იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ სოფო ზურებიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:
„იუსტიციის მინისტრი და სამინისტროს სისტემის თითოეული თანამშრომელი ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ჩვენი თანამშრომლის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის სპეციალისტის, 27 წლის სოფო ზურებიანის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს.
სოფო ზურებიანი იყო აქტიური, თავდაუზოგავი, სიცოცხლით სავსე ადამიანი, რომელიც წარმატებით ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას და აქტიურად მონაწილეობდა ყველა იმ სოციალურ პროექტში, რომელშიც ჩართული იყო საჯარო რეესტრი. სააგენტოში იგი 2007 წლიდან მუშაობდა.
რასაკვირველია, ეს საზარელი მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება. ამასთან, ყველანი ვიმედოვნებთ, რომ სიცოცხლეს შეინარჩუნებს სოფოს დაჭრილი ძმა - თემზა ზურებიანი, რისთვისაც ძალისხმევას არ იშურებენ ექიმები და ჩვენი კოლეგები ჯანდაცვის სამინისტროდან", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 1982 წელს დაბადებული ალექსანდრე ც. თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 14 მაისს, თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილ მეუღლეს და მის ძმას ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებულის მეუღლე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.