ჯონდი ბაღათურია: მზადდება გადატრიალება, რომლის სათავეში „რესპუბლიკური პარტია“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დგას




„სახეზეა ფარული გარიგება „ქართული ოცნების“ ერთ ნაწილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის“, - განაცხადა „რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული დასის“ლიდერმა. ჯონდი ბაღათურიას თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ ფარული ჩანაწერების გავრცელებით ფარდა ახადა აღნიშნულ ფარულ გარიგებას.


მისი ინფორმაციით, გარიგებაში ჩართულია „რესპუბლიკური პარტიის“ დიდი ნაწილი, „თავისუფალი დემოკრატების“ გარკვეული ნაწილი და „ნაციონალური მოძრაობა“.  ბაღათურიას თქმით, პროცესში ასევე მონაწილეობენ ძალები ქვეყნის გარედან.

„რუსთავი 2 -ის“ მიერ გამოქვეყნებული მასალები თუ დადასტურდა, რომ ხელისუფლების მოპოვებულია, ეს მთავრობის იმპიჩმენტის საფუძველია.  ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული მასალები ინტრიგების დონეზე სალაპარაკო ლოკალური მოვლენა არაა: მზადდება საპარლამენტო გადატრიალება, რომლის სათავეში დგას „რესპუბლიკური პარტია“, „ნაციონალური მოძრაობა“ და ქვეყნის გარე ძალები. რამდენადაც ჩემთვის მისახვედრია, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაც უკვე შერჩეული ჰყავთ და ამ კანდიდატურის ღია, აშკარა ლობირება ხდება“, - განაცხადა ბაღათურიამ.

მისი თქით, ღარიბაშვილის მთავრობის დათხოვნა იმპიჩმენტით შეიძლება არ მოხდეს. ბაღაღურიასგანცხადებით, მთვარობის გადადგომის საფუძველი შეიძლება ქვეყნის გარე ძალებსა და ბიძინა ივანიშვილსშორის შეთანხმება გახდეს.

„თუმცა ამ კვირიდან მე ველოდები, რომ იმპიჩმენტზე ლაპარაკი პარლამენტში დაიწყება. თუ დადასტურდა, რომ მაღალჩინოსნებს მთავრობა უსმენდა, ეს მართლაც გახდება იმპიჩმენტის საფუძველი, თუ, რა თქმა უნდა, სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა ამ მოსმენებს. მაგრამ ძნელი აიხსნას პარლამენტის თავმჯდომარის მოსმენა“, - განაცხადა ბაღათურიამ.


ამასთან, ბაღათურია დასძენს, რომ გადატრიალების შესახებ ინფორმაციის რეალური წყარო არსებობს, რომლის შესახებაც „ქართული დასის“ ლიდერი გასაგები მიზეზების გამო არ საუბრობს. რაც შეეხება გარე ძალებს და პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის ვინაობას, ბაღათურია მათ არ ასახელებს.