დარეჯან ლიპარტელიანი
6 მაისს „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თავის თანამშრომლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და საზოგადოებას აუწყა, რომ ხელისუფლება „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს უსმენს და მათი პრივატული საუბრების შესახებ ინფორმაციას ფლობს. მან აგრეთვე განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია მას შს სამინისტროს ერთ-ერთმა კომპეტენტურმა პირმა მიაწოდა.
გვარამიამ მტკიცებულებისთვის რამდენიმე ჩანაწერი აჩვენა, სადაც ნინო შუბლაძისა და თავად მის სამუშაო კაბინეტში საუბრები იყო ჩაწერილი. მანვე განაცხადა, რომ ეს ჩანაწერი, სავარაუდოდ, გასულ ზაფხულსაა შექმნილი. „ხელისუფლება გვისმენს და განაგრძობს იმ მავნე ტრადიციას, რაც წინა ხელსუფლების დროს ხდებოდა“, - განაცხადა გვარამიამ. მან ბოდიშიც კი მოიხადა იმისთვის, რომ თავის დროზე მონაწილეობდა ფარული ჩანაწერების გავრცელების მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში.
„ვიდრე ძირითად სათქმელს ვიტყოდი, აუცილებლად მინდა გავიხსენო წინა წლები და პირადად ჩემი არც თუ ისე პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით. ჩემის მხრივ, ბოდიში მინდა მოვიხადო იმისათვის, რომ მონაწილეობა მაქვს მიღებული ამ მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში”-განაცხადა ნიკა გვარამიამ.
„რუსთავი 2“-ში აღმოჩენილმა და, შემდგომ, გვარამიას მიერ გავრცელებულმა კადრებმა, საზოგადოებასა და პირადად ჩემშიც ეჭვი გამოიწვია, იმის გამო კი არა, რომ ან შს სამინისტრო, ან ხელისუფლება, ამას არ იკადრებს და ვერ გააკეთებს-მეთქი, არა, მე მათი ადვოკატი არასდროს გავხდები. მაგრამ რატომ უნდა დავუჯერო იმ ადამიანს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში სიცრუისა და სიყალბის ყველაზე ნიჭიერი შემოქმედი და შემსრულებელი იყო. პროვოკაციებისა და დეზინფორმაციის „არქიტექტორი“, რომელიც უამრავ დანაშაულშია ეჭვმიტანილი და თავს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტს აფარებს. ხელისუფლებამ ჩადენილი დანაშაულობებისთვის პასუხი რომ მოსთხოვოს, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ის ჟურნალისტები, რომლებიც დღემდე ფინანსდებიან „ნაციონალური მოძრაობისგან“, ატეხენ ერთ უშველებელს, შეძრავენ ცას და დედამიწას, იტყვიან, საქართველოში თავისუფალი მედია არ არსებობს და ხელისუფლება მასზე ზეწოლას ახდენსო.
ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ტრადიციებს არ უღალატა და გიორგობის დღესასწაულზე მსგავსი განცხადება გააკეთა, როგორც ვანო მერაბიშვილს ჰქონდა ჩვევად ქცეული - ქართველებს დღესასწაულებზე სისხლში აბანავებდა და სასაკლაოს უწყობდა. რატომღაც, ნიკა გვარამიამაც ეს დღე 6 მაისი, გიორგობის დღესასწაული შეარჩია ამ თითქოსდა სენსაციური ინფორმაციის გასახმაურებლად. თუმცა ამასაც თავისი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, ეს საგანგებოდ სამი ქვეყნის - აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრის გადასაფარავად მოაწყო. ასევე საეჭვოა და პოლიტიკურ და შორსგამიზნულ პროვოკაციად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ გვარამია პირველად ნაციონალებთან დაახლოებულ უცხოელ ლობისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა და მტკიცებულებანი გადასცა, შემდეგ კი პრესკონფერენცია გამართა. მას როგორც იურისტს და არა მედია ჰოლდინგის ხელმძღვანელს, ექპერტიზაჩაუტარებელი „პროდუქტი“ არ უნდა წარედგინა მათთვის. თუმცა, ვიდრე ამ ჩანაწერების ავთენტურობა დამტკიცდება - როდინდელია ეს ჩანაწერები, სააკაშვილის ხელისუფლებისდროინდელი თუ ახლანდელი, მანამდე „რუსთავი 2“-მა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. ვიდრე მტყუან-მართალი გაირკვევა, ეჭვი ხომ წარმატებულად დაინერგა საზოგადოებაში? არადა, „ფრიდომ ჰაუსის“ საანგარიშო მოხსენებაში, ქართული მედიის თავისუფლებამ უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია ბოლო 15 წლის განმავლობაში. ეტყობა, „ფრიდომ ჰაუსის“ ეს დასკვნა ყელში გაეჩხირათ ნაციონალებს და მათ რუპორ ტელევიზიას. მიხეილ სააკაშვილის მიერ „ხალხის ტელევიზიად“ გამოცხადებული „რუსთავი 2“ კვლავ სიცრუის, სიბინძურისა და ქვეყნის იმიჯის შემლახველ პროპაგანდას განაგრძობს, ამას კი ნიკა გვარამია წარმატებულად ხელმძღვანელობს.
გვარამიამ თქვა, რომ ეს ფარული ჩანაწერები შს სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მიაწოდა, ცხადია, ადრე თუ გვიან, მას ამ ადამიანის ვინაობის დასახელება მოუწევს. ვეჭვობ, ის ან სამსახურიდან დათხოვნილია, ანდა, კარგა ხანია საქართველოში არ იმყოფება. მოკლედ, იმედია, პროკურატურა ამ საქმეს მიუკერძოებლად და დროულად გამოიძიებს, გაჭიანურების მიზეზად კი პრემიერის მიერ გამოცხადებულ მორატორიუმს არ მოიშველიებს.
ფაქტობრივად, ნიკა გვარამიამ, პრესკონფერენციაზე დანაშაული აღიარა: - „მინდა გავიხსენო წინა წლები და პირადად ჩემი არც თუ ისე პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით. ჩემის მხრივ, ბოდიში მინდა მოვიხადო, იმისათვის, რომ მონაწილეობა მაქვს მიღებული ამ მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში“. ამ განცხადების შემდეგ პრინციპული ხელისუფლება ნიკა გვარამიაზე სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდა, ასევე შეისწავლიდა გვარამიას გენერალური პროკურორის მოადგილეობის, აგრეთვე განათლების მინისტრად მუშაობის პერიოდს. გვარამიას საეჭვო და კანონსაწინააღმდეგო ურთიერთობა ჰქონდა რამდენიმე პრესტიჟული უმაღლეს-სასწავლებლების ხელმძღვანელებთან, გვარამიამ ამ სასწავლებლების უმეტესობა გააკოტრა, ზოგი მათგანი გაყიდა, ზოგგან დღემდე აქვს ბიზნესინტერესი
ამ თემებზე „ექსკლუზივ ნიუსი“ სრულ ინფორმაციას მალე მოგაწვდით.
მივმართავ ხელისუფლებას, რომელსაც ღირსებასა და სამართლიანობის აღდგენაზე პრეტენზია აქვს, გამოიძიოს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ კადრებზე ყველა წვრილმანი დეტალიც კი და საზოგადოებას შეატყობინოს, გავრცელებული კადრები ამ ხელისუფლების დროს ჩაიწერა, თუ მიხეილ სააკაშვილის დროს.
„ექსკლუზივ ნიუსს“ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა განუცხადა: „ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ მიშას დროს ყველა ტელევიზიაში სათვალთვალო და მიყურადების კამერები იყო დამონტაჟებული. „რუსთავი 2“ რომ ამბობს, ეს ჩანაწერი ერთი წლის წინანდელიაო, რით ამტკიცებს, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის დროინდელი არ არის? ეს ნიკა გვარამიამ კარგად იცოდა, მაგრამ მაშინ გამოაჩინა, როცა დასჭირდა. ნიკა გვარამია და მთელი ნაციონალების დაქირავებული ჟურნალისტები გადაირივნენ, „ფრიდომ ჰაუსმა“ რომ გამოაქვეყნა მედიის თავისუფლების შესახებ მკვეთრი სასიკეთო ცვლილება. ამ ავანტიურის ავტორი ნიკა გვარამია, გიგი უგულავა და გიგა ბოკერია არიან. მაგათი ნებართვის გარეშე, ერთი ნიუსი არ გავა. თუ თავისუფალია „რუსთავი 2“, როგორც ამას ნიკა გვარამია ამბობს, მაშინ რატომ ეკითხება ყველა წვრილმანს ბოკერიას და უგულავას? ამ ჩანაწერების შესახებ მზადება ერთ თვეზე მეტია დაიწყო და მაშინ გაასაჯაროვეს, როცა საქართველოში უმნიშვნელოვანესი სამიტი ტარდებოდა: სამი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა იყო დაგეგმილი. ეს ყველაფერი ამ შეხვედრის გადასაფარად მოხდა. ნიკა გვარამია თავისი რამდენიმეკაციანი გუნდით ქვეყნის წინსვლას ხელს უშლის და ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ოცნებობს“, - განაცხად ჩვენმა კოლეგამ.
და ბოლოს, ამ საქმის ობიექტური გამოძიება, ხელისუფლების ღირსების საკითხია.