მიშა მესხის სკანდალი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“

„ცეკვავენ ვარსკვლავების", მერვე საკონკურსო ტურში პარტნიორების გაცვლა მოხდა. ამ ექსპერიმენტით ჟიურის წევრები კმაყოფილები დარჩნენ, არც მონაწილეები იყვნენ უკმაყოფილონი. თუმცა მიშა მესხს ხასიათი მას შემდეგ გაუფუჭდა რაც ჯულიანასთან ერთად აუტსაიდერად დასახელდა. მეორე აუტსაიდერი წყვილი მარიამი და ვიქტორი გახლდათ.

შედეგების გამოცხადებისთანავე მიშა მესხმა მადლობა გადაიხადა, ვიქტორს და მარიამს წარმატება უსურვა და მაყურებელს დაემშვიდობა. დუტას სიტყვებმა : „შედეგებს უნდა დაველოდოთ" - მიშაზე არ იმოქმედა. „ არ მინდა ახლა ეს სიაფანდი შედეგები", - განუცხადა კონკურსანტმა დუტას. მიშა მესხი: უკაცრავად და დიდი ბოდიში ყველა იმ ადამიანს რომელიც ჩვენ გვგულშემატკივრობდა, ნამდვილად დავიღალე, თან რაღაც მიზეზების გამოც გადავწყვიტე წასვლა... არ მინდა ყველაფრის ლაპარაკი. აქ დავუსვათ „ტოჩკა".


მიშას ამგვარმა გამოსვლამ ინგა გრიგოლიას კითხვა გაუჩინა...

ინგა გრიგოლია: შოუს თავისი წესები აქვს და იქნებ დაგვიკონკრეტო რას გულისხმობ? ყველა მონაწილეს ვინც კონკურსში იღებს მონაწილეობას აქვს გარკვეულწილად ვალდებულება მაყურებლის წინაშე. მონაწილეებისთვის და მაყურებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვა მონაწილის შეფასებაც... და მაინც რას გულისხმობ? მართლა ასე დაიღალე?მიშა მესხი: დავიღალე და თან არ მომწონს რაღაც-რაღაცები. აქედან გამომდინარე, მინდა რომ წავიდე... არ მინდა ამითი ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, ღირსეულად მიდიან წაგებულებიო და როდესაც მიდიხარ ღირსეულად, თამაშიც ღირსეული უნდა იყოს...

მიშას სცენიდან „გაუჩინარების" მიუხედავად, საბოლოო შედეგები მაინც გამოცხადდა და მაყურებლის გადაწყვეტილებითაც შემდეგ ტურში მარიამი და ვიქტორი გადავიდნენ.

შოუში სამი წყვილი დარჩა, ნახევარფინალისთვის იბრძოლებენ - მარიამი და ვიქტორი, TL და მზია, იასენია და ლევანი...