გიორგი მახარაშვილსა და ირინა ონაშვილს ''ორი ვარსკვლავის'' ფინალამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებთ. ორშაბათს ფინალური სამეული დასახელდება. მანამდე კი წყვილს სარეპეტიციო დარბაზში ვესტუმრეთ. ახლა ორ-ორი სიმღერის სწავლა უწევთ და დასვენებისა და გართობისთვის დრო სულ უფრო ცოტა რჩებათ.
- პროექტის დასაწყისში დიდი კრიტიკა შეხვდა ''ორ ვარსკვლავს'', თქვენ რა დამოკიდებულება გქონდათ ამ ყველაფრისადმი და თუ გთრგუნავდათ ასეთი შეფასებები?
ირინა:
- არა. თითქოს მივეჩვიეთ. ასე ხდება, ახალ პროდუქტს ყოველთვის ჰყავს შემფასებელი. ნაწილს მოსწონს, ნაწილს - არა. კრიტიკასაც გააჩნია. არის ჯანსაღი კრიტიკა, რომელიც უნდა მოისმინო და გაითვალისწინო. ჩვენ მიმართაც რომ ყოფილიყო მსგავსი რამ, აუცილებლად გავითვალისწინებდით.
გიორგი:
- თავიდან ხალხს თავის გამოჩენა უნდოდა. მერე მიხვდნენ, რომ ეს არ იყო მხოლოდ ვოკალის კონკურსი და ისტერიკამაც გადაიარა. ერთხელ გამოვეხმაურე მხოლოდ ამ ამბავს ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე. დააკვირდით პროექტის სახელს, ეს არ არის ვოკალის კონკურსი, ეს არის შოუ, რომლის ყურებისას ხალხი უნდა გაერთოს-მეთქი. დღეს არა მხოლოდ უყურებენ ამ პროექტს, არამედ მღერიან კიდეც ჩვენთან ერთად.
ირინა:
- წარმოიდგინეთ, რომ გამოვსულიყავით და ყველას მომღერლებივით პროფესიონალურ დონეზე გვემღერა, რა იქნებოდა შოუ? მე ოდესღაც ვმდგარვარ სცენაზე, მაგრამ აქ იყვნენ ისეთებიც, ვინც პირველად იდგა სცენაზე. ალბათ მათ განსაკუთრებით სჭირდებოდათ გამხნევება და არა კრიტიკა.
- შენ ''მის საქართველოზე'' ''თბილისო'' შეასრულე, მას მერე თუ გქონია სიმღერასთან შეხება?
- არა. არასდროს გამომიცდია საკუთარი თავი ჯაზში, როკსა თუ სხვა ჟანრში. ის ერთი ''თბილისო'' ვისწავლე, რადგან დამჭირდა. ეს იყო და ეს.
- არაერთი ინგლისურენოვანი სიმღერის შესრულებამ მოგიწია. ტექსტების დამახსოვრება თუ გიჭირს, ენის პრობლემა თუ გაქვს?
- არა, ინგლისური ტექსტების დამახსოვრება, საბედნიეროდ, არ მიჭირს.
გიორგი:
- მე მიჭირს, ოღონდ ინგლისურია ეს თუ ქართული, მნიშვნელობა არ აქვს, ზოგადად ტექსტის დამახსოვრება მიჭირს. ''ჯანაიაში'' ერთ ადგილას ერთი ფრაზა ორჯერ გავიმეორე. თან ისე ბუნებრივად გამომივიდა, მგონი, მეც დავიჯერე, რომ ასე უნდა მემღერა (იცინის). რთულია, სულ რაღაც ერთი კვირა გვაქვს მოსამზადებლად.
ირინა:
- ერთ კვირაში უნდა ისწავლო ტექსტი, დაიმახსოვრო მელოდია, მოძრაობა შეუხამო. არადა, მინიმუმ ერთი თვე გჭირდება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მექანიკურად გააკეთო და იმაზე არ იფიქრო, რომელი ფრაზის მერე რომელი იმღერო და ამ მოძრაობის მერე რა მოძრაობა გააკეთო.
- გიორგი, გაიზარდა ირინა მუსიკალურად პირველი ტურიდან დღემდე?
- ირინა გაზრდილი მოვიდა ამ პროექტში. ყველა სიმღერას ირგებს. ჩემთვის მთავარი არ არის ვოკალური მონაცემები, არც სილამაზე, მთავარია, მაქსიმალურად მოირგო და მოიხდინო სიმღერა. ირინა ყველა ხასიათს ირგებს.
ირინა:
- ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ რეპეტიციაზე ბევრად კარგად ვმღერი, ვიდრე სცენაზე. ამას რუსაც აღნიშნავს.
გიორგი:
- ისე მაგრად ნერვიულობს... სცენაზე გასვლის წინ კანკალებს, ვერც ვუყურებ, ისე განიცდის სცენაზე გასვლას. ბოლო სიმღერის დროს სცენაზე მეკითხებოდა, ვაიმე, ავიღებ იმ ნოტსო (იცინის). ჩვენ სიმღერის დროსაც ვლაპარაკობთ.
- პროექტში წყვილები ხშირად ჩხუბობენ, ლევანი და ნინი ხოცავენ ერთმანეთს...
გიორგი:
- ლურსმანა და ჩაქუჩა (იცინის)? ჰო, ეგენი ხშირად ჩხუბობენ. ჩვენ ძირითადად იმაზე ვჩხუბობთ, რა ვჭამოთ და სად ვჭამოთ.
ირინა:
- ნინი და ლევანი სხვადასხვა გემოვნებისანი არიან, თუნდაც რეპერტუარში. ჩვენ ამდენი ტური ისე გამოვიარეთ, რეპერტუარზეც არ გვიჩხუბია. ერთმანეთს ვუთმობთ, კონფლიქტური ადამიანები არ ვართ. ერთადერთი გიორგიში ის მაღიზიანებს, რომ რეპეტიციაზე ძალიან უბრალოდ, ჩვეულებრივად მღერის და მერე სცენაზე ისეთებს ატარებს, გული მისკდება (იცინის), მე პირიქით ვარ, მშურს.
- გიორგი, ჟიური კეთილგანწყობილია შენ მიმართ, განსაკუთრებით უყვარხარ იას, თეონას...
ირინა:
- რთულია, გიორგი არ გიყვარდეს. სცენაზე რომ დადგება ეს ორმეტრიანი ბიჭი და ასეთ ხმას ამოუშვებს, თან დადებითი ტიპია, ზრდილობიანი, არასდროს არაფერი ეშლება, მით უმეტეს ქალთან ურთიერთობაში.
გიორგი:
- გულწრფელები ვართ სცენაზე და აქედან მოდის ალბათ სიყვარულიც, თორემ განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. კონტრიძემ კი თქვა ერთხელ, გუშინ ელარჯი რომ ვჭამეთ, იმიტომ არ გიწერ ათიანსო, მაგრამ ასეთი ურთიერთობებით ნამდვილად არ ვსარგებლობ.
ირინა:
- მეც მივირთმევ ხოლმე თეონასთან ერთად, მაგრამ გიორგივით მაინც არ ვუყვარვარ (იცინის). ზოგჯერ ისეთი მუსიკალური ტერმინებით მაძლევს შენიშვნებს, ვერც ვიგებ, რას მეუბნება, თარჯიმანი მჭირდება. რატომ ჰგონია, რომ მე ეს ყველაფერი უნდა ვიცოდე, არ ვიცი. ვისურვებდი, უფრო გასაგებად აეხსნა. ზოგადად, ჟიურის შენიშვნები მისაღებია ჩვენთვის, საწყენი არაფერი უთქვამთ.
- ბუნებრივია, ოჯახის წევრები გგულშემატკივრობენ. განსაკუთრებით ვინ ნერვიულობს?
გიორგი:
- დედაჩემი. მეუბნება, რამდენჯერმე ვახვევ, რომ მოვისმინო, რა იმღერე, პირველი ნახვისას არაფერი მამახსოვრდებაო.
ირინა:
- ჩემთანაც დედა ნერვიულობს ყველაზე მეტად, მერე - ჩემი დები. ჩემი ქმარი მეუბნება, ნერვები მეშლება, სულ სამეულში რომ დგახარო. ამ ბოლო დროს მართლა ტრადიციად გვექცა, სულ აუტსაიდერებში ვდგავართ. კონცერტის ბოლოს პირველი გიორგის დედის მესიჯი მხვდება ტელეფონში და ისეთი თბილია ხოლმე... კომპეტენტურად გვაფასებს.
- ლადო არ გაკრიტიკებს?
- კი. უნდა, გამოსვლისას უფრო გახსნილი ვიყო. სახლში, სამეგობრო წრეში თავისუფალი ხარ, ცეკვავ და იქ რატომ იძაბებიო, მეუბნება. ვერ ამიხსნია, რა მემართება.
- გიორგი, შენი ფანი გოგონები ხომ არ ეჭვიანობენ ირინაზე?
- ირინაზე რატომ უნდა იეჭვიანონ? ირინას ჰყავს ლადო და არაჩვეულებრივი შვილი. ვინც იეჭვიანებს, ის მაგარი საწყალი უნდა იყოს. გოგონები არ ვიცი, მაგრამ ჩემი ძმაკაცები კი ეჭვიანობენ ირინაზე (იცინის). ამ პროექტის გამო ფაქტობრივად, ჩემი მეორე ოჯახი მივატოვე. თავიდან, როგორც გართობას, ისე ვუყურებდით ამ ყველაფერს, მაგრამ მთლად ასეც არ ყოფილა. საკმაოდ დიდი დრო და ენერგია მიაქვს. ახლა უკვე დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით საქმეს.
ირინა:
- გიორგის ფანი გოგონების მადლიერიც ვარ. მათი დამსახურებაც არის, დღეს კვლავ პროექტში რომ ვართ.
- გიორგი, შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- არსებობს გოგონა, რომლის მიმართაც სიმპათიები მაქვს. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''