ვახო სანაია მთავრობას პასუხობს



საქართველოს მთავრობა ჟურნალისტ ვახო სანაიას იმ გადაცემისთვის აკრიტიკებს, რომლის მთავარი თემაც "ქართული ოცნების" დაპირებები იყო.


"ძნელია, მიუკერძოებელი ეწოდოს ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთ გადაცემას, რომელსაც ჟურნალისტი ვახო სანაია უძღვებოდა. თავის საავტორო გადაცემაში ჟურნალისტმა მაყურებელს მთავარ თემად შესთავაზა "ქართული ოცნების" დაპირებები, რომელთაგან გამოყო სოციალური საკითხები, სამართლიანობა, საგარეო პოლიტიკა. სიუჟეტები ატარებდა აშკარად ტენდენციურ ხასიათს. გადაცემის მსვლელობისას, ჟურნალისტი ცდილობდა, შეექმნა სურათი, თითქოს ხელისუფლებამ არც ერთი დაპირება არ შეასრულა. ამ სიცრუის გამყარებისთვის მან ქუჩაში ხალხის გამოკითხვის ხერხსაც მიმართა და ისეთი პასუხები შეარჩია, რომელიც გადაცემის მთავარ ხაზს გააძლიერებდა.


ობიეტურობაზე პრეტენზიის მქონე ჟურნალისტს, ალბათ, არ უნდა გამორჩენოდა, რა მძიმე მემკვიდრეობა დახვდა ახალ ხელისუფლებას და ორ წელიწადში უკვე არსებობს თვალსაჩინო შედეგი, რომელსაც ყოველდღე გრძნობს მოსახლეობა. ხალხი ხედავს, რომ სწორედ ამ ხელისუფლებამ გაათავისუფლა სასამართლო და არ ერევა მის გადაწყვეტილებებში; გაათავისუფლა ბიზნესი, მედია;

გათავისუფლებულია ათასობით პატიმარი, გაზრდილია სოციალური დახმარებები, განხორციელდა ჯანდაცვის რეფორმა (შემოღებულია საყოველთაო დაზღვევა), რომელიც მსოფლიო ბანკმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ წარმატებულად აღიარეს. ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვით ასობით ათასმა ადამიანმა უკვე ისარგებლა, C ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამა 60%-მდე უმცირებს მკურნალობის ხარჯებს დაავადებულებს. საქართველო მსოფლიო რეიტინგში მეორე იქნება, სადაც C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალება მოქალაქეთათვის ყველაზე დაბალ ფასად იქნება ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება განათლებას, ამოქმედდა განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომლის დახმარებითაც ქვეყანას 5 წელიწადში ეყოლება საერთაშორისო განათლების მქონე, მაღალკვალიფიციური კადრები. განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით, მოქმედებს უფასო სახელმძღვანელოების და უფასო ფაკულტეტების პროგრამა. წარმატებით მიმდინარეობს სოფლის დახმარების პროგრამა, რომლითაც ასევე ასობით ათასმა მოქალაქემ ისარგებლა. გასულ წელს 700 000 ოჯახი, წელს კი 800 000 ოჯახი ჩაერთო სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამაში. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, დაკავებულია არაერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, რომლებსაც ბრალი აქვთ წაყენებული უმძიმესი დანაშაულისთვის.

იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე და არანაკლებ მძიმე პოლიტიკური ბრძოლებისა და კოჰაბიტაციის პირობებში, ცხადია, ვერ იქნებოდა მიღწეული ყველა სასურველი შედეგი. თუმცა, აშაკარად ჩანს პოზიტიური ტენდენციები და 4-წლიანი ციკლისთვის მთავრობის დანაპირების შესრულება სრულიად რეალისტური და ოპტიმისტურია.

ჩვენ არ გვაქვს პასუხი, რა მოტივაცია ამოძრავებდა ტელეკომპანია "მაესტროს" და მის ჟურნალისტს, რომ ტენდენციურად წარმოეჩინა რეალობა. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ საზოგადოება თავად განსჯის და შეაფასებს, რას ენდოს და რას - არა," - ნათქვამია მთავრობის სპეციალურ განცხადებაში.



http://www.etanews.ge/