ირაკლი სესიაშვილის 7 კითხვა ირმა ნადირაშვილსა და ზურაბ ჯაფარიძეს


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი დეპუტატებს, ირმა ნადირაშვილსა და ზურაბ ჯაფარიძეს 7 კითხვით მიმართავს.

სესიაშვილი კითხვებს facebook_ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს:

უბრალოდ (რბილად რომ ვთქვათ) კითხვები მიჩნდება და საინტერესო იქნებოდა ჩემს კოლეგებს პასუხი გაეცათ:


„1. რატომ წავიდნენ ჯაფარიძე და ნადირაშვილი აზერბაიჯანში კოლეგებთან მარნეულსა და გარდაბანში განვითარებულ მოვლენებზე სასაუბროდ? ეს რამე ახალი გზაა გასაჩივრების? მე როგორც მახსოვს, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებს ვთხოვდით ხოლმე არჩევნებში გარკვევას...

2. რატომ წავიდნენ აზერბაიჯანში ჯაფარიძე და ნადირაშვილი (ანუ გაწიეს ხარჯი) მაშინ როდესაც იმავე პერიოდში აზერბაიჯანში იყვნენ მიხეილ მაჭავარიანი და გიორგი ბარამიძე... მათი ეს ორი კოლეგა ნაკლებად შეძლებდა აზერბაიჯანელ კოლეგებთან საკითხებზე საუბარს??? (აქვე გეტყვით, რომ მე და ბარამიძე ერთად ვიყავით ბაქოში NATO-ს სემინარზე 4 დღით და უკანაც ერთად ვიმგზავრეთ გუშინ რომელ რეისზეც მაჭავარიანმა იმგზავრა, 19-ში 13:15 საათის რეისზე).

3. ცოტა არ იყოს უჩვეულოა აზერბაიჯანის მებაჟემ უმიზეზოდ გააჩეროს მოძმე ერის დეპუტატი დიპლომატიური პასპორტით მხოლოდ იმისთვის რომ პირი სახეზე არ მოეწონა და იმდენი ელაპარაკოს "რაღაცაზე", რომ რეისს ვეღარ მიუსწროს? ასეთი მებაჟე მე არ შემხვედრია აზერბაიჯანში, რომლის მიმართაც პრეტენზია როგორც ჩანს ჯაფარიძეს არ გააჩნია და მადლობას უხდის რომ ზრდილობიანად გამოაცილეს...

4. ჯაფარიძეს როუმინგის ფული არ ჰქონია და მიუხედავად იმისა რომ "უსაფუძვლოდ" გააჩერა და დააყოვნა მებაჟემ, უპრობლემოდ ახალი ბილეთები შეუძენიათ ჩემს კოლეგებს. რა პრობლემაა???

5. როგორ წარმოგიდგენიათ სცენა, ვიღაც მებაჟის არასწორი ქმედების გამო დეპუტატი ვერ ბრუნდები სახლში, ახალ ბილეთს ყიდულობ და "გამორბიხარ ისევ ქალაქში (გზას აეროპორტიდან ცენტრამდე დაახლოებით 40 წუთი სჭირდება) ყავის დასალევად ...

6. თუ არაფერი საეჭვო არ ყოფილა აეროპორტში, რატომ გამოიძახეს საქართველოს ელჩი აეროპორტში??? ის უნდა ეთქვათ რომ თქვენი დეპუტატები უსაფუძვლოდ დავაყოვნეთ და პრობლემები შევუქმენითო???

7. მე ვთხოვდი ჩემს კოლეგებს დაასახელონ კონკრეტული დროები მათი ამ ინციდენტის წარმოქმნის, ასევე ის პირები, რომელთაც ხვდებოდნენ და ადგილები სადაც  ეს შეხვედრები იმართებოდა და განსაკუთრებით ის კაფე, სადაც ყავა მიირთვეს. იმედია ვიდეოკამერები ბაქოშიც არსებობს.


კოლეგებო, პროკურორი არ ვარ, უბრალოდ რასაც თქვენ ყვებით, მოკლე ფეხი უჩანს“, - წერს სესიაშვილი.