ნანუკა ჟორჟოლიანს: რატომ სცემა მამაშენმა 2009 წელს ქუჩაში ეროსი კიწმარიშვილი, რატომ არ დაიჭირეს სამართალდამცავებმა ის და რატომ ლაპარაკობ სხვის ძველ ბიჭობაზე, როცა ეს შენს ოჯახშიც თავზე საყრელად გაქვს?!

ნანუკა ჟორჟოლია


დარეჯან ლიპარტელიანი

დავით კოდუას ცემის ფაქტმა ლამის სრულიად საქართველო მოიცვა. ზოგმა გულზე ხელი იბრაგუნა - ახია მაგ ბანდიტისთვის, რაც დაემართაო, ზოგმაც კი სამართლიანობის აღდგენის  ეს ფორმა დაგმო და მომხდარის გამოძიება სამართალდამცავებს მიანდო. ცხადია, მომხდარი, არცთუ სასიამოვნოა, მიუხედავად იმისა, რომ კოდუების ოჯახმა, უამრავ ადამიანს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია. ერეკლე კოდუას თანამდებობრივი მდგომარეობით შეგულიანებულ მისი ოჯახის წევრებს, სრულიად საქართველოს ქონების შთანთქმა სურდათ, სრულიად საქართველოსი ვერა, მაგრამ  მრავალი ოჯახის ცოდვა დაიდეს კისერზე. თუკი ვინმე შეეცდება ეს უარყოს, დოკუმენტებით  დაველაპარაკები.  ვიტყვი იმასაც, რომ მე, პირადად, როგორც ჟურნალისტი და  ამ ქვეყნის მოქალაქე, მართლა ვემიჯნები და ვგმობ ძალადობას, მაგრამ ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო, იმისთვის, რომ კოდუების ოჯახის წევრთა მიმართ მსგავსი ფაქტი არ გამეორდეს და კიდევ არ დატრიალდეს მსგავსი ტრაგედია, დავიწყებ ობიექტურ ჟურნალისტურ გამოძიებას.


„ექსკლუზივ ნიუსი“  მუშაობას იწყებს მოიძიოს დოკუმენტური მტკიცებულებები,  ყველა იმ წართმეული ქონების შესახებ, რასაც კოდუების ოჯახის წევრებს ედავებიან. ხელისუფლებასა და   სამართალდამცავებს მოვუწოდებთ,  აღასრულონ სამართლიანობა და ვიდრე ფატალური შედეგი არ დამდგარა,  ხსენებული საქმეები გამოიძიონ და  ქონების კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნება უზრუნველყონ, მსგავსი ფაქტები თავიდან რომ ავიცილოთ.

დავით კოდუას ცემის ფაქტზე, ცხადია აქტიურობდა მისი რძალი ნანუკა ჟორჟოლიანი, ის გამოძიებას დაეხმარა კიდეც. მისი განცხადებით, აბაშიძის ქუჩაზე, სადაც  დავით კოდუა სცემეს, 8 ვიდეოთვალია დამონტაჟებული, საიდანაც ფაქტის დაფიქსირება შეიძლებოდა. ამის შესახებ  ჟორჟოლიანმა  "რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა:

"არის კითხვები, რაზეც პასუხებია საჭირო. დღეს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ არც ერთი კამერა შემთხვევის ადგილზე არ არის. ჩემმა მეუღლემ, ირაკლი კოდუამ მთხოვა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმეწოდებინა ეს რუკა, მარკერებით მონიშნულია ყველა ის ვიდეოკამერა, რომელიც გადაიღებდა ამ ადგილს და თან ძალიან კარგად. პოლიტიკური სიმპატიები ამ ადამიანის მიმართ გვაქვს თუ არა, ამ უწყებაში ყველა აღიარებს, რომ ოპერატიული სამძებრო სამსახური მან ძალიან კარგად იცის. ამას აღიარებენ დღევანდელ უწყებაშიც. მან ასევე მთხოვა, შსს-თვის გადამეცა კონკრეტული ვიდეოთვალის მიერ ახლოდან გადაღებული სურათები. ეს არის "ტაოპრივატბანკი", "ჯი-პი-სი", მაღაზია "ტრენდი", ეს არის ქუჩაში დაყენებული სათვალთვალო კამერა, "პე-ეს-პე" და კიდევ ერთ-ერთი რესტორანი. სულ 8 ვიდეოთვალი არსებობს".

ნანუკა ჟორჟოლიანმა  ისიც თქვა, რომ: "ბევრს დღეს შურისძიების მოტივაცია აქვს და ის მოტივაცია, რომ წარსულში დაკავებული იყო სოდ-ის მიერ, ეს არის ეშმაკის ბორბალი და თუ ამ ეშმაკის ბორბალზე ვიტრიალებთ, ეს იქნება ძალიან ცუდი ჩვენი შვილებისთვის",
ტელეჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელში წერს, რომ პროკურატურამ ის ვიდეომასალა წარადგინა სასამართლოში, რითიც დასტურდება, რომ დავით კოდუას რამდენიმე ადამიანი სცემდა. "პროკურატურამ წარადგინა ვიდეომასალა, რითიც დასტურდება, რომ დავით კოდუას რანდენიმე ადამიანი სცემდა. 1. ნამორაძემ იცრუა (უკვე მერამდენედ). 2. ყველაფრის მიუხედავად, მინდა ვიყო ობიექტური და მადლობა გადავუხადო ბრალდების მხარეს (პროკურატურას), რომ ეს ვიდეომასალა არ გაქრა და სასამართლოს წარუდგინეს!"

ჟორჟოლიანმა მადლობაც კი გადაუხადა პროკურატურას და იქვე დასძინა: „შურისძიება და ანგარიშსწორება ქუჩაში მიუღებელია და ძველი ბიჭების და ქურდული გაგების დრო თუ მოვიდა გამაგებინოს შს სამინისტრომო“, - განუცხადა ჟორჟოლიანმა „რუსთავი 2“-ს.
საოცარია, ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ამ სიტყვებს ამბობს, რატომ ავიწყდება საკუთარი ოჯახის წარსული?
ყველას კარგად გვახსოვს, მაშინ როცა, კოდუების ოჯახი „გრიმიტობდა“, ნანუკა ჟორჟოლიანის მამამ როგორ სცემა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ეროსი კიწმარიშვილი. ეს  2009 წელს მოხდა, გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც მაშინ დაიწერა, უცვლელად გთავაზობთ:

„ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის მამამ დაადასტურა "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლის, რუსეთში ყოფილი ელჩის, ეროსი კიწმარიშვილის ცემის ფაქტი - მისი "შვილის ღირსების" შელახვის გამო.
9 მარტს ეროსი კიწმარიშვილმა, რომელიც ბოლო დროს ხელისუფლებას აქტიურად აკრიტიკებს, გაავრცელა განცხადება, სადაც გაახმაურა 7 მარტს გუდაურში მომხდარი ფაქტი - "ასეულობით დამსვენებლისა და პოლიციის თვალწინ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის კოდუას ოჯახის წევრებმა".

შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) უფროსი ერეკლე კოდუა ნანუკა ჟორჟოლიანის მეუღლეა. თავად ნანუკა ჟორჟოლიანს, რადიო "იმედში" საავტორო გადაცემა მიჰყავს. მანამდე ის "ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრს" ხელმძღვანელობდა, უფრო ადრე კი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში მუშაობდა.
კიწმარიშვილის განცხადებით, მისი ცემის ფაქტზე, თხოვნის მიუხედავად, სამართალდამცავებს არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ.
"მიმაჩნია, რომ აღნიშნული ინციდენტი ხელისუფლების მხრიდან ინსპირირებული პროვოკაციაა და წარმოადგენს პოლიტიკური ოპონენტისადმი ანგარიშსწორების ფაქტს,"- განაცხადა მან მიმართვაში.
თუმცა ჟორჟოლიანის ოჯახმა განაცხადა, რომ ინციდენტი პოლიტიკასთან კავშირში არ არის და გამოიწვია მათი ნათესავის, კიწმარიშვილის შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა ჟურნალისტის პირადი ცხოვრების თაობაზე.
"მე ვთხოვე (კიწმარიშვილს) აეხსნა, რას ნიშნავდა მისი ბოლოდროინდელი განცხადებები, მაგრამ მივიღე, როგორც მას სჩვევია, ცინიკური და შეურაცხმყოფელი პასუხი", - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ ჟორჟოლიანმა და აღნიშნა: "სილა გავაწანი (კიწმარიშვილს) ხელწაღმა და ხელუკუღმა".
"თუ ოჯახის ღირსების, შვილის ღირსების დაცვა დანაშაულია ამ ქვეყანაში, მე მზად ვარ პასუხი ვაგო კანონის წინაშე,"- განაცხადა მან.
ნანუკა ჟორჟოლიანისა და ერეკლე კოდუას სახელი ფიგურირებს ასევე 2007 წლის თებერვალს მომხდარ საქმეში, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშში აისახა. ანგარიშის თანახმად, კოდუამ მაშინ მისი მეგობრის, ჟორჟოლიანის ტელეფონზე შესული ზარის გამო, სამი უდანაშაულო პირის დაპატიმრებაში, წამებასა და მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში მიიღო მონაწილეობა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა განცხადება, რომ ხსენებული ინციდენტი კერძო დავის საგანია, ამასთან, ეროსი კიწმარიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არცერთი საჩივრით არ მიუმართავს“.

ნანუკა ჟორჟოლიანთან მაქვს ლოგიკური შეკითხვა: ვინ იყო ამ ფაქტის ჩადენის დროს თქვენი მამა, - ძველი ბიჭი? რატომ აირჩია მან ქუჩის და ანგარიშწორების გზა, რატომ არ მიმართა სამართალდამცავებს და რატომ გააწნა სილა ეროსი კიწმარიშვილს, "სილა გავაწანი (კიწმარიშვილს) ხელწაღმა და ხელუკუღმა". ეს მამათქვენის,  ზურაბ ჟორჟოლიანის სიტყვებია. მან ასევე განაცხადა: "თუ ოჯახის ღირსების, შვილის ღირსების დაცვა დანაშაულია ამ ქვეყანაში, მე მზად ვარ პასუხი ვაგო კანონის წინაშე", მან ხომ ფაქტიურად, აღიარა დანაშაული. რატომ არ დააკავეს სამართალდამცავებმა? აბა თუ მიხვდები? იმიტომ რომ, ის ხომ  „დიდი ერეკლე კოდუას“ სიმამრი გახლდათ?!   დაჭერას ვინ აკადრებდა? ჰოდა, რადგან შენი ოჯახის წევრი არის მოძალადე, ხალხს ქუჩაში ძველბიჭურად უსწორდება, აგრეთვე შენი მეუღლე, თანამდებობაზე მუშაობისას, თავისი ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით, სრულიად საქართველოს წინაშეა დამნაშავე, როცა შენი დედამთილიცა და მაზლიც  სხვის ქონებას უკანონოდ ფლობენ, - რატოღა გიკვირთ? მიხეილ სააკაშვილის რეჟიმით წახალისებულებმა  წლების განმავლობაში ინავარდეთ, დიახ, კანონის წინაშე უნდა აგოთ პასუხი და ბევრს ნუ ლაპარაკობ ძველ ბიჭებსა და ძალადობაზე, როცა ეს შენს ოჯახში თავზე საყრელად გაქვს.
კი, ბატონო, გააპროტესტე უსამართლობა, მაგრამ არც შენი დაივიწყო, რადგანაც შენ რომ  გალაღებული ცხოვრებით ტკბებოდი, მაშინ შენი ქმრისგან აწიოკებული ოჯახები სიმწრისგან თავ-პირს იხოკავდნენ და გლოვობდნენ. შენ თუ ამნეზია დაგემართა და არ გახსოვს, უკაცრავად, მაგრამ, ჩვენ გვახსოვს!