საქართველოვ, იძინე მშვიდად _ შენს მაგივრად ელისო კილაძეს ღვიძავს!

საქართველოვ, იძინე 
მშვიდად _ შენს მაგივრად ელისო კილაძეს ღვიძავს!

გაზეთთან ერთად ელისო კილაძე კერძო დეტექტიურ სამსახურსაც ხომ არ 
ფლობს, რომლის მიზანი `მოსალოდნელი~ 
სახელმწიფო `შეთქმულებების~ 
და `გადატრიალებების~ გამოვლენა 
და ამით მაღალჩინოსნების 
სიცოცხლის შენარჩუნებაა?

გასულ წელს საპრეზიდენტო არჩევნების წინ `ქრონიკა+~-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ `ქართული ოცნების~ წარმომადგენლები დავით საგანელიძე, ირინა იმერლიშვილი, არმაზ ახვლედიანი, ელისო ჩაფიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, შალვა თადუმაძე, ალი ბაბაევი და ირაკლი მელაშვილი `კუდთან~ თანამშრომლობდნენ, რის დასტურადაც კილაძემ `შესაბამისი~ ხელმოწერებიც გამოაქვეყნა.
ამ `მხილებას~ ხელისუფლებამ რატომღაც წაუყრუა, არადა ამ ადამიანების უმეტესობა `ქართული ოცნების~ სახეები, უფრო მეტიც ლიდერები არიან. მეორე საკითხია, რატომ მაინც და მაინც არჩევნების წინ მოხდა `აგენტობის დამადასტურებელი~ დოკუმენტების გამოქვეყნება, რაც ასე ვთქვათ, ანგრევდა მმართველ პარტიას, რომლის მიმართ მხარდაჭერასაც ყოველთვის ხაზს უსვამდა ქალბატონი კილაძე. ხელისუფლება ამ დოკუმენტების ნამდვილობის დადგენით მაინც უნდა დაინტერესებულიყო, რადგან როგორც უშიშროებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების პროფესიონალი ოფიცრები ამტკიცებენ, არცერთი გადაბირებული პირი დაბეჭდილ ფურცელზე არ აწერს ხელს, მათ საკუთარი ხელით აწერინებენ თანამშრომლობის შესახებ ხელწერილს. ამ საკითხებთან დაკავშირებით `საერთო გაზეთთან~ ინტერვიუში ელისო კილაძემ განაცხადა, რომ, როცა ამ საკითხებზე მუშაობა დაამთავრა, მაშინაც გამოაქვეყნა ხსენებული მასალები და ეს უბრალოდ დროში დამთხვევა იყო. რაც შეეხება ამ დოკუმენტების ნამდვილობას, `მე არ მითქვამს, რომ ეს საბოლოო დოკუმენტია, ამ დოკუმენტაციას ორი ფურცელი აკლია, თუ სრულად გამოვაქვეყნებდი, მაშინ იმ ადამიანების ვინაობაც უნდა დამესახელებინა, ვინც ხსენებული პირები გადაიბირა. ძალიან ბევრი მათგანი დღესაც სპეცსამსახურების თანამშრომელია. სრული საქმეები მაქვს ნანახი, მაგრამ მხოლოდ ისინი ამოვარჩიე, სადაც ხელმოწერებია დასკანერებული, სხვა დანარჩენი, რა თქმა უნდა სახელმწიფო საიდუმლოა. ამიტომ არის აუცილებელი ობიექტური გამოძიება, რომ გაირკვეს ეს პირები რა ფორმით თანამშრომლობდნენ სპეცსამსახურებთან, რა დავალებებს ასრულებდნენ, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში. მე, როგორც ჟურნალისტმა, უპრეცედენტო გადაწყვეტილება მივიღე და არ გამოვაქვეყნე ის ვიდეომასალები, რაც ხსენებულ პარლამენტარების გადაბირების პროცესთან დაკავშირებით მქონდა, რადგან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები კოხტა კოდუა, გიორგი ყავლაშვილი და კახეთის კუდის ყოფილი თანამშრომლები ამ ვიდეომასალების გამოქვეყნების პარალელურად პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას გეგმავდნენ, რაც, რა თქმა უნდა, საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლას ისახავდა მიზნად~, განაცხადა ქალბატონმა კილაძემ და დასძინა, რომ პროკურატურას აუცილებლად ეტყოდა ვინ გადასცა ეს მასალები, მაგრამ დასაკითხად არ მიბარებენო.
მოგვიანებით `საერთო გაზეთში~ ლადო ბედუკაძის ვრცელი წერილი დაიბეჭდა, რომელშიც `ჩანერგილების~ თემაზეც იყო საუბარი, რასაც, ცხადია, `ოპერატიულად~ გამოეხმაურა ელისო კილაძე `... ურიგო არ იქნებოდა ლადო ბედუკაძეს სცოდნოდა, რომ `კუდის~ აგენტების ხელწერილების თემაზე გამოძიება დიდი ხნის დაწყებულია და ჩემს ხელთ არსებული ყველა მასალა გამოძიებას უკვე გადავეცი. მოწმის სტატუსით გახლდით დაკითხული თბილისის პროკურატურაში და საქმის გამომძიებელი ირაკლი ჟვანია ბრძანდება. რა სამწუხაროა, რომ ბედუკაძეს პროკურატურა ისევ ფარცხალაძის უწყება ჰგონია...~. 
თავის დროზე `ქართული ოცნების~ პოლიტიკურ მდივანს არმაზ ახვლედიანს `ქრონიკა+~-ში მათან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით, ასეთი პასუხი გაუცია `ვირის წიხლი არც უნდა გეწყინოს და არც უნდა გეტკინოს~-ო, დანარჩენი პერსონები კი, რატომღაც დუმილის უფლებას ინარჩუნებენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ იმ პერიოდში ასეთი განცხადება გააკეთა, ან ჩემს უდანაშაულობას დავამტკიცებ, ან საქართველოდან წავალო. ბატონი საგანელიძე საქართველოდან არ წასულა (გამოდის, დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა) და ინტერვიუც კი მისცა `ქრონიკა+~-ს. რა ვიფიქროთ, ბატონო დავით, რომელი მხარე ხართ მართალი, თქვენ თუ ქალბატონი კილაძე? დავით საგანელიძემ თავის ბოლოდროინდელ სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ არ იცის, როგორ უნდა დაიცვას თავისი პატივი და ღირსება სასამართლოს გზით ასეთი აბსურდულ ბრალდებების გავრცელების შემთხვევაში, რადგან მოსამართლე თურმე ჟურნალისტს წყაროს დასახელებას ვერ მოთხოვს. ასეთი პასუხი, რბილად რომ ვთქვათ, გაოცებას იწვევს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ელემენტარულად იურისტთან მაინც გაიარეთ კონსულტაცია, ბატონო დავით, სანამ საჯარო განცხადებებს გააკეთებთ.
ბატონო დავით საგანელიძევ, ბატონო არმაზ ახვლედიანო, ბატონო ზაქარია ქუცნაშვილო, ქალბატონო ელისო ჩაფიძევ, ქალბატონო ირინა იმერლიშვილო და სხვებო, რატომ დუმხართ? ნუთუ ვერ ხვდებით, რომ მარტო თქვენს პრესტიჟსა და ღირსებას კი არ ეხება ის, რაც `ქრონიკა+~-ში თქვენთან დაკავშირებით გამოქვეყნდა, თანაც არჩევნების წინ. ქალბატონმა ელისო კილაძემ ამ საიდუმლო მასალების გამოქვეყნებით, თუ რა თქმა უნდა, ისინი ნამდვილია, ხომ მიგვანიშნა, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო არ არსებობს და არც თქვენ ხართ ხელისუფლება? აბა, ამას სხვა რა დავარქვათ, როცა უშიშროების სამსახურის სეიფში არსებული საიდუმლო მასალები ჟურნალისტის ხელში ხვდება და ქვეყნდება. სად არის ამ დროს პროკურატურა, რატომ არ აღიძვრება ამ ფაქტთან დაკავშირებით სს-ის საქმე, როცა სულ არ არის საჭირო ვინმეს, თუნდაც პარლამენტარის საჩივრით მიმართვა. პატივცემულო პროკურატურავ, ვის უნდა მოეცა თქვენთვის დავალება, როცა თქვენი პირდაპირი მოვალეობაა ამგვარ ფაქტებზე რეაგირება? ქალბატონი კილაძე კი აცხადებს, რომ საქმე დიდი ხნის წინ აღიძრა, გამოძიება მიმდინარეობს, ყველა ჩემს ხელთ არსებული მასალა გადავეცი პროკურატურას და მოწმედაც დავიკითხეო, მაგრამ თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, რატომ ვერ მოვისმინეთ პროკურატურისგან თუნდაც ერთი განცხადება? 
ჩვენ გამოძიების დეტალების გასაჯაროებას არ ვითხოვთ, კარგად ვიცით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია, მაგრამ იქნებ ბატონმა ირაკლი ჟვანიამ პატივი დასდოს დაინტერესებულ საზოგადოებას და მოკლე ოფიციალური განცხადება გააკეთოს. ეს ისეთი საქმეა, რომლის უყურადღებოდ დატოვება გამორიცხულია, რადგან სახელმწიფო ინტერესებს ეხება. ვიმეორებ, თუ ეს დოკუმენტები მართლაც არსებობდა, ის სათანადოდ უნდა ყოფილიყო დაცული. როცა მათ დღის სინათლე იხილეს, ე.ი. ვიღაცამ მოიპარა, მიაწოდა გაზეთს და დაიბეჭდა. ხელისუფლება არ უნდა დაინტერესდეს სინამდვილეში რა მოხდა და ვინ გააკეთა ეს. თუ ასე არ მომხდარა და ყალბი დოკუმენტები გამოქვეყნდა, მაშინ ის მაინც ხომ უნდა იკითხო, ვინ გააკეთა ეს და რატომ? ყველა შემთხვევაში, აქ სს-ის დანაშაულობები იკვეთება. თუ ეს დოკუმენტები ნამდვილია, უნდა დაისაჯოს ის პირი, ვინც საიდუმლო დოკუმენტი ფარულად გაიტანა და უცხო პირს მიაწოდა და, რამდენადაც ვიცით, საიდუმლო მასალების გამოქვეყნებაც დასჯადი ქმედებაა. ხოლო თუ დოკუმენტი ყალბია, იმ პირის სს-ის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც გააყალბა. `კუდის~ აგენტობაში `ამხილეს~ პირი, რომელიც დღეს უშიშროების საბჭოს მდივანია, იქნებ ახლა მაინც დაინტერესდეს ქალბატონი იმერლიშვილი და ინტერვიუების წაღმა-უკუღმა რიგებას, დაიტერესდეს რა ხდება, ბოლოს და ბოლოს ხელფასს სახელმწიფო ინტერესების დავისთვის გიხდით თქვენც და დანარჩენ `ეჭვმიტანილებსაც~. იურისტობას ვერ დავიბრალებ, მაგრამ ვფიქრობ, ამ ყველაფერს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დივერსიის ელფერი დაჰკრავს, მეტი რა უნდა გაეკეთებინათ, როცა ყველა აგენტობაში `ეჭვმიტანილი~ თუ `მხილებული~, რაც გინდათ, ის დავარქვათ, `ქართული ოცნების~ ლიდერია, მაინც და მაინც ტანკებით უნდა შემოგვივარდნენ? ელისო კილაძე თავს იკავებს გამხელისგან, მაგრამ იქნებ გამოძიებამ მაინც გვითხრას მისი წყაროს ვინაობა, რომლის ვინაობის გასაჯაროებაც, კილაძის განცხადებით, მთელს თუ არა ნახევარ საქართველოს ააყირავებს.
დარწმუნებული ვარ, ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგაც ქალბატონი კილაძის უდიდეს რისხვას დავიმსახურებ, მაგრამ არა უშავს, ასეთ თავდასხმებს უკვე მივეჩვიე. უბრალოდ, ის არის სასაცილო, რომ `ასინეთას~ დამძახოდეს ის ქალბატონი, რომელიც, ავ ენებს თუ დავუჯერებთ, ფარული ჩანაწერების კეთების `დიდოსტატია~, შემდგომში როგორ იყენებს ამ ჩანაწერებს, მისი გაზეთის ნომრებისთვის თვალის გადავლებაც კმარა. ვინმეს `ასინეთობა~ ელისო კილაძეს ნამდვილად არ უნდა უკვირდეს, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ჩემი მრავალწლიანი ჟურნალისტური მუშაობის პერიოდში ამგვარ `საქმიანობაში ქალბატონი კილაძის გარდა, არავის `შევუმჩნევივარ~. ჩემს `ნათლიობას~ ის ქალბატონი ჩემულობს, რომელთან დაკავშირებითაც მედია-კავშირ `ობიექტივის~ ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა 2011 წლის თებერვალში ამგვარი სახის განცხადება გააკეთა - `თავისუფალი აზრის სახლი~ ვანო მერაბიშვილის რუპორია! `თავისუფალი აზრის სახლი~ და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ქალბატონი ელისო კილაძე (კუდის ფარული თანამშრომელი, კოდური სახელით `ნუკრი~) ოპოზიციის წინააღმდეგ ტყულისა და ცილისწამების კამპანიას აგრძელებს. დაემსხვრა რა ოპოზიციის ე.წ. `მხილების~ პროექტი... ჩაუვარდა რა ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლებზე ბინძური და ცილისმწამებლური იარლიყების მიწებების ოპერაცია, ხელისუფლება შავი ფიარ-კამპანიის ახალ სტადიაზე გადავიდა. გუშინ, 2011 წლის 3 თებერვალს, ბატონმა ივანე მერაბიშვილმა ქალბატონი ელისო კილაძის, იგივე `ნუკრის~ პირით გვამცნო, რომ... და ა.შ. ამ განცხადების სრული ვერსია `საერთო გაზეთის~ #20 ნომერში უკვე დაიბეჭდა, ასე რომ, მისი გამეორებით აღარ მოგაწყენთ. ეს უბრალოდ, თვალსაჩინოებისთვის. 
სხვათა შორის, ქალბატონ კილაძეს სამი წლის შემდეგაც ბინძური და ცილისმწამებლური იარლიყების მიწებებაში `ადანაშაულებენ~ ჩვენი რესპონდენტები. სიცრუის გავრცელებას მიკიჟინებს ის ადამიანი, რომლის `უტყუარი~ ინფორმაციებიც არასდროს მართლდება. ეს ქალბატონი ძალიან დაგვავალებს, თუ გვამცნობს რა ტერაქტს უწყობდნენ ბიძინა ივანიშვილს და რისგან გადაარჩინა მან მაშინ პრემიერ-მინისტრი. მაპატიეთ, ქალბატონო ელისო, მაგრამ რაღაც თქვენი ფანტაზიის ნაყოფს უფრო ჰგავს ეს ყველაფერი, რამაც ჭკვიან ადამიანებს საბჭოური კაგებეს მეთოდები გაახსენა, დეზინფორმაციის შეგნებულ გავრცელებას ვგულისხმობ. `ნაცმოძრაობასაც~ ეს სკოლა არ ჰქონდა გავლილი? გავიხსენოთ მათი მმართველობისას გამოვლენილი და აღკვეთილი `შეთქმულებები~, თუნდაც მუხროვანის ე.წ. ამბოხება, როცა ნაციონალებისავე შეგზავნილი პირი რამდენიმე კაცთან ამბოხების მოწყობაზე რომ საუბრობდა და მერე იმ ადამიანებს შეთქმულების მონაწილეებად რომ ასაღებდნენ. თქვენც საუბრობთ, ქალბატონო ელისო, პრემიერ ღარიბაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილ შეთქმულებაზე და იქნებ გვითხრათ ვინ აწყობს ამ შეთქმულებას და თქვენ როგორ აღმოაჩინეთ, ეს თქვენი ძალებით შეძელით თუ ვინმემ მოგიტანათ ამბავი? ყოველთვის იმდენად `ინფორმირებული~ ხართ, რომ ეჭვი მაქვს, კერძო დეტექტიურ სამსახურს ფლობთ, რომელიც მოსალოდნელ სახელმწიფო შეთქმულებებს ავლენს და მაღალჩინოსნებს სიცოცხლეს უნარჩუნებს. საქართველოვ, იძინე მშვიდად _ შენს მაგივრად ელისო კილაძეს ღვიძავს! `საერთო გაზეთში~ დაბეჭდილ თქვენს ვრცელ ინტერვიუში საუბრობდით, სახელმწიფო უწყებების საქმიანი თათბირებიდან მაწვდიან ინფორმაციებსო, მაინტერესებს ასეთი რა `სტატუსით~ სარგებლობთ პირდაპირ თათბირებიდან რომ გაწვდიან საიდუმლო ინფორმაციებს, მათი თანამშრომელი ხართ, თუ ასეა, ესეც აღიარეთ, რა არის აქ დასამალი? არაერთხელ გითქვამთ, რომ `ქართული ოცნების~ მხარდამჭერი ხართ, ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც ქმნიდით და სადაც ნამდვილად ზედა რგოლი იქნებოდით, სად არის, ისიც სახელისუფლებო კოალიციის მხარდამჭერი იქნება? 
თქვენს გაზეთში გამოქვეყნებული პუბლიკაციების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან საეჭვოა `ქართული ოცნების~ მხარდამჭერი იყოთ. ფეისბუქის საშუალებით რომ ბრძანებდით ქალბატონო ელისო, სოჭის ოლიმპიადის დამთავრების შემდეგ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას განახორციელებსო, დაიმახსოვრეთ, რომ ამას ელისო კილაძე ამბობდაო, საიდან გქონდათ ეს ინფორმაცია? რატომ ზაფრავთ მოსახლეობას, მოდელირებულ `ქრონიკას~ მეტი კი არაფერი გაუკეთებია. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ თქვენს გამონათქვამებში ნაცმოძრაობის სკოლის კვალს ვხედავ, ძალიან მაგონებთ აკაკი გოგიჩაიშვილსა და მის `60 წუთს~. აბსოლუტურად მისეული მეთოდებით მოქმედებთ, ამ მეთოდების შესახებ მთელმა საქართველომ იცის და გაშიფვრას ნუ მომთხოვთ. 
ქალბატონო ელისო, თურმე, როცა ჟურნალისტზეა საუბარი, თქვენ ყოველთვის მის მხარეს დგებით, კოლეგიალურ სოლიდარობას უცხადებთ, მე რომ არ მთვლით კოლეგად და მაქილიკებთ, გასაგებია, მაგრამ სოფო ყარალაშვილმა რა დაგიშავათ? მით უმეტეს, რომ ის თქვენი უფროსი მეგობრის კუთვნილი სააგენტოს თანამშრომელია. თქვენ თურმე მხოლოდ სიმართლისთვის იბრძვით და მხოლოდ ამიტომ კბილებით იცავდით გელა ხვედელიძეს, თუ ასეა, რატომ არ გამოესარჩლეთ სოფო ყარალაშვილს, ისიც ხომ ამტკიცებს თავის უდანაშაულობას, რატომ შეატოვეთ პირისპირ მარტო `საქართველოს ფოსტას~? მაინც და მაინც ამ საქმეშია ცამდე მართალი თქვენგან არაერთხელ `მხილებული~ გია ხუხაშვილის `კონტროლირებადი~ უწყება? ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ მართალია გიორგი ფარესიშვილი თავის განცხადებაში, რომ თქვენ ადამიანებს სიმართლის გამო კი არ ესარჩლებით, არამედ საკუთარი ინტერესებისთვის იყენებთ, ეს რა ინტერესებია, თქვენ უკეთ გეცოდინებათ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ ადამიანებს მომხმარებლური ინტერესით უყურებთ, ასე მოექეცით გიორგი ფარესიშვილს, რომელსაც თითქოსდა გამოესარჩლეთ, მიიღეთ თქვენს ოფისში, ალაპარაკეთ რაღაცები და მერე გააგდეთ, ასე გამოიყენეთ ზურაბ ჯორბენაძე და ლადო ბედუკაძეც. დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ამ მეთოდით გინდოდათ დღევანდელი ხელისუფლების გამოყენებაც, მაგრამ, ეტყობა, არაფერი გამოგივიდათ. ამ ხალხს, როგორც სჩანს მეხსიერება არ ღალატობს, ქალბატონო ელისო, კარგად ახსოვთ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული თქვენი ინტერვიუები, რომლებიც 2012 წლის იანვრიდან დაწყებული 1 ოქტომბრამდე იბეჭდებოდა სხვადასხვა გაზეთში (მაშინ საკუთარი გაზეთი არ გქონდათ), მეტს არ დავკონკრეტდები. `ქართული ოცნების~ გამარჯვების შემდეგ ისეთ იმიჯს იქმნიდით, თითქოს ხელისუფლებასთან ძალზე დაახლოებული იყავით, მაგრამ `სამწუხაროდ~ კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ. რომელი ჭკუათმყოფელი დაიჯერებდა თქვენს გულწრფელობას, როცა ირაკლი ღარიბაშვილს ერთგულებას ეფიცებოდით, ამის პარალელურად კი მის სიმამრს, გენერალ თამაზაშვილს ვითომ კუდის თამანშრომლის `ჩვენებებზე~ დაყრდნობით, შეფარულად თუ ღიად `ამხელდით~. 
თურმე თავიდან `საერთო გაზეთი~ თამაზ თამაზაშვილის დაკვეთებს ასრულებდა, ახლა `დამკვეთი~ შეგვიცვალეთ, ქალბატონო ელისო და ირაკლი ტრიპოლსკი შემოიყვანეთ `თამაშში~. საიდან გაგახსენდათ ირაკლი ტრიპოლსკი, ან რა შუაშია აქ კუმისი და კუმისელები? თქვენს გამონათვამს მოვიშველიებ, სად ერეკლე და სად შავი პურის რიგი? თქვენი წყარო გვარიანად მოიკოჭლებს, ის როგორ არ იცოდნენ, რომ სახლი კი მაქვს, მაგრამ კუმისში საერთოდ არ ვცხოვრობ, თვეები გადის, იქ არ მივდივარ და რა იციან იქაურებმა, ვინ რას მაწერინებს. საერთოდ, რა შუაშია ამ ყველაფერთან ირაკლი ტრიპოლსკი იქნებ ამიხსნათ? ირაკლი ტრიპოლსკისა და კახა ბექაურს რომ ახსენებთ, ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი სანამ `ქრონიკა+~-ში გადმოვიდოდა `საერთო გაზეთში~ მუშაობდა და ბექაურთან დაკავშირებული პუბლიკაციები, ერთი წლის წინ სწორედ ჩვენს გაზეთში დაიბეჭდა. რომ `დამმოძღვრეთ~, ქალბატონო კილაძევ, თამაზაშვილი ფულს არ მოგცემთო, როდის ვთხოვეთ მას ფული, თქვენ, როგორც ყოველისმცოდნეს, ალბათ, ესეც გეცოდინებათ და არ დაგვზარდეთ, გაგვაგებინეთ.


მანანა სუხიშვილი



საერთო გაზეთი