცა ამბობდა: ერთხელ თქმა ჰყოფნის ირაკლის, გამეორება არ სჭირდებაო... სხვათა შორის, პრემიერისადმი ასეთი გამონათქვამები ძალიან დამამცირებელია, რადგან შესაძლოა, ამა თუ იმ საკითხზე მას აბსოლუტურად სხვა შეხედულება კი ჰქონდეს, მაგრამ იმიტომ, რომ „მამამ" დასვა „ტახტზე", წინააღმდეგობა ვერ გაწიოს და საკუთარი აზრის დაფიქსირებისგან თავი შეიკავოს „ტახტის დაკარგვის" შიშით!.. ჩვენ ყველამ ისიც კარგად ვიცით, რომ 31 წლის ირაკლი ღარიბაშვილს ბიძინა ივანიშვილი ვერ გააპრეზიდენტებდა, რადგან კონსტიტუციით ასაკობრივი შეუსაბამობა გამოვიდოდა, მაგრამ 31 წლის ყმაწვილი პრემიერად რომ დაგვინიშნა, ეს იყო კანონის უზენაესობა?!. აქედან გამომდინარე, ჩვენ XXI საუკუნისთვის წარმოუდგენელი მმართველობის ისეთი ფორმა მივიღეთ, რომელიც დედამიწის არც ერთ მეტ-ნაკლებად ცივილიზებულ სახელმწიფოში არ გვხვდება და გამოდის, რომ საქართველოში უგვირგვინო, თვითმპყრობელი მეფე გვყოლია, ბატონებო და კარგია ეს თუ ცუდი, ამაზე თითოეულ ჩვენგანს ნამდვილად გვმართებს დაფიქრება!.. ამავდროულად, როგორც ზოგიერთი პირმოთნე ჟურნალისტი იტყვის ხოლმე, ქვეყანაში „ნომერ პირველი მოქალაქეც" გვყოლია და, საერთოდ, სირიცხვილია, როდესაც ასეთი ნუმერაციით პირველობის გვირგვინს ასე ხელაღებით მაინცდამაინც მდიდარ კაცს დავადგამთ ხოლმე!!! უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ კაცობრიობის ისტორიაში ერთადერთი მესია იესო ქრისე იყო და როცა ივანიშვილი აგდებით საუბრობს მესიაზე, ეს უპირველესად ქრისტიანული სამყაროს შეურაცხყოფაა და მეორე, მესიების უპირველესი არსი გახლავთ ის, რომ ის ეწირება მსხვერპლად!.. რა თქმა უნდა, თვითშეწირვა, თუნდაც სამშობლოსთვის, ივანიშვილისთვის წარმოუდგენელია, თუმცა კი ხშირად გვეწუწუნება ხოლმე „სიცოცხლე სასწორზე შევაგდე", „დიდი საფრთხე" დამემუქრა სააკაშვილისგანო და ეს მაშინ, როდესაც ჩვენს თვალწინ დაიმსხვრნენ და დაილეწნენ საქვეყნო ინტერესებისათვის მებრძოლი მამულიშვილები, მაგრამ ერთხელაც არ დასცდენიათ, რომ სამშობლოს ვეწირებითო!.. სხვათა შორის, მავანს ისიც კარგად უნდა მოეხსენებოდეს, რომ ჭეშმარიტი მესიანიზმი სწორედ ამგვარ თავმდაბლობას გულისხმობს და არა ისეთს, როგორც ბატონ ბიძინას წარმოუდგენია!.. ალბათ, ყველამ იცის, რომ მე პოლიტიკურ საქმიანობას არ ვეწევი, მაგრამ გულწრფელად და დიდი ბოდიშით მინდა შევკადრო ჩვენს საზოგადოებას, - ფრთხილად მოვეკიდოთ ბიძინა ივანიშვილის ყველა შეთავაზებას, პროგნოზებს და მით უმეტეს, დაპირებებს!.. მოდით, ასეც ვთქვათ, - ბიძინა ივანიშვილს უბადლო ნიჭი აღმოაჩნდა მღვრიე წყალში თევზის დაჭერისა (ვგულისხმობ პოსტსაბჭოურ ანარქიას), მაგრამ დაწმენდილ წყალში როგორ დაიჭერდა თევზებს, ანუ გახდებოდა თუ არა ბიძინა მილიარდერი საფრანგეთში და არა რუსეთში, ამას ვკითხულობ და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ვერ შეძლებდა!!! პირმოთნეობისა და სიბრიყვის ნიშანია ისიც, რომ მავანნი 2012 წლის არჩევნებზე გამარჯვებასაც ბიძინა ივანიშვილს მიაწერენ ხოლმე და ავიწყდებათ , რომ სააკაშვილი უპირველესად თავად სააკაშვილმა დაამარცხა და მას ამ დამარცხებაში კვლავაც სააკაშვილმა შეუწყო ხელი!.. რაღა შორს წავიდეთ, საარჩევნო პროცედურების უცნობილესი სპეციალისტი, ფრანგი მეცნიერი, ჟაკ სეგელა ამბობს: „არჩევნებს იგებენ არა ოპოზიციური პარტიები, არამედ არჩევნებს აგებს ხელისუფლება!" დიახ, მიხეილ სააკაშვილმა არჩევნები წააგო როგორც მორალურად, პოლიტიკურად, ასევე წააგო კალენდარულადაც, რადგან მისი პატრონები მას ხელისუფლებაში აღარ დატოვებდნენ, ძალიანაც რომ მოენდომებინა ქართველ ხალხს!!! გარდა ამისა, რეპრესიების ის მექანიზმი, რომელიც, სხვათა შორის, ევროპამ და დასავლეთმა დაუშვა საქართველოს წინააღმდეგ, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მიერ ვერ მოიმართებოდა ახლიდან და რომ არა იგივე ძალების ძალისხმევა, კიდევ 10 წლით აღარ გახანგრძლივებულიყო ფართომასშტაბიანი ტერორი იგივე ქართველების წინააღმდეგ, ისე დასრულდა, როგორც მოსალოდნელი იყო!!!

- ბატონო თემურ, მუდმივად გვესმის, რომ ბოლოდროინდელ ხელისუფლებებს ევროპა და ამერიკა უჭერენ მხარს, თუმცა შექმნილი რეალობიდან ირკვევა ხოლმე, რომ ესენი სხვაგან კაკანებენ და კვერცხს კი სულ სხვაგან დებენ, ანუ რუსეთში, რაც საქმითაც დასტურდება და თუ გადავხედავთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ და რუსეთისთვის მიყიდულ მთელ რიგ სტრატეგიულ ობიექტებს, ამას ხილულად დავინახავთ! აღარაფერს ვამბობ იმ ყბადაღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, რომელმაც ევროპა ისე შეაზიზღა ხალხს, როგორც არასდროს...

- მოდით, გავიხსენოთ უკვდავი ვესპასიანე რას ეუბნება თავის პროტესტანტ შვილებს, სამოქალაქო ტუალეტებიდან აკრეფილ მონეტებს რომ უჩვენებს მათ და თან იმეორებს: „ყარს ეს ფული?!" ანუ თუ ვესპასიანეს დავესესხებით,  სიბინძურეში აკრეფილი ფულიც კი არ ყარს და რა მნიშვნელობა აქვს მაშინ ხელისუფალთათვის, რუსეთიდან აიღებენ ფულს თუ დასავლეთისგან?!. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ქართველ საზოგადოებას, ვცხოვრობ მათ გვერდით და ზუსტად იგივეს ვგრძნობ, რასაც ისინი განიცდიან, როცა ლხინია ანდა ჭირი, მაგრამ ბატონ ბიძინას რომ ჰგონია, ეს ხალხი პოლიტიკურად უმწიფარი და უმეცარიაო, მთლად მასე არ არის! უფრო სწორად რომ ვთქვა, ბატონი ბიძინა ღრმად ცდება. ახლა რასაც ვიტყვი, ვფიქრობ, უფრო მიესადაგება ქართველობას, ვიდრე ის ეპითეტები, რომლებსაც პოლიტიკოსები დროგამოშვებით იშველიებენ ხოლმე. კარგია ეს თუ ცუდი, არ ვიცი, მაგრამ ღრმად მწამს, რომ ქართველ ხალხს ნაკლებად აქვს იმუნიტეტი პოლიტიკური შარლატანობისა და თაღლითობის მიმართ და ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მგონია, მით უმეტესი კი მაშინ, როცა არჩევნებზე ვლაპარაკობთ!!! ჩვენ ხომ ვიცით, რომ საარჩევნო კამპანიისათვის დამახასიათებელია - სიცრუე, ამომრჩევლისთვის თვალის ახვევა, ზოგჯერ მათი აბუჩად აგდებაც კი, მაგრამ რასაც ქართველი „პოლიტიკოსები" კადრულობენ  არჩევნების წინ, არსად იმგვარი არ ხდება და თქვენ კიდევ გიკვირთ, რომ ჩვენი საზოგადოება წლიდან წლამდე არასწორ არჩევანს აკეთებს ხოლმე?! ხომ უცქირეთ გუშინ ინგა გრიგოლიას გადაცემაში (ინტერვიუ ჩაწერილია 10 მაისს, - ი.გ.), ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენჯერ გაიმეორა: ქალბატონო ინგა, ახლა თბილისის მერი, დავით ნარმანია ალაპარაკეთო?!. ე.ი. აპრიორი, არჩევნები უკვე მოიგეს, მერიც ჰყავთ და თუ ირაკლი ღარიბაშვილს ჰგონია, რომ ღიმილით შესრულებული მისი ეს უწყინარი საარჩევნო ტრიუკი შეუმჩნეველი დარჩა საზოგადოებას, ძალიან ცდება!!! ჩვენ ვიცით, ბატონო ირაკლი, რომ ამ სრულიად „უმნიშვნელო ილეთის" მიღმა მარტივი გათვლა გაქვთ, - აი, ხალხზე გავლენის მოხდენა როგორ უნდა, მთელ ძალაუფლებას მე ვფლობ, მე ვაწესებ თამაშის წესებს და მთელ პოლიტიკურ პროცესსაც მე ვაკონტროლებო!. გახსოვთ, ქალბატონო ირინა, რას ამბობდა არჩევნებამდე ბატონი ბიძინა ივანიშვილი? - მე ყველაფერი გათვლილი მაქვს, მე ვაკონტროლებ სიტუაციასო და ამდენი: „მე, მე, მე.." რა უბედურებაა დემოკრატიის პრეტენზიის მქონე ქვეყანაში?!.. შოთა რუსთველი რომ რუსთველი იყო, ის მხოლოდ ერთხელ ამბობს „ვეფხისტყაოსანში": „მე რუსთველი ხელობითა..."-ო და ღარიბაშვილისგან და ივანიშვილისგან ამდენი „მე" ცოტა უხერხული ხომ არ არის?!! ბატონებო! არისტოკრატულ ოჯახში აღზრდილი ავთანდილიც კი, რომელიც ასევე „ვეფხისტყაოსნის" გმირია, ყოველ ნაბიჯზე თავმდაბლად ეუბნება როგორც ვაჭარს, ისე გლეხს: „მიწამცა თქვენი ავთანდილ"-ო... ანუ მე თქვენი მიწა ვარო და ამდენი ქედმაღლობა ამ ყმაწვილ ხელისუფლებაში რა უბედურებაა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ გვიდასტურებენ თავიანთ „უპირატესობას"?!.

- სიცრუეზე რას იტყვით, რომელიც ასე დამკვიდრდა ქართველ პოლიტიკოსებს შორის?

- საერთოდ, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ჩვენში ასეთი წესი ჩამოყალიბდა, - პოლიტიკოსის აუცილებელ პროფესიულ თვისებად მიჩნეულია მისი დაოსტატება სიცრუეში!.. მოდით, გავშალოთ ეს თემა უფრო და გავიხსენოთ სულხან-საბა ორბელიანს „სიბრძნე სიცრუისა".. სულხან-საბა ყოველ იგავში, როცა სიცრუის სიბრძნეს გვიყვება,; ბოლოს სიცრუე იკარგება და გვრჩება სიბრძნე", მაგრამ მოდით, სულხან-საბას გვერდით ახლა ჰეინეც გავიხსენოთ, რომელმაც თქვა: „ჩვენი პროფესორები პირამიდებს გვანან, ოღონდაც, ერთი განსხვავებით, მათში არავითარი სიბრძნე არ იმალება!.." ჩვენს მატყუარა პოლიტიკოსებშიც ასეა, მათში არავითარი სიბრძნე არ იმალება და ხშირად აღშფოთებასაც კი იწვევს მათი პრიმიტიულობა, როცა რამეს იტყვიან ხოლმე!.. რატომღაც, ასეთები ფიქრობენ, რომ ყველაზე მომგებიანი ხერხი არის სიცრუე და როგორც უკვე მოგახსენეთ, ქართველების აქილევსის ქუსლი ისაა, რომ ჩვენ სიცრუის მიმართ იმუნიტეტი არ გაგვაჩნია!!! დღემდე გვჯერა  და ვერ წარმოგვიდგენია, თაღლითი როგორ შეიძლება იყოს საჯარო პირი და ამის დასტურად ერთ მშვენიერ თქმულებას მოვიშველიებ: ფიზიკურად ძლიერ და კეთილშობილ რაინდს, როცა შურიანმა და ფლიდმა კაცმა ცხენი ვერ მოსტაცა, მაშინ გლახაკის, მათხოვრის ტანსაცმელი ჩაიცვა და რადგან რაინდის გულმოწყალების ამბავი კარგად მოეხსენებოდა, გზაზე დაუხვდა. გამოიარა რაინდმა და ფლიდმა სთხოვა, - შენს ცხენზე ერთხელ მაინც შემსვიო. რასაკვირველია, რაინდი ჩამოვიდა ცხენიდან და შესვა გლახკის ტანსაცმელში ჩაცმული ფლიდი, რომელმაც უმალ ქუსლი ჰკრა ცხენს და გააჭენა, მოტრიალდა და დაუყვირა რაინდს: აი, ხომ მაინც წაგართვი ცხენიო?!. დააკვირდით კეთილშობილი რაინდის სიტყვებს, რომელიც დაადევნა ფლიდს: წაიყვანე ეგ ცხენი, მაგრამ ნურავის მოუყვები, როგორ დაეპატრონე, რადგან ძონძებში ჩაცმული ადამიანის მიმართ ნდობას დაკარგავენ ადამიანები, აღარ შეჩერდებიან მათთან და მოწყალებასაც აღარ გაიღებენო!.. ასე მგონია, მთელი ცხოვრება დავამთავრე, ჩემო ირინა, მაგრამ ქართველი პოლიტიკოსების დარი მატყუარები ჩემს სიცოცხლეში არ მსმენია! როდემდე უნდა იარონ კარდაკარ და როდემდე უნდა გაიტაცონ ამ გულუბრყვილო, გაღატაკებული ხალხისგან უკანასკნელი ხმაც კი, როგორც ეს ტანსაცმელგამოცვლილმა არამზადამ რაინდის მიმართ ჩაიდინა?!. ანდა დააკვირდით, როგორი წინასაარჩევნო პროგნოზები აქვთ, - მეორე ტური უეჭველად იქნება, ამ მეორე ტურში დავრჩებით მე და ნარმანიაო!...

- ეგ ვინ თქვა, ნიკა მელიამ, თუ ვინ?

- ამას ბევრი ამბობს. ამას წინათ „მწვანეთა პარტიის" ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძემაც იგივე ბრძანა, თუმცა მელიაც იგივეს ამბობს და ის სხვა კანდიდატებიც, რომელთა არსებობაც, ალბათ, არც არავინ ვიცით, მაგრამ მთელი უბედურება, მეორე ტურში ვინც დარჩება, ის კი არ არის, არამედ ის, რომ ბიძინამ და ირაკლიმ თქვეს, ნარმანია გახდება თბილისის მერიო და ამაზე მოაზროვნე საზოგადოებას ჯეროვანი პროტესტი არ დაუფიქსირებია!.. არადა, მათი ამდაგვარი მიდგომა ძალიან შეურაცხყოფს საზოგადოებას და ვინც არ მეთანხმება, კი ბატონო, იყოს ნება მისი!!! დააკვირდით, ქალაქში გამოფენილ ბილბორდებს და მიხვდებით, რომ სახელმწიფო რესურსები უხვად იხარჯება როგორც ნარმანიას შემთხვევაში, ასევე მელიას შემთხვევაშიც და საერთოდ, არჩევნები, როგორც დემოკრატიის მონაპოვარი, ახლა ფსიქოლოგიური კუთხით განვიხილოთ და მეტი დამაჯერებლობისთვის კვლავ გენიალურ რუსთველს დავუბრუნდეთ, თუ რას ამბობს იგი ტარიელის პირით, მაშინ, როცა ვეფხვებთან და ლომებთან შეჭიდების შემდეგ მძიმე მდგომარეობა შეექმნა, ნებელობა დაეკარგა და წონასწორობა დაკარგა... ავთანდილი შეახსენებს ტარიელს, რომ მას არ ეკადრება უიმედობა, რომ ის სამეფო ოჯახშია აღზრდილი, ჭკუა-გონებით სავსეა, რომ ის ბრძენია და.შ. მაგრამ დააკვირდით, რას პასუხობს ტარიელი ავთანდილს: „ბრძენი, რა ბრძენი, რის ბრძენი, ხელი ვითა იქმს ბრძნობასა, ეგ საუბარი მაშინ ხამს, თუმცაღა ვიყო ცნობასა" და ამით ტარიელი ავთანდილს ეუბნება: მე, ახლა გიჟი ვარ და სიბრძნეს როგორ მოითხოვ ჩემგანო?.. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ვილაპარაკებ მხოლოდ პირველ პირში და ჩემს თავს ვეკითხები: მე, ამომრჩეველი, უსამსახურო, უპერსპექტივო, ჯანმრთელობაშერყეული, ხვალინდელი დღისადმი უიმედო, ანუ ფსიქოლოგიურ დეპრესიაში ჩავარდნილი, ვარ კი ბრძენი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთო და ჩემი მოქალაქეობრივი ვალი აღვასრულო?!. ნეპოტიზმის და უსამართლობის ამოდენა მასშტაბებს რომ უმუშევარი, უფუნქციოდ დარჩენილი  კაცი შესცქერის, რომელსაც საკუთარი ოჯახის გამოკვების უდიდესი პრობლემა აქვს, ის ბრძნულ და სწორ არჩევანს როგორ გააკეთებს, მითხარით?!.. რამდენიც არ უნდა უარყოს ირაკლი ღარიბაშვილმა, - ჩემი ცოლის ნათესავებს არ ვასაქმებო, ხომ ჯიუტი ფაქტია და ტყუის?!. ევროპის ისტორიას არ ახსოვს, რომელიმე თანამდებობის პირი გადამდგარიყოს და წინსწრებით განცხადება გაეკეთებინოს, - თანამდებობას იმიტომ ვტოვებ, ჩემს ნათესავ პრემიერ-მინისტრს უხერხულობა რომ მოეხსნასო!.. დიახ, ეს განცხადება ზვიად ჯანყარაშვილმა გააკეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან წავიდა იმიტომ, რომ ნათესავ ღარიბაშვილს მედიამ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა - ნათესავები გყავს მაღალ თანამდებობებზე დანიშნულიო!.. ვიმეორებ, ამდაგვარი რამ არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა და თუ ვტყუივარ, აგერ, ბატონო, ენციკლოპედიები და დამიმტკიცონ,რომ ტყუილს ვამბობ და საზოგადოება შეცდომაში შემყავს!

- რა მაგის პასუხია, ბატონო თემურ და ალბათ, თბილისის მერობის თქვენთვის სასურველი კანდიდატი უკვე შერჩეულიც გეყოლებათ, არა?..

- დიახ, მაგრამ ვერ გეტყვით, ვის მივცემ ხმას, ჩემს რჩეულს დიდად არც ოფიციალური რეიტინგები სწყალობენ და არც - მედია! ლუის ნავაროს რეიტინგები თავადაც კარგად ნახეთ, როგორ გადანაწილდა „ოცნებასა" და „ნაცმოძრაობას" შორის, მაგრამ რამდენიმე დღის წინ აღმოჩნდა, რომ „პალიტრა-ტვ"-მ ქუჩაში ჩაატარა ცოცხალი გამოკითხვები, ანუ ხალხს ქუჩაში აჩერებდნენ, ეკითხებოდნენ, ვის აძლევდნენ ხმას და გაირკვა, რომ მერობის კანდიდატ დიმიტრი ლორთქიფანიძეს უჭერდა მხარს გამოკითხულთა შორის 31 ადამიანი, შემდეგ 22 ხმით მოდიოდა ნარმანია, შემდეგ კახა კუკავა და მგონი 9 ხმა მიიღო ნიკა მელიამ „ნაცმოძრაობიდან"!.. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების დაანონსებული გამარჯვება თბილისის მერის არჩევნებზე რადიკალურად განსხვავებულ შედეგებს დებს ქუჩაში რიგითი ადამიანების გამოკითხვისას და როგორც ვიცი, საზოგადოების აზრი ხელისუფლების კანდიდატზე, მაინცდამაინც, კარგი არ არის და წინასწარ როგორ გითხრათ, ამ არჩევნებს ვინ მოიგებს?.. როგორც უკვე მოგახსენეთ, ქვეყანაში მასობრივი დეპრესიაა და ვისზე შეჩერდება დეპრესიაში ჩავარდნილი ხალხის არჩევანი, ამის განსაზღვრა რთულია. ჩემი ღრმა რწმენით, მაინცდამაინც არჩევანის სისწორით ვერც ის ხალხი დაიტრაბახებს, ვისაც თავი ჯანმრთელი ჰგონია!.. შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ თვით ბიძინა ივანიშვილმაც კი, რომელსაც ყველაფერი აქვს, რომელსაც ცოლ-შვილის გამოკვების პრობლემა არ უდგას, ჯანმრთელიც არის და მდიდარიც, ხომ ვნახეთ რომ ვერ გააკეთა სწორი არჩევანი მაშინ, როცა მარგველაშვილზე დადო ფსონი და თქვა, - ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედო და ეს მშიერ-მწყურვალი, საშოვარზე გადებული, გაწამებული ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს?!. აი, ახლა თქვენ ჩემთან, გლდანში ხართ მობრძანებული, ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რაიონში და უნდა ნახოთ საღამოს, რა ამბავია ნაგვით სავსე ურნებთან, საიდანაც ათას ნარჩენებს იღებს მშიერი ხალხი და ურიკით მიეზიდება სახლებში!.. დღე არ გავა, 7-10 მათხოვარი არ მომადგეს კართან, შემოვიყვან ხოლმე და ვეუბნები: თქვენ ჩემისთანა ხელმოკლეებთან კი არა, მდიდრების უბნებში უნდა იაროთ და იქ უეჭველად ერთი-ორი დღის სარჩოს მოგცემენ-მეთქი. იცით, ერთმა ხანდაზმულმა ქალბატონმა რა მიპასუხა? - ვიყავით, ბატონო თემურ, მაგრამ პრესტიჟულ სახლებთან ახლოსაც არ გვაკარებენ და ისევ ღარიბ, მაგრამ გულმოწყალე ადამიანებით დასახლებულ უბნებში დავდივართო!..  აი, ასეთი რეალობაა ჩვენში და ეს მაშინ, როდესაც თითოეულ სარეკლამო ბანერზე და თითოეული კანდიდატის საარჩევნო კამპანიაზე მილიონები იხარჯება!..

-  უღრმესი მადლობა, ბატონო თემურ, ასეთი სიღრმისეული ინტერვიუსთვის, სრულ გამოჯანმრთელებას გისურვებთ და ვიმედოვნებ, რომ თქვენ მიერ ნათქვამ მწარე სიმართლეს ბევრი ადამიანი დაეთანხმება, გაითვალისწინებს და 15 ივნისს იმ არჩევანს გააკეთებს, რაც ჩვენს სამშობლოს ამ უკიდურესი სიღატაკისგან გამოიყვანს. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ და გემშვიდობებით!..


(ირინე გოგოსაშვილი, გაზეთი "ქრონიკა+" )