"ნუში ყველაზე ელიტური კაკალი"




ნუშს სამეფო კაკალსაც უწოდებენ. საერთოდ, ყოველგვარი კაკალი ცილებისა და მინერალების (რკინა, თუთია, მაგნიუმი) წყაროა, ნუშის გული კი, ამასთან ერთად, მდიდარია E ვიტამინით, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს, ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სიმსივნურ დაავადებათა განვითარებას. ნუში კალციუმისა და B ჯგუფის ვიტამინების წყაროც არის.

ნუშის გულს აქვს დამარბილებელი, შემომგარსველი, ტკივილგამაყუჩებელი და კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება. შუააზიურ მედიცინაში შაქარში არეულ დანაყილ ნუშს წარმატებით იყენებენ სისხლნაკლებობისა და ასთმის, ხველის, უძილობის, თავის ტკივილის, ხელ-ფეხის დაბუჟების სამკურნალოდ. ნუშის ზეთისგან ამზადებენ მალამოებს. ნუშის ზეთი ნუშის რძესთან ერთად კოსმეტოლოგიაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ნუშის ზეთი მდიდარია E ვიტამინით, აფერხებს უჯრედთა დაბერებას, აცხრობს კანის ანთებით პროცესებს. ასევე მდიდარია F ვიტამინით, რომელიც ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის ნორმალიზებას, ხელს უშლის ფორების გაფართოებას, უზრუნველყოფს თმის ზრდას, უნარჩუნებს მას ელასტიკურობასა და ბზინვარებას. ნუშის ზეთი გამოიყენება ცელულიტის სამკურნალოდ. რეკომენდებულია მგრძნობიარე და მშრალი კანის გასაწმენდად, ნაწოლების სამკურნალოდ, მშრალი თმის მოსავლელად. ეფექტურია ნაოჭების (განსაკუთრებით - თვალის ირგვლივ არსებულთა) საწინააღმდეგოდ.
რაც შეეხება ნუშის რძეს, მისი მომზადება მარტივად შეგიძლიათ: 10 ცალ ნუშს დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ 5-10 წუთი და შემდეგ გააცალეთ კანი. ძალიან ადვილად სცილდება. კანგაცლილ ნუშს დაასხით 200 მლ წყალი და დააბლენდერეთ. ინახება მაცივარში. ან ნაყენით შეგიძლია გაიწმინდოთ სახე. ასევე იყენებენ ცისტიტის დროს: დალიეთ თითო სუფრის კოვზი დღეში სამჯერ.
იხილეთ აგრეთვე სტატია "ნუში ყველაზე ელიტური კაკალი"