ერთ-ერთმა უცხოურმა საიტმა გამოაქვეყნა მიტოვებული ადგილები მსოფლიოს მასშტაბით, რომელთა ხილვა ნამდვილად „აგითამაშებთ უხილავ ჭიანჭველებს სხეულზე“ და კიდევ ერთხელ გაგრძნობინებთ, როგორი ულმობელია დრო. ამ 25 ძალიან საინტერესო ფოტოს შორის აფხაზეთიც აღმოვაჩინეთ. გთავაზობთ საუკეთესო ათეულს...
1. ეს პატარა დასახლება, სახელად კოლმანსკოპი, ნამიბიაშია. 1900-იან წლებში, იქ ძალიან ბევრი გერმანელი ჩადიოდა, ვინაიდან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ეს ტერიტორია მდიდარი იყო ბრილიანტებით. 1950-იანი წლებისთვის, როდესაც მარაგი ამოიწურა, ქალაქი გაუკაცრიელდა და უდაბურად იქცა, ახლა მას მხოლოდ ფოტოგრაფები და ტურისტები სტუმრობენ.
2. 102 წლის მოტივტივე ტყე ავსტრალიაში, კერძოდ, სიდნეიში შეგხვდებათ. ეს არის გემის კორპუსი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დემონტაჟისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ის და კიდევ რამდენიმე გემი დემონტაჟს გადაურჩა და ახლა ერთ-ერთ მათგანზე, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, მცენარეები გაიზარდა.
3. ეს მცირე ციხე-სიმაგრეები აშენდა მეორე მსოფლიო ომის დროს დიდ ბრიტანეთში ქვეყნის დასაცავად, კერძოდ, გერმანელებისგან საჰაერო შეტევის შემთხვევაში. 1950 წელს მას თავდაპირველი ფუნქცია მოეხსნა, შემდეგ კი სხვადასხვა მიზნისთვის იყენებდნენ.
4. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰოლანდიის კუნძულის უკანასკნელი სახლია გამოსახული მომდევნო ფოტოზე. ის იყო პატარა კუნძულის დასახლების ნაწილი, თუმცა ყოველ წელთან ერთად, კუნძულზე უფრო ნაკლები ადგილი რჩებოდა საცხოვრებლად. ეს გახლდათ სწორედ ბოლო სახლი, სანამ კუნძული არ აღიგავებოდა პირისაგან მიწისა 2010 წელს.
5. პრიპიატი 1970 წლის 4 თებერვალს დაარსდა, როგორც საბჭოთა ატომ-ბირთვული ქალაქი, უკრაინისა და ბელორუსის საზღვართან. სწორედ აქ ცხოვრობდა უმეტესობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში მუშაობდნენ. პრიპიატი ჩერნობილში ზემოხსენებული ელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ განადგურდა. იქ, რასაკვირველია, არავინ ცხოვრობს... პრიპიატი კი ქალაქ-მოჩვენებასავითაა და იქ სტუმრობა მხოლოდ სპეციალური ტურების ფარგლებშია შესაძლებელი.
6. ეს ხომალდი-იახტა ანტარქტიდის „საკუთრებაა“. ბრაზილიური გემი ასე ჩაიძირა და გაიყინა, ფოტოგრაფმა კი სურათზე ასახა.
7. ნიუ ბედფორდის მიტოვებული თეატრი, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია ძველი დიდების სხივი, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, მასაჩუსეტსის შტატში მდებარეობს. თეატრი 1912-1959 წლებში მოქმედებდა, შემდეგ ხან სუპერმარკეტად გადაკეთდა, ხან თამბაქოს ყიდდნენ. ახლა კი ცდილობენ, თანხა შეგროვდეს მის აღსადგენად.
8. მიტოვებული წყალქვეშა ქალაქი ჩინეთში, შიჩენგი, თითქოს დროის მძევალია. მისი ისტორია 1341 წელს ითვლის. შიჩენგი, ანუ „ლომის ქალაქი“ აღმოსავლეთ ჩინეთში მდებარეობს. ის ერთ-ერთი ელექტროსადგურის მშენებლობისას აღმოაჩინეს. წყალი კარგად იცავს ქარის და სხვა გარემო პირობების ზემოქმედებისას, ამიტომაც ის საკმაოდ კარგ კონდიციაშია შემონახული.
9. ეს გახლავთ ულამაზესი მიტოვებული ეკლესია სნოუში, კანადაში.
10. დაბოლოს, როგორც საიტი წერს, საქართველოსა და რუსეთის დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, აფხაზეთში მომხდარმა ომმა ეს ადგილი გააუკაცრიელა, თუმცა სოხუმის რკინიგზის სადგურს, ჯერ კიდევ აქვს განვლილი დიდების ელფერი და თუკი სტატიის სათაურსაც დავეყრდნობით, შეძლებს, ჟრუანტელი მოგგვაროთ...
კესო ლაღიძე
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის