აკე პატარაიასა და ანა მალაზონიასდუეტი ''X ფაქტორის'' მესამე ეტაპზე გადავიდა. ახალბედა ცოლ-ქმრის დუეტი მენტორმა სოფო ტოროშელიძემ საუკეთესო ოთხეულში შეიყვანა. ახლა წყვილს წინ ლაივკონცერტები დარჩა.
- აკე, როცა ''მაგთიფანში'' მონაწილეობდი, ცოლი არ გყავდა. მაშინ შენ და ანა შეყვარებულები იყავით. მოგვიყევი, როგორ გაიცანით ერთმანეთი?
- ერთმანეთი 7 წლის წინ სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანით, მაგრამ ეს მხოლოდ ვირტუალური ურთიერთობა იყო, ჩვენს გულის ტკივილებსა და დეპრესიებს ვუზიარებდით ერთმანეთს. ორივე ბათუმიდან ვართ. სამი წლის წინ, ზაფხულში მეგობრები ხშირად ავდიოდით მწვანე კონცხზე. საერთო მეგობრები აღმოგვაჩნდა და ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე ანაც მოვიდა. მომეწონა, რაღაცნაირი ხიბლი მოდიოდა მისგან, რაც მიზიდავდა.
- ანა რომ მღეროდა, იცოდი?
- კი, მის ერთ-ერთ კონცერტზეც ვარ ნამყოფი, ბათუმში სტაჟიანმა როკერებმა გააკეთეს. მაშინ უფრო გაბედული იყო, მძიმე როკს მღეროდა. სამწლიანი ურთიერთობა გვქონდა. 8 თვის წინ გა-დავწყვიტეთ ერთად ცხოვრება.
ანა:
- მოგვბეზრდა, სამი წელი ვიხეტიალეთ და... აკე მამაჩემთან მივიდა, აუხსნა ყველაფერი. ჩემი მშობლები მანამდეც იცნობდნენ აკეს. მოსწონდა მამას, ასე ამბობდა, კარგად აზროვნებს, პერსპექტიული ახალგაზრდააო (იცინის). დღემდე ამ აზრზეა, მგონი, ჩემზე მეტად უყვარს აკე. ახლა თბილისში, ერთოთახიან ბინაში მარტო ვცხოვრობთ. დღე და ღამე ვმღერით. იქ გვაქვს სტუდიაც, სარეპეტიციოც, ჩემი სახელოსნოც.
- ანა, როგორც ვიცი, მხატვარი ხარ. აკე დაგიხატავს?
- კი, შეყვარებულები რომ ვიყავით, მაშინ დავხატე. მოეწონა, შენახულიც აქვს.
აკე:
- გიტარაში მიდევს, ეს იგივეა, გულში რომ ჩაიდო (იღიმება).
- აკე, შენ თუ მიგიძღვნია ანასთვის სიმღერა?
- კი, კრიზისული ეტაპი გვქონდა ურთიერთობაში, ჩვენს ეგოებს ვერ გადავაბიჯეთ, ცოტა ვიკამათეთ და... ინგლისურენოვანი სიმღერა დავუწერე. მოეწონა.
- რაზე ჩხუბობთ სახლში?
აკე:
- დაგვიანებებზე. ანა ძილის გამო ყველგან აგვიანებს.
- როგორი კულინარია?
- არაჩვეულებრივი.
ანა:
- ხანდახან მეხმარება, სახლს მილაგებს, ჭურჭელს მირეცხავს.
აკე:
- ხანდახან?
ანა:
- (იცინიან) ჰო, ხანდახან, ძირითადად მე ვაკეთებ.
აკე:
- აბა, კი.
- ''X ფაქტორისთვის'' გააკეთეთ დუეტი თუ მანამდეც მღეროდით ერთად?
- მანამდეც ვმღეროდით ერთად, ''ქეთფიში'' ერქვა ჩვენს ჯგუფს. ძალიან მაგარი მანქანა რომ გყავს და საწვავის ფული არ გაქვს, დაახლოებით ამას ნიშნავს ეს დასახელება.
- კონკურსზე თქვენი გამოსვლით კმაყოფილი ხართ?
აკე:
- არა. იყო ბევრი პრობლემა, საუნდი, გახმოვანება არ იყო სათანადო, ჩვენი გამოსვლაც არ იყო კარგი, ნერვიულობამ თავისი ქნა. ისეთი კარგი ჯგუფები გამოდიოდნენ... ბავშვების ჯგუფებზე დაგვწყდა გული. ჩემი ნამღერით არასდროს ვარ კმაყოფილი.
ანა:
- მე, საერთოდ, ფარდის უკან ვიმალებოდი, ჩვენი ნომერი რომ გადიოდა ეთერში (იცინიან). ნორმალურად ვერც ერთ ტურს ვერ მოვუსმინე.
- თამთა გოდუაძე ძალიან გგულშემატკივრობდათ, სოფოს ეხვეწებოდა, აკე და ანა არ ააყენოო. ნათესავები ხომ არ ხართ?
აკე:
- (იცინიან) არა... გაბუნიამ თქვა, ხარვეზები, უსუფთაობა იყო ნამღერშიო. პატარა დეტონაციები იყო, მაგრამ არც ისეთი, როგორიც სხვებს ჰქონდათ, ამიტომ ცოტა გამიკვირდა ამის აღნიშვნა. საბოლოოდ ოთხეულში მოვხვდით და უკვე კარგია.
ანა:
- ახლა მაქსიმალურად ვეცდებით, ''ფალშების'' გარეშე ვიმღეროთ. უშტატივო მიკროფონით მღერა რთული ყოფილა.
- დანარჩენი სამი ჯგუფიდან ვის მიიჩნევთ თქვენს რეალურ კონკურენტად?
- შავგვრემანი გოგონების ტრიოს, - ''სფარქლს''. ''ბრუნეტკებს'' ვეძახი მე მათ. კარგად მღერიან.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''