КаZантип - სიშიშვლითა და ნარკოტიკებით განთქმული ფესტივალი ყირიმიდან ანაკლიაში გადმოინაცვლებს (ვიდეო)

ელექტრონული მუსიკის მასშტაბური საერთაშორისო ფესტივალი КаZантип ყირიმის ნაცვლად, წელს ანაკლიაში ჩატარდება, - ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ საქართველოს ტურიზმის სააგენტოს თავმჯდომარეზე გიორგი სიგუაზე დაყრდნობით წერს.

ცოტა ხნის წინ უკრაინული მედია წერდა, რომ ყირიმის ახალმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, КаZантип-ის ჩატარების ტრადიციულ ადგილას მონასტერი ააგოს. ცნობილია, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აპირებს ყირიმში საკუთარი, „მართლმადიდებლური ხელოვნების ფესტივალი“ ჩაატაროს.


შეგახსენებთ, რომ ფესტივალის ჩატარებას, განსაკუთრებით ბოლო წლებში თან ახლავს ელექტრონული მუსიკის მოყვარულების თამამი სასიყვარულო სცენების დემონსტრირება, შიშველი სეირნობა სანაპიროზე, საღამოობით კლუბური და მძიმე ნარკოტიკების მიღება, რის გამოც ეს ფესტივალი დაგმობილია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ და სწორედ მისი რეკომენდაციით, ის წელს ყირიმის ნახევარკუნძულზე აღარ ჩატარდება.

ამავე დროს, ნარკოტიკების კონტროლის ფედერალურმა სამსახურმა მზადყოფნა გამოთქვა, ჩაატაროს რეიდები КаZантип-ის მიმდინარეობისას. ეს ფესტივალი დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს ნარკოდილერებსა და ნარკოტიკების მომხმარებლებში.

„ამ წელს საქართველოში ორი, მეტად მნიშვნელოვანი და მასშტაბური ფესტივალი ჩატარდება: «Крымфест» და «КаZантип». მიღწეულია შეთანხმება უკრაინის პრომოუტერ კომპანიებთან, რომ ელექტრონული მუსიკის ფესტივალი «КаZантип» ანაკლიაში, ხოლო «Крымфест» - ბათუმში გაიმართება“, - მოჰყავს „რია ნოვოსტის“ სიგუას სიტყვები.

შეგახსენებთ, რომ «КаZантип» ყოფილი სსრ კავშირის ტერიტორიაზე ყველაზე მასშტაბური, ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელიც 1990-იანი წლების დასასრულიდან ყირიმის ნახევარკუნძულზე ტარდება. ეკლესია ამ ფესტივალის ჩატარების წინააღმდეგ არაერთხელ გამოსულა უკრაინასა და რუსეთში.

გთავაზობთ ფოტოებს КаZантип-2012-დან და ვიდეოს: КаZантип-2013