სკანდალი - უმრავლესობის წევრი ნარმანიას მინისტრობის პერიოდის გამოძიებას ითხოვს



ოცნების შიგნით არსებულ ვითარებაზე და ურთიერთობებზე სკანდალური განცხადებებით ცნობილი უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე „ალიასთან“ ინტერვიუში კიდევ ერთ სკანდალურ განცხადებას აკეთებს. როგორც ლორთქიფანიძე ამბობს, ღარიბაშვილმა უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს პარტიის შიდა საქმეებს. „ აქამდე ის ცალსახად უჯერებდა ზოგიერთ შინაურს, რომელიც აწვდიდა ინფორმაციას, რომ თითქოს ყველაფერი არის კარგად, მშვენივრად და ლამაზად, ფაქტია ეს ასე არ აღმოჩნდა ... 8 თვითმმართველ ქალაქში მეორე ტური დაინიშნა,
11 ოლქში გამგებლის ხელახალი არჩევნები დაინიშნა“. ლორთქიფანიძე თავისი რაიონის, ვანის მაგალითზე ამბობს, რომ მისი პრეტენზიები გამართლდა და ის ადამიანი, რომლის გამგებლად დანიშვნასაც ის ეწინააღმდეგებოდა არჩევნებში საერთოდ არ იქნა კანდიდატად წარდგენილი, თუმცა მას როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს სხვა პრეტენზიებიც აქვს. დავით ლორთქიფანიძე დავით ნარმანიას მინისტრობის პერიოდში ვანში განუხორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესებას პროკურატურას სთხოვს.

„ოცამდე პროექტი შევიდა თავის დროზე ნარმანიას უწყებაში, ანუ ინფრასტრუქტურის სამინისტროში ცემი რაიონიდან. ეს პროექტები სახელმწიფომ დააფინანსა და 2013 წელს გზების დაგებაში უნდა დახარჯულიყო მილიონ 600 ათასი ლარი, ოთხი გზა იყო გასაკეთებელი, რაღაცა დაიწყეს ფინაჩურად და საერთოდ მიანებეს თავი.

-თანხები გადაირიცხა?

-კი გადაირიცხა და სწორედ ეს უნდა გამოიძიოს ახლა პროკურატურამ, ამ საკითხს მე აუცილებლად დავაყენებ. მე ვიყავი ასული სოფლებში და ხალხს დავპირდი, რომ გზები გაკეთდებოდა, მოიტანეს ქვიშა გაშალეს და დაანებეს თავი, ეს ქვიშა წაიღო წყალმა, ყველაფერი უნდა დასრულებულიყო 2013 წლის ოქტომბერში, გაკეთდა მხოლოდ ორი გზა, რომელიც ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას“-აცხადებს დავით ლორთქიფანიძე „ალიასთან“ ინტერვიუში