ბავშვის ქრისტიანული აღზრდისა და ასაკობრივი განვითარების თავისებურებების შესახებ გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიის ქრისტიანული პედაგოგიკის ლექტორი, ქალბატონი ნანა ბიწაძე.
- რომელი ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვის ქრისტიანულ აღზრდაზე ზრუნვა?
- ჭეშმარიტი ქრისტიანი მშობლები შვილის კეთილდღეობაზე მის დაბადებამდე ზრუნავენ - მისი მუცლად მყოფობის პერიოდში შუამდგომლობენ მას ღვთის წინაშე ლოცვებით და გამოითხოვენ უფლისაგან მათი ჯერ კიდევ დაუბადებული შვილისათვის მადლს. დაბადების შემდეგ, რა თქმა უნდა, მშობლებს მიჰყავთ ბავშვი ეკლესიაში და აზიარებენ საღვთო საიდუმლოებებს, რაც თავისთავად უკვე ნიშნავს იმას, რომ მათ უკვე დაიწყეს ბავშვის ქრისტიანულ აღზრდაზე ზრუნვა. რელიგიურ აღზრდაზე ზრუნვა არის ისიც, როდესაც ბავშვს დაჰკიდებენ გულზე ჯვარს ან საწოლთან ხატს დაუკიდებენ, რათა პატარამ თვალის გახელისთანავე შეხედოს მაცხოვარს.
როდესაც ბავშვი იწყებს გონებრივად განვითარებას, უნდა მივაწოდოთ ელემენტარული სწავლება ღვთის შესახებ: ვინ არის ღმერთი, ვასწავლოთ პირჯვრის წერა და მოკლე ლოცვები. ეს არ არის ძალადობა და ამ საქციელით ბავშვს არ ვაიძულებთ, აიღოს ის, რაც მისთვის არ არის ბუნებრივი. ყველა ბავშვს აქვს რელიგიური გრძნობა, რადგან ის გაჩენილია "ღვთის ხატად და მსგავსად" და ჩვენ მხოლოდ ვეხმარებით მას, სწორად შეიმეცნოს უფალი და სწორად განავითაროს თავისი რელიგიური გრძნობები. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ რწმენა სიყვარულით მივაწოდოთ და არა უხეშად. მივაწოდოთ მაშინ, როცა ბავშვის სული განწყობილია ამისათვის.
- რამდენ ასაკობრივ ჯგუფად შეიძლება დავყოთ ბავშვის განვითარება?
- ზოგადად ოთხი ასაკობრივი ჯგუფის გამოყოფა შეიძლება: ბავშვობის I პერიოდი - 6-7 წლამდე; II პერიოდი - 6-7 წლიდან 10-11 წლამდე; მოზარდობის პერიოდი - 11-დან 13 წლამდე და სიჭაბუკისა - 13-დან 19-21 წლამდე.
- რა თავისებურებებით გამოირჩევა ეს პერიოდები?
- ბავშვობის I პერიოდში ბავშვი სავსებით გახსნილია და ადვილად შეიძლება დავნერგოთ მასში ქრისტიანული ფასეულობები; ბავშვი ამას უკრიტიკოდ იღებს.
II პერიოდს, აზროვნების მხრივ, ზოგი "ძველი აღთქმის ხანას" უწოდებს. ბავშვი განწყობილია ყველა იმ წესისა და ტრადიციის შესრულებისაკენ, რაც ოჯახში არის მიღებული და მისი აზროვნება ცოტა პედანტურიც კი არის. ამ დროს მშობლის მოვალეობაა, მხოლოდ გარეგნულად კი არ იყოს რელიგიური, არამედ მის საქციელს სულიერი განწყობაც შეესაბამებოდეს. ამ ასაკში ბავშვი, რომელსაც თვითონ აკისრია გარკვეული მოვალეობები, უკეთ ერთვება ღვთისმსახურებაში. ასეთებია, მაგალითად, სტიქარით მსახურება, გალობა ან კითხვა.
მოზარდობის ხანა ბავშვებისთვის ყველაზე რთულია, რადგან ამ ასაკს თან ახლავს მგრძნობელობის და სიამაყის განვითარება, რასაც შეიძლება მოჰყვეს პიროვნებაში საკუთარი "მე"-ს ცენტრში გადმონაცვლება და ეს, თავისთავად, უარყოფითად აისახება ბავშვის რელიგიურ ცხოვრებაზე. ამ ასაკს "ძე შეცდომილის" ასაკსაც უწოდებენ, რადგან ახალგაზრდა ყველა ადრე არსებული წესის და ნორმის დარღვევას ცდილობს, ცდილობს, თავი დააღწიოს ყველაფერს, რაც მის თავისუფლებას ზღუდავს; ამიტომ თანდათანობით ჭირს ბავშვს მოვთხოვოთ იმის კეთება, რასაც თითქოს დიდი ხანია შეეჩვია: ლოცვების კითხვა, ეკლესიაში სისტემატური სიარული... ამ პერიოდში მშობელს შეუძლია შვილს აგრძნობინოს, რომ ის ოჯახში არის სასურველი პიროვნება, უყვართ, თუმცა კი აწუხებთ მისი სულიერი მდგომარეობა. ამ შემთხვევაში ბავშვი დიდ ყურადღებას აქცევს იმას, რამდენად რჩება ოჯახი ერთგული იმ ტრადიციებისა და რელიგიური პრინციპებისა, რომლებსაც
მას უქადაგებდნენ. ხშირად ამ ასაკისთვის დამახასიათებელია რწმენის დაკარგვა და შინაგანი ტრაგიკული სულიერი მდგომარეობა, რომელსაც მარტოობის მძაფრი განცდა ახლავს თან. სულის ასეთი მდგომარეობა შეიძლება წლობით გაგრძელდეს. ამ მდგომარეობას ვერ ამსუბუქებს ვერც მძიმე ფიზიკური შრომა და ვერც თავაშვებული გართობა, უსარგებლოა ასევე შეგონებებიც. ამ კრიზისიდან გამოყვანა მხოლოდ ჯანსაღ სულიერ ზემოქმედებას შეუძლია. როგორც სანთელი ინთება სანთლით, ისე ინთება რწმენადაკარგული ადამიანის სული ჭეშმარიტ მორწმუნესთან ურთიერთობით. ამ დროს ლოცვა, ხატები, კანდელები და გალობა თავის ნამდვილ მნიშვნელობას იძენს და ადამიანი ხელახლა იბადება სულიერი ცხოვრებისთვის.
რაც შეეხება სიჭაბუკის პერიოდს, მას "რელიგიურობის პერიოდიც" შეიძლება ვუწოდოთ, მაგრამ არა სულიერი ცხოვრების, არამედ უსასრულობისკენ სწრაფვის გამო (ბევრი სწორედ ამ ასაკში იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას). ახალგაზრდა გრძნობს, რომ მზადაა ცხოვრებისთვის. მას მიზანმიმართულება, ამაღლებული გრძნობები და შემოქმედებითობა ახასიათებს, თუმცა გამოუცდელობაც გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს.
ჩვენს დროში ახალგაზრდობის რომანტიკული პათოსი ნაადრევად იცვლება ხოლმე იოლი ცხოვრების და სიამოვნებათა მიღების სიყვარულით. ახალგაზრდა სული "გადაერთვება" ხოლმე თავის თავზე, განკერძოვდება, სწრაფად კარგავს ახალგაზრდული ენერგიის მარაგს და მგზნებარებას და თითქოს ნაადრევად ბერდება.
ასეთ პერიოდში უფროსები უნდა ეცადონ, შეუნარჩუნონ ახალგაზრდებს მაღალი სულიერი მისწრაფებები, სწორად წარმართონ ისინი.
თუ ახალგაზრდა არაეკლესიურია, მან შეიძლება რელიგიური ძალა სწორად ვერ ამოიცნოს ანდა გულის მგზნებარება მსოფლიოში რელიგიის განადგურებასაც მოახმაროს.
- რა მნიშვნელობა აქვს ბავშვის ადრეული ასაკიდან გაეკლესიურებას?
- პიროვნების გაეკლესიურება - ეს არის მისი გადარჩენა და მთავარი პედაგოგიური პრობლემა. ეკლესიაში ბავშვები ადრეული ასაკიდანვე უნდა მივიყვანოთ, მაგრამ მათი დაპურება ეკლესიის მადლით გაცილებით ადრე უნდა დაიწყოს, რადგან როცა ახალგაზრდის შემოქმედებითი ძიებების დრო მოვა, მისი გული მადლისთვის დახშული არ აღმოჩნდეს.
სტატიის ავტორი: ლელა ჩხარტიშვილი