გველთან დაკავშირებულ უცნაურ ამბავს ქალბატონი არიადნა გვიამბობს:
- ეს ძალიან ძველი ამბავია, რომელიც ჩემს ბავშვობაში მოხდა. მე კი პატარა აღარა ვარ, უკვე 70-ს გადავაბიჯე. მიუხედავად სიძველისა, ამ ამბავს დღემდე იხსენებენ ჩვენს სოფელში, რადგან მსგავსი რამ მის მერე არ მომხდარა და განმეორებულა... საქმე ჩემს პაპიდას ეხება, რომელიც ულამაზესი გოგო ყოფილა. სამწუხაროდ, მისი ფოტოსურათი არ შემოგვრჩა, თორემ აუცილებლად მოგაწოდებდით...
13-14 წლისას უამრავი მთხოვნელი ჰყოლია, მაგრამ მერე ისეთი რამ მოხდა, რომ სიგიჟე დააბრალეს და გაუთხოვარი დარჩა, რასაც თავად სულაც არ დარდობდა...
გითხარით, უამრავი მთხოვნელი ჰყავდა-მეთქი და მათ შორის ყველა პატიოსნად არ იქცეოდა. ერთს პაპიდას გაუპატიურებაც კი დაუპირებია, როცა ხბოების სამწყემსავად ტყეში მარტო მყოფი გოგო მოუხელთებია...
ლიზა (ასე ერქვა პაპიდას) ჯერ ეხვეწა თურმე მოძალადეს, მერე დაემუქრა: შენი ცოლი მაინც არ გავხდები და ჩემი ძმები შურს იძიებენო!.. არაფერმა გაჭრა და ალბათ ძალასაც იხმარდა ის უნამუსო, უცებ გველი რომ არ გამოჩენილიყო, რომელიც ჰაერში უცნაურად შემხტარა და გულის პირდაპირ დაუგესლავს ის კაცი, რომელიც შეშინებული გადავარდნილა გვერდზე და ცოტა ხანში გალურჯებულს ყელში წაუჭერია ხელი: ვიხრჩობი, მიშველეთო!...
თავზარდაცემული ლიზა სოფელში გაქცეულა და ხალხი შეუყრია, მაგრამ იმ უბედურისთვის ვეღარ უშველიათ, მომკვდარა...
ამის შემდეგ ლიზას ცხოვრებაში უცნაური ამბები დაწყებულა – იმ ჭრელ გველს ხან ტყეში გადააწყდებოდა, ხან წყაროზე ჩასული. თავიდან ეშინოდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ არაფერს დაუშავებდა: „თავს წამოსწევს და მაკვირდება, ამ დროს გულთან ისეთ სითბოს ვგრძნობ, მგონია, მზე ჩამისახლდაო!" - ამბობდა თურმე პაპიდა.
ერთხელ მის საძინებელში უფროსი ძმა შესულა, რომ გაეღვიძებინა და შიშისგან აყვირებულა, რადგან მძინარე ლიზას ფეხებთან დაგორგლილი ჭრელი გველი დაუნახავს, რომელსაც მის დანახვაზე თავი წამოუწევია და სისინი დაუწყია.
ლიზას გაღვიძებია და როცა დაუნახავს, როგორ წამოავლო მისმა ძმამ ხელი ტაბურეტს, რომ გველისთვის თავი გაეჭეჭყა, შეჰკივლა: - არ მოკლა, თორემ ვერც მე ვიცოცხლებ, ეგ გველი ჩემი ბედიაო!...
ძმას ამ სიტყვების უფრო შეშინებია: - და გამიგიჟდაო!..
მერე ხომ იცით, სოფელი როგორია - ხმა დაუგდეს, რომ ლიზა მოჯადოებული იყო და ჭკუაზეც ამიტომ შეიშალა. უკვე აღარავინ ინდომა მისი ცოლად შერთვა და დარჩა მარტო. ისე, დიდხანს არც უცოცხლია. 26 წლისა გარდაიცვალა, არც იციან მიზეზი. ბოლო დროს ძალიან გამხდარა და გაფერმკრთალებულა, მოჩვენებასავით დაფარფატებდაო! - იხსენებდნენ და რაც ყველაზე საინტერესოა, ბევრმა დაინახა ბუნებაში გასულ ლიზას როგორ ხვდებოდა წინ ჭრელი გველი, სადაც უნდა წასულიყო, წინ დაუწვებოდა...
უცნაურობა ლიზას გარდაცვალების შემდეგაც მოხდა. დაასაფლავეს წესისა და ტრადიციის მიხედვით. მეცხრე დღეს, როგორცაა მიღებული, შეიკრიბნენ ახლობლები, რომ მის საფლავზე გასულიყვნენ. მეც იქ ვიყავი, 6-7 წლის თუ ვიქნებოდი მაშინ და არასოდეს დამავიწყდება ლიზას საფლავის ბორცვზე დაგორგლილი ჭრელი გველი, რომელიც იქვე მომკვდარიყო... ამან კიდევ უფრო დააფრთხო ხალხი და რა აღარ ითქვა მაშინ გველისა და მისი რჩეული ლიზას სიყვარულზე...
ვერაფერს გეტყვით რა იყო მართალი და რა ტყუილი ყოველივეში... არც იმის მჯერა, რომ გველებს ასეთი სიყვარული შეუძლიათ, ისიც ადამიანისადმი, მაგრამ ის რაც გიამბეთ, ხომ საკუთარი თვალით მაქვს ნანახი და შვილებს გეფიცებით, სიტყვაც არ გამიზვიადებია...
ინგა ჯაყელი