"ოსებმა ისეთი საიდუმლო დოკუმენტები მაჩვენეს, გავოცდი"




ექსკლუზიური ინტერვიუ  ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ეკონომიკის 

ყოფილ მინისტრ თეიმურაზ ჯერაპოვთან:

"სპეციალურად დამტოვეს ქურთაში, უნდოდათ, მოვეკალი ოსებს, რათა მერე ეთქვათ, არაფერი ვიცოდით, აგერ მთავრობის წევრებიც ვერ გამოვიყვანეთო"

"სანაკოევს ვუთხარი: მატყუარებს, ქურდებს და გამყიდველებს ხელს არ  ვართმევ-მეთქი!"

"ცხინვალში კი არა, სადაც უნდა ვიყო და ვინც უნდა მკითხოს,  ვიტყვი, რომ ომი საქართველომ და ქართველმა ხალხმა კი არა, მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო"



2013 წლის 31 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ პატიმრობიდან გაათავისუფლა და ქართულ მხარეს გადმოსცა კაცი, რომელსაც 13 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი თეიმურაზ ჯერაპოვი ცხინვალში 2010 წლის 15 ნოემბერს გაასამართლეს და ბრალი ძალაუფლების ძალადობრივ მიტაცებასა და კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში წაუყენეს. მან ცხინვალის ციხეში 3 წელიწადი და 8 თვე გაატარა. ცხინვალში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2006 წელს აღიძრა, ანუ მას შემდეგ, რაც 2006 წლის ნოემბერში სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული პრეზიდენტის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ამ არჩევნებში დიმიტრი სანაკოევის გამარჯვების შემდეგ ჯერაპოვი ჯერ ეკონომიკური განვითარების მინისტრად დაინიშნა, ხოლო მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია იურიდიულად გაფორმდა, ეკონომიკურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. თეიმურაზ ჯერაპოვი, რომელიც ერთდროულად საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეა, ოსური უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა 2010 წლის აპრილში ჯავის რაიონის სოფელ სინაგურთან დააკავეს. 

თეიმურაზ ჯერაპოვი ვლადიკავკაზში დაიბადა, თუმცა, ოთხი წლიდან ქუთაისთან ახლოს მდებარე სოფელ კურსებში გაიზარდა. ის დღესაც ქუთაისში ცხოვრობს. ამბობს, რომ მისთვის ერთნაირად ძვირფასია ქართველებიც და ოსებიც და თუ თავის დროზე პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას დათანხმდა, მხოლოდ და მხოლოდ ძმების - ქართველებისა და ოსების დაახლოების მიზნით. 

"ომი ქართველმა ხალხმა კი არა, მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო", - განაცხადა თეიმურაზ ჯერაპოვმა ცხინვალში სასამართლო პროცესზე. მაშინ დიმიტრი სანაკოევი გვარწმუნებდა, რომ ის აიძულეს და ის ათქმევინეს, რაც სურდათ, თუმცა, დღესაც უკვე მშობლიურ ქუთაისში მყოფი ჯერაპოვი იმავეს იმეორებს:



- 2008 წლის ომი ჩემთვის უდიდესი მოულოდნელობაც იყო და შოკიც, მეტიც, ჩემთვის ეს დღემდე პირადი ტრაგედიის ტოლფასია. თავდაპირველად, როდესაც პოლიტიკაში მონაწილეობას დავთანხმდი, ვფიქრობდი, რომ ამით ქვეყნის საქმეს გავაკეთებდი - მშვიდობას შევუწყობდი ხელს, მაგრამ...…



2004 წელს, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, ქუთაისის ავტოქარხანაში კომერციულ დირექტორად ვმუშაობდი. იმ ტალღაში, როცა ხალხს იჭერდნენ და ქონებას ართმევდნენ, ჩვენი ქარხნის დირექტორიც მოხვდა, საშინელ დღეში ჩააგდეს, რის შემდეგაც ვლადიკავკაზში წასვლა გადავწყვიტე. იქ და-ძმები და ახლობლები მყავს. მოკლედ, ორი წელიწადი იქ ვიმუშავე. 2006 წელს დამიკავშირდნენ საქართველოდან და სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა მთხოვეს, ქვეყანას სჭირდებაო და მეც დავთანხმდი. არჩევნების შემდეგ ეკონომიკის მიმართულება ჩამაბარეს. მოგეხსენებათ, ჩვენი ადმინისტრაცია ქურთაში იყო, სწორედ იქ ვიყავი ომის დაწყების დღეს. ცხინვალში კი არა, სადაც უნდა ვიყო და ვინც უნდა მკითხოს, ვიტყვი, რომ ომი საქართველომ და ქართველმა ხალხმა კი არა, მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. ამის თაობაზე ცხინვალის ციხეში მოხვედრამდე "ბი-ბი-სისა" და "სი-ენ-ენის" ჟურნალისტებს ველაპარაკე, თუმცა, მათ ინტერვიუს აღებაზე უარი განაცხადეს. ამ საკითხზე ინტერვიუ ერთ-ერთ რუსულ ტელევიზიასაც მივეცი, თუმცა, ჩემდა გასაოცრად, ეთერში არ გავიდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ვიღაც მბლოკავდა. 



დაძაბულობა კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში სულ იყო. 2008 წლის ზაფხულიც ამით გამოირჩეოდა, თუმცა, დაძაბულობის განმუხტვას არავინ ცდილობდა, მაგრამ ომის შესაძლებლობას მაინც არ ვუშვებდი. ახლა ვფიქრობ, რომ ყველაფერი სპეციალურად მოხდა...

- 2008 წლის 7 აგვისტოს ქურთაში ვიყავიო, ბრძანეთ, რა ხდებოდა?
- ჩვეულებრივი დღე იყო. მოსახლეობა სოფლებში იყო, მეც დილიდან სამსახურში გამოვცხადდი. მთელი დღე ვისმენდით ტელევიზიით, რომ ვითარება რთული იყო, მაგრამ სოფელში ეს არ იგრძნობოდა, ხალხი ბაღ-ვენახში მუშაობდა. 7 აგვისტოს გვიან ღამით გამაღვიძეს, თორმეტის ნახევარი იყო. მითხრეს, მამუკა ყურაშვილმა განაცხადა, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას ვიწყებთო. ეგ იყო და, ოდნავ გვიან ცხინვალის მიმართულებით სროლა დაიწყო, აფეთქებების ხმა მთელი ღამე არ შეწყვეტილა. სანაკოევი ბოლო ერთი კვირა ქურთაში არც ჩამოსულა. ადმინისტრაციაში მისი მოადგილე ვასილ სანებლიძე იყო, მას ვკითხეთ, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ, იქნებ ხალხს დახმარება სჭირდება ან იქნებ ევაკუაცია დავიწყოთ-მეთქი. მითხრა, ყველაფერი რიგზეაო... მეორე დღეს, დღის სამი საათი იქნებოდა, სანებლიძის კაბინეტში ვიყავით, როცა შს სამინისტროს ქვედანაყოფების უფროსი მოვიდა, გვარი, სამწუხაროდ, აღარ მახსოვს და გვითხრა, რუსის ჯარი შემოდის, ბრძანება მოვიდა და ჯავიდან უკან უნდა დავიხიოთ, რაც არ მომწონს, რადგან ამგვარი რამ ცუდად მაქვს დაცდილიო. მანვე თქვა, გვითხრეს, რუსის ჯარი ცხინვალში ჩამოვიტყუოთ და აქ დავარტყათო. არადა, გარეთ სიმშვიდეა, რვაში დილიდან გასროლის ხმა აღარ გაგვიგონია.



ევაკუაციაზე ისევ არავინ არაფერს ამბობს, თუმცა, უკვე ვიცით, რომ რუსები შემოდიან და ხალხი ქაოსურად იწყებს გასვლას სოფლებიდან... ამასობაში ხუთი საათი გახდა, უცებ სანებლიძეს დაურეკა ვიღაცამ... ჩვენთან ადმინისტრაციის ტრანსპორტის განყოფილების უფროსიც იყო, გვარად მაისურაძე. სანებლიძემ რაღაც უჩურჩულა, მერე შევიდა ოთახში, ხელჩანთა და ავტომატი გამოიტანა, მითხრა, ჩვენ თამარაშენში მივდივართო და ჩასხდნენ მანქანაში... არადა, თურმე დაურეკეს, სასწრაფოდ წამოდით ქურთიდანო და ესენიც გაიქცნენ, ოღონდ მე არაფერი მითხრეს. ვცდილობდი, გამერკვია, რა ხდებოდა, ვიღას არ ვურეკავდი, მათ შორის კონტრდაზვერვის სამსახურების რამდენიმე უფროსს, კაციშვილი არ მპასუხობდა. ვფიქრობ, სპეციალურად დამტოვეს იქ, უნდოდათ, მოვეკალი ოსებს, რათა მერე ეთქვათ, არაფერი ვიცოდით, აგერ მთავრობის წევრებიც ვერ გამოვიყვანეთო. 



სოფლებიდან ხალხის გაყვანაზე არავის უზრუნია. ჩემმა მოადგილემ მითხრა, ყველა მიდის და ჩვენც წავიდეთო. კიდევ ფეხს ვითრევდი, საღამოს ექვსი საათი იქნებოდა, როცა წამოსვლა გადავწყვიტე. გავუარე იმ ოჯახს, სადაც მანამდე ვცხოვრობდი, ვიდრე ქურთაში ჩვენს საცხოვრებლებს ააშენებდნენ და დიასახლისი და მისი ვაჟი ჩავისვი მანქანაში. გზაზე რომ გამოვედი, დავინახე 5-6 ქალი პატარებით ხელში, გავაჩერე მანქანა, ჩამოვედი, მოადგილეს კი ვუთხარი, ესენი როგორც გინდა, ისე ჩაატიე მანქანაში და გაიყვანე-მეთქი და ისევ ადმინისტრაციის შენობაში დავბრუნდი. საღამოს ასე 8-9 საათი იქნებოდა, ავდექი და ქართული სოფლები ფეხით ჩამოვიარე, უკვე თითქმის ცარიელი იყო იქაურობა, თითო-ოროლა მოხუციღა იყო დარჩენილი, რომლებიც მერე წითელმა ჯვარმა გამოიყვანა. ისევ ჩემმა მოადგილემ დამირეკა, ესენი უკან იხევენ და შენც წამოდი, რაღას უცდიო. დავადექი გზას ფეხით, 26 კილომეტრი ტყვიავამდე ფეხით გადმოვიარე. მახსოვს, წვერიახოზე გავჩერდი, სროლის ხმა ისევ არსაიდან ისმოდა, ცოტა შესაშინებელი სიჩუმეც კი იყო. გულში ვფიქრობდი, სად არის ბრძოლა, რატომ არაფერი ისმის-მეთქი. ორმა სამხედრო მანქანამ გამომასწრო გზად. ომის ნიშანი იყო ის, რომ გზად მიტოვებული სამხედრო ტექნიკა მხვდებოდა. როგორც ჩანს, ჩვენმა ნაწილებმა ჯავასთან ბრძოლის შემდეგ, უკან დახევის ბრძანება მიიღეს. ჰოდა, ჩვენები მოდიოდნენ და მოსდევდნენ რუსები ისე, რომ არავინ ისროდა.



- სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ცხინვალის დაბომბვა იმიტომ გადაწყდა, რომ რუსის ჯარის შემოსვლამდე ქართული სოფლებიდან ხალხის გამოყვანა მოესწროთ...
- ტყუილია. რუსეთის ჯარი 8 აგვისტომდე კაციშვილს არ უხსენებია. არც ევაკუაციის გეგმა ყოფილა, ხალხმა თავისით, ქაოსურად დატოვა სოფლები. როცა პარლამენტში დავითაიას კომისიაზე სანაკოევს ჰკითხეს, რითი ეხმარებოდით მოსახლეობასო, უპასუხა, მანქანებსა და ავტობუსებს ვახვედრებდითო. ერთი ჰკითხეთ, სად ახვედრებდა ან ერთი კაცი მაინც მაჩვენოს, რომელიც მაგათი ორგანიზებით მიყვანილი ტრანსპორტით გამოვიდა. რასაც ამბობენ, თავიდან ბოლომდე სიცრუეა. მერე რაღაცებს რომ ვიხსენებდი, უფრო და უფრო გამიღრმავდა აზრი, რომ ყველაფერი სპეციალურად კეთდებოდა. 



პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან ჩვენი ადმინისტრაციის საკითხებზე სპეციალური კომისია მოქმედებდა. მახსოვს, 2007 წლის სექტემბერი იყო, კომისიის სხდომაზე ნოღაიდელმა გვითხრა, ნელ-ნელა დაიწყეთ და ადგილობრივ მოსახლეობაში ყველა სფეროს მიმართულებით 20-20 კაცი მოამზადეთ, რადგან მალე ცხინვალში მოგვიწევს გადასვლა და სპეციალისტები დაგვჭირდებაო. ვკითხე, როდისთვის-მეთქი, მიპასუხა, ასე, 2008 წლის აგვისტო-სექტემბრისთვისო. უკვე მაშინ იცოდნენ, რომ ომი იქნებოდა. ცხინვალშიც ელოდნენ ომს, ხალხი ქალაქიდან გაიყვანეს. ჩვენი არტილერია, ფაქტობრივად, ცარიელ ქალაქს ბომბავდა მთელი ღამე. როცა ცხინვალის ციხეში მოვხვდი, იქ მიყვებოდნენ ამ ამბებს. ცხინვალში ჩემთან ერთად ერთი ოსი რეციდივისტი იჯდა, რომელსაც საქართველოს ყველა ციხე ჰქონდა მოვლილი. ომის დროსაც ციხეში იჯდა თურმე, დაბომბვის დროს გასაღები მისცეს და პატიმრები გაუშვეს... ის ამბობდა, შემოცვივდებოდნენ ცარიელ ქალაქში ქართველები, მიუშვებდნენ ტყვიამფრქვევის თუ ავტომატის ჯერს უმისამართოდ და ისევ უკან გარბოდნენო. ჩვენი ჯარი სუსტი არ იყო, საბრძოლო ოპერაციები სწორად რომ დაგეგმილიყო, რუსებთან ბრძოლას და დიდი წინააღმდეგობის გაწევას შეძლებდა. კოკოითი 8 აგვისტოს ღამეს ჯავაში გაიქცა, მერე ჯავიდან სადღაც დაიკარგა, ბოლოს რუსის ჯარი რომ შემოდიოდა, იმ დროს გვირაბთან იპოვეს, გარბოდა... 



ქურთიდან რომ გამოვედი, პირდაპირ ქუთაისში წავედი. ერთი სული მქონდა, როდის ჩავიდოდი თბილისში და სანაკოევს ვნახავდი. 19 აგვისტოს რუსები გავიდნენ და მეც ეგრევე ჩამოვედი თბილისში. კაბინეტში თავის სამ ოს ძმაკაცთან ერთად იყო, ერთს "კამეჩას" ეძახდნენ, მეორეს - "დოგს", მესამის მეტსახელი არ მახსოვს. რომ დამინახა, წამოხტა და სიხარულით ხელი გამომიწოდა, ვუთხარი: მატყუარებს, ქურდებს და გამყიდველებს ხელს არ ვართმევ-მეთქი! აყვირდა, მე ვარ გამყიდველიო?!. 
ადმინისტრაციაში კიდევ ექვსი თვე ვიყავი, მერე შტატები შეამცირეს, ეგეც იმიტომ გააკეთეს, მე რომ გამოვეშვი სამსახურიდან...



- ცხინვალის ციხეში როგორ მოხვდით?
- სანამ დამიჭერდნენ, შვიდი თვით ადრე მოვახერხე ცხინვალში ჩასვლა. ამ ომის მერე პასუხისმგებლობას ვგრძნობდი ყველა იმ დაღუპული ქართველისა თუ ოსის წინაშე, ვინც ომს შეეწირა. ველოსიპედით მოგზაურობა ძალიან მიყვარს. ოლიმპიურ კომიტეტს შევუთანხმდი და მათი ეგიდით წავედი სამოგზაუროდ. ჩავედი კიევში, მერე მოსკოვში, იქიდან კი ჩრდილოეთ ოსეთის გავლით ცხინვალშიც. მოვინახულე დაღუპულთა საფლავები და უკან ისე გამოვბრუნდი, არავის გავუჩერებივარ. ეს იყო 2009 წლის 9-11 სექტემბერს. 2010 წლის აპრილში სანქტ-პეტერბურგში გადავწყვიტე წასვლა. რადგან ნორვეგიაში ამოფრქვეული ვულკანის გამო ფრენები არ იყო, გადავწყვიტე, პერევიდან სინაგურში გადავსულიყავი და სამხრეთ ოსეთის გავლით ჩავსულიყავი რუსეთში. სინაგურში ერთი ახლობელი მყავს, იქაური შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომელია, იმას დავურეკე, მითხრა, პრობლემა არ არისო. მართლაც ადვილად გადავედი, მაგრამ ჩემი ჩასვლის ამბავი თურმე იქაურ უშიშროებას გაუგია.



დამაკავეს, ჯერ ჯავაში ვიყავი ცოტა ხანს, მერე ცხინვალში გადამიყვანეს, იქ ხელბორკილიც დამადეს. როგორც მერე გავიგე, ჩემი იქ ყოფნის ამბავი აქედან შეატყობინეს, გვარ-სახელიც ვიცი, ვინც დარეკა, უბრალოდ, ახლა არ ვიტყვი. 



ცოდვას ვერ ვიტყვი, ჩემთვის ხელი არავის დაუკარებია, თუმცა, ჩემთან ერთად იყო ქართველი, პოლიციაში ნამსახურები კაცი, გვარად მიდელაშვილი, რომელიც ახლაც იქ არის. ის მიყვებოდა, რა შავ დღეში ჩააგდეს. ახალგორში დააკავეს, ცხინვალში ჩაყვანის შემდეგ მთელი კვირა საათობით სცემდნენ თურმე. ამბობდა, არაფერს მეკითხებოდნენ, მომდგებოდნენ და მირტყამდნენო. ცხინვალში 25 წელს ზემოთ ყველა ლაპარაკობს ქართულად. გულწრფელად ვფიქრობ, რუსის ჯარი რომ გავიდეს და არავინ ჩაერიოს ჩვენს საქმეში, იმავე დღეს ერთ სუფრაზე დასხდებიან ქართველები და ოსები და კარგად იქეიფებენ. ადმინისტრაციაში მუშაობისას ვეუბნებოდი ოსებსაც და ქართველებსაც, ცხინვალიდან კეხვამდე სუფრა უნდა გავშალო და ერთად ვიქეიფოთ-მეთქი, მჯეროდა ამის, მაგრამ 2008 წელმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. 



ორმოცი დღე იქაური უშიშროების საკანში ვიჯექი, სარდაფში. სულ 6 კვადრატული ოთახი იყო. დიაგონალზე გავლისას სულ ხუთი ნაბიჯი გამომდიოდა, მთელი დღე დავდიოდი, დაახლოებით 20-25 კილომეტრი გამომდიოდა დღეში. გავიხსენე ყველა ჩემი საყვარელი წიგნი. უპირველესად, ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია" და ლევან გოთუას "გმირთა ვარამი", ბევრჯერ მაქვს ორივე წაკითხული, თურმე ლამის ზეპირად მცოდნია. ერთს გეტყვით და აუცილებლად დაწერეთ, ვიდრე მთავრობაში მიიღებენ კაცს, ჯერ "გმირთა ვარამი" უნდა წააკითხონ აუცილებლად...



- დაკითხვაზე რითი ინტერესდებოდნენ ყველაზე მეტად?
- მათთვის რა უნდა მეთქვა, როცა ჩემზე მეტი იცოდნენ. უშიშროების სამსახურის ისეთი საიდუმლო დოკუმენტები მაჩვენეს, რომელიც ჩვენებს მიუტოვებიათ, გაოცებული ვიყავი... ერთი 80 ფოტო მაჩვენეს კიდევ, ლამის ყველგან მე, სანაკოევი და ადმინისტრაციის თანამშრომლები ვიყავით, სხდომებიც კი გადაღებული ჰქონდათ, არ ვიცი, ვინ იღებდა ან რაში სჭირდებოდათ? 40 დღის შემდეგ გადამიყვანეს ციხეში. ძველი შენობაა, გასული საუკუნის სამოციან წლებში აშენებული. თურმე თავიდან გამოსაფხიზლებელი ყოფილა, რომლის უფროსადაც ერთ დროს ზემოხსენებული მიდელაშვილი მუშაობდა. ვეხუმრებოდი ხოლმე, რა იყო, ერთი გვირაბი ვერ გაჭერი-მეთქი? ცხინვალის ციხეში საკნები პატარაა, გაულესავი და ნესტიანი. სულ 4-5 ქართველი იყო, რომელთაც შედარებით გრძელვადიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. ხშირად მოჰყავდათ ეს ე.წ. საზღვრის დამრღვევები, რომელთაც მალევე ათავისუფლებდნენ.



- პატიმრებს შორის ეთნიკური ნიშნით თუ იყო კონფლიქტები?
- მე რომ მივედი, უკვე ნაკლებად, თუმცა, ვინც მანამდე იყო, ამბობდნენ, ახლა ნამდვილი სამოთხეა, ომის შემდგომ საშინლად ექცეოდნენ ოსები ქართველებსო.
ჩემი ციხეში ყოფნისას, ორი ქართველის გალახვას შევესწარი... 



ისე მოხდა, რომ ოსებიც და ქართველებიც პატივისცემით მექცეოდნენ, ამიტომ ზოჯერ კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაში ჩემი სიტყვა ჭრიდა. კვება საშინელი იყო, თუმცა, არაფრის შემოტანას არ კრძალავდნენ, მათ შორის ალკოჰოლისაც. ქალები და კაცები ერთ შენობაში არიან, ფაქტობრივად, ერთი კედელი გვყოფდა. 



- რას იტყვით თქვენს გათავისუფლებაზე, ოსებმა მარეკ დუდაევში გაგცვალეს?
- დანამდვილებით ვერ ვიტყვი. დუდაევი მაისში გაათავისუფლეს, მე - დეკემბერში. მადლობის მეტი რა მეთქმის, პაატა ზაქარეიშვილმა ბევრი იმუშავა. 



- რას ფიქრობთ ქართველებისა და ოსების შერიგებაზე?
- კონფლიქტები მეზობლებსაც მოსდით და ძმებსაც. ჩვენ ისეთი არაფერი დაგვმართნია, სხვასაც რომ არ შემთხვეოდა. ვფიქრობ, შერიგების იქით გზა არც გვაქვს, მაგრამ ამას სწორი პოლიტიკა სჭირდება, ეკონომიკური კავშირების გაძლიერება. ციხეში 300-ზე მეტ ოსთან მაინც მომიწია ურთიერთობამ, ერთი კაციც არ მინახავს რუსეთით კმაყოფილი, მაგრამ ამბობენ, სხვა გზა არა გვაქვსო. ეს გზა ჩვენ უნდა დავანახოთ, ოღონდ ლაპარაკით კი არა, საქმით. ხშირად ვეუბნებოდი პატიმრებსაც და ბადრაგის წევრებსაც, განა რამდენიღა დარჩა სამხრეთ ოსეთში ოსი, ახალგაზრდობა გარბის, მხოლოდ მოხუცები რჩებიან, ეს თაობა მალე წავა, მათ ადგილს ვინ დაიკავებს-მეთქი?.. 



ოსებზე უარესი მდგომარეობა აფხაზებს აქვთ. მათთვის დღეს საქართველოსთან ყოფნა გადარჩენის ტოლფასია. 2008 წელს სააკაშვილი რუსეთზე მუშაობდა. არავის უხეირია იმ ომით, არც ქართველებს და არც ოსებს, რუსეთმა იხეირა. სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან აფუჭებდა ქართველებისა და ოსების ურთიერთობას, შერიგებულები ისევ დაგვაპირისპირა. ან დღეს ვის საქმეს აკეთებს უკრაინაში?! კოდორის ხეობა ვთქვათ, იქ რა უნდოდა რუსის ჯარს? სპეციალურად გაუმზადა ეს ხეობა რუსებს. კვიციანი, ავად თუ კარგად, იმ ხეობას უვლიდა. ამან კი ადგა და შეიყვანა პოლიციელები, რომლებიც ისე გამოიქცნენ იქიდან, ერთმანეთს ასწრებდნენ. სამი ათას პოლიციელზეა ლაპარაკი. არადა, ის ისეთი ხეობაა, შეიძლება სამმა კაცმა შეაკავოს მთელი არმია. დღეს გამოდის დავით ბაქრაძე და ამაყობს... ბაქრაძეს მივმართავ, მაინც რითი ამაყობთ? 2007 წლის 7 ნოემბრით, 2011 წლის 26 მაისით, ან იქნებ 2008 წლის ომით და დახოცილი ბიჭებით? გახსოვთ, როგორ გადააბარეთ რუსებს ახალგორი, კოდორის ხეობა, დიდი და პატარა ლიახვის ხეობების სოფლები, თუ იცით, რა ხდება დღეს ამ სოფლებში? დღეს მათგან მხოლოდ ნანგრევებიღა დარჩა. გახსოვთ ეს ყველაფერი?! თუ გახსოვთ, მაშინ ნამდვილად უნდა "იამაყოთ"! 



ნათია დოლიძე