გთავაზობთ "პრაიმტაიმის" გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას „ჩემი ცოლის დაქალებში“ ახლა ყველაზე პოპულარული კატოსა და ზუკას წყვილია. დაბნეული გოგონასა და მექალთანე ბიჭის სამსახურებრივი რომანი ცოტა ხნის წინ დაიწყო და უკვე კულმინაციურ ფაზაშიც შევიდა. რამდენიმე სერიის წინ ისეთი კოცნის სცენით დასრულდა ერთი სერია, რომ მეორე დღესვე ატყდა ამბავი, აუ, რა კოცნა იყო, ამათ შორის რაღაც ხდებაო. კოცნა მართლაც ისე ბუნებრივად ვნებიანი იყო, ეჭვის საფუძველს სულაც არ არის მოკლებული. ბოლო სერიამ კი ეს ეჭვი თითქოს უფრო გაამყარა. საინტერესო წყვილია, რატომაც არა?! ლევანს რომ ვიღაც რუსი შეყვარებული ჰყავსო, რედაქციაში ერთმა მკითხველმა სცადა ინფორმაციის დაზუსტება. მარტში „პრაიმტაიმი“ ჯიბღაშვილის რომანზე წერდა. მისი რჩეული მოსკოველი რუსი მოდელი ვიქტორია გონჩაროვა გახლდათ. თუმცა აღმოჩნდა, რომ მსახიობს რომანი დაუსრულებია და ახლა ისევ თავისუფალია. ინტერვიუს დროს კი ხშირად ამბობდა, იმ გოგოს ნინოს გამო დავშორდიო. ხუმრობაში სიმართლის მარცვალი ხშირად არის ხოლმე. რაღაც მიზიდულობა და ქიმია რომ არ შემდგარიყო, ალბათ, ორივეს გაუჭირდებოდა ასე ბუნებრივად სასიყვარულო სცენების თამაში. მე ასე მგონია...
კატო და ზუკა
ნინო გაჩეჩილაძე: „ლევანს სერიალ „დეტექტივებიდან“ ვიცნობდი და ძალიან მომწონდა. ლევანის პერსონაჟიც იქ გაცილებით დადებითი იყო, ვიდრე „ჩემი ცოლის დაქალებშია“.
ლევან ჯიბღაშვილი: „ჩემი ცოლის დაქალები“ კარგად არ მქონდა ნანახი, კადრების დონეზე ვიცოდი. მოუცლელობის გამო ჩემ ნაშრომს ვერ ვუყურებ. ამდენად, პერსონაჟებს კარგად არ ვიცნობდი. როლზე რომ დამამტკიცეს, ჩავუჯექი და გასულ სერიებს ვუყურე. ხომ უნდა მენახა, ვინ იქნებოდა ჩემი პარტნიორი, შემესწავლა რომანი ვისთან უნდა გამება. ამოვარდა კადრები - ნინო ელასტიკებში ვარჯიშობდა და მეთქი - ვააა“ :)))
ნინო: - მოგეწონა?
ლევანი: - უცებ დავრეკე, თანახმა ვარ! ასე შედგა ჩვენი პარტნიორობა.
ნინო: - შენ ამბობ, რომ შედგა?!
ლევანი: - არ შედგა? მართლა, რა ამბავი ატყდა ჩვენს რომანზე, ნახე? „ფეისბუქზე“ ჩვენს გვერდზე ყველაზე მეტი კომენტარი და „ლაიქი“ ჩვენი წყვილის ფოტოებზეა. მლანძღავენ, ზოგი მიცავს, როგორც ლევანს, საზიზღარი როლია აქვს, თორემ ისე საყვარელი ბიჭიაო.
ნინო: - თემაა დამაინტრიგებელი. აინტერესებთ, რა იქნება მომავალში. განსაკუთრებით აინტერესებთ ისეთი თემები, რომელიც ინტიმურ ურთიერთობას ეხება. თუ ვინმე არ მოსწონთ ამ ურთიერთობაში, მასზე ლაპარაკით ბოლომდე გულს იფხანენ. ქართველი ადამიანი განკითხვის სენითაა დაავადებული. საკუთარ გულში არასოდეს იხედებიან - ხომ შეიძლება, ცხოვრებაში ასეთი რაღაც მეც დამემართოსო. კატოზე წერენ - ღირსია ეგ, ცხოვრების ბოლომდე მარტო დარჩეს, არ იცის რა არის სიყვარული; ეგოისტია, თავის თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს. სინამდვილეში კატო ერთი სულელი, ინფანტილური და შეშინებული გოგოა, რომელსაც უყვარს თავისი მეგობრები, მათი გულისთვის ყველაფერზე თანახმაა. გათხოვების ეშინია, პირველი ოჯახი რომ დაენგრა იმიტომ. კიდევ უშვებს შეცდომებს. კატოს თვისებაც ეგ არის, თავის შეცდომებზე ვერასოდეს სწავლობს. ასეთი ადამიანი ყველაზე სულელია.
- როგორი პარტნიორია ნინო?
ლევანი: - ნინო ძალიან სასიამოვნო პარტნიორია. ისეთი სცენების თამაშისას, როგორსაც ჩვენ ვთამაშობთ, გაუხსნელობა და შებოჭილობა, რთული და არასასიამოვნოა. სასიყვარულო სცენების დროს სხვანაირად გახსნაა საჭირო. კარგი მეგობარია, კარგი პიროვნებაა და არაჩვეულებრივი პარტნიორი. ნინოსთან ყველანაირი ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა. ჩემი გოგო ვინ არის?
ნინო: - სულ ასე მაიმუნობს. გადასაღებ მოედანზე უნდა ნახოთ რა დღეშია. გადამღები ჯგუფი ჩემი წვალებით ჰყავს გაგიჟებული. ვხუმრობ.
„ინტიმურ სცენებს როგორც საქმეს ისე მივუდექი“
- კოცნის სცენები გამოგივიდათ.
ლევანი: - ნინო პროფესიონალია. კოცნის სცენები მე ჩავაწყვე:)
ნინო: - მე ვფიქრობ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რეჟისორი როგორ მიზანსცენას დადგამს, რა თვალით დაინახავას და გადაიღებს. თუმცა მსახიობსაც ბევრი რაღაც მოეთხოვება. კოცნის სცენის გადაღება არ გამიჭირდა. მე ყველა ასეთ სცენას პროფესიონალურად ვუდგები. ლევან, შენ არ გეწყინოს. კოცნის სცენის დროს მე არ ვკოცნი ვნებით. თუმცა ბევრჯერ ყოფილა კინოს ისტორიაში შემთხვევა, როდესაც ვნება და გრძნობა გასჩენიათ პარტნიორის მიმართ და ერთმანეთი შეყვარებიათ. მე გადასაღებ მოედანზე და თეატრში პარტნიორებს შორის ინტიმური ურთიერთობების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, იმიტომ, რომ მგონია, მერე სხვა პრობლემები იჩენს თავს და ამით პროფესიონალიზმი ზარალდება. ასე რომ, მე, ინტიმურ სცენებს როგორც საქმეს ისე მივუდექი და არა როგორც ლევანთან კოცნაობის სცენას.
- ლევან, შენ?
- როგორც საქმეს აწყობდა ისე მივუდექი.
- რომელ საქმეს?
- ცხოვრების. საჭირო იყო და შევასრულე.
ნინო: - ლევან, მე მგონი, შენს გამოა ჩემი მისამართით ამხელა აგრესია.
ლევანი: - ჯერ სად ხართ! ყველა მეკითხებოდა, ჰაა, როდის დაწვები კატოსთანო? ბათუმიდან მოვდიოდი, გზაზე შევჩერდი, რაღაც უნდა მეყიდა. გამყიდველმა ბიჭმა მიცნო, თქვენ ზუკა არა ხართ? გეხვეწები მითხარი, კატოსთან როდის წვებიო?:)
ნინო: - კაცების უმეტესობა ლევანის გმირის მხარესაა, ქალების - ჩემსკენ. შედიან კატოს მდგომარეობაში. მოკლედ, უკვე შაბათს ნახეთ, ინტიმური ურთიერთობის შემდგომი სცენა ვითამაშეთ. სიგარეტის მოწევა ბანალური იქნებოდა, ამიტომ ჩვენი გმირები სექსის შემდეგ საუბრობენ, ვთხოვ, გაშორდეს ცოლს. ამ ლოგინის სცენაში კოჭებამდე სქელ კაბაში ჩაცმული ვიწექი. ლევანი ტრუსებშია. ალბათ, ყველაზე ინტიმური სცენა ეს იყო და კატოს და ზუკას ამაზე მეტად დატვირთული სცენა არ ექნებათ:) არ ვიცი. მამაჩემი წინასწარ შევამზადე ამ სერიისთვის. მანამდე პრომო რომ ნახა, სადაც კედელს ვნებიანი კოცნით ვეჯახებით, მკითხა - შემთხვევით ლოგინის სცენაც ხომ არ გაქვსო?
ლევანი: - მე არ მიკითხა?
ნინო: - შენი პერსონაჟი არავის არ უყვარს და მამაჩემსაც რომ არ უყვარდეს, რა გასაკვირი იქნება? ვუთხარი, კი, ეს სცენა გადავიღეთ, ოღონდ, მე ჩაცმული ვარ-მეთქი. არ ესიამოვნა, მაგრამ დაწყნარდა. მამიკოს ჩემი პროფესია არ მოსწონს, რა ვქნა.
- გითქვამს უარი რეჟისორისთვის, მაგ სცენას ვერ ვითამაშებო?
ლევანი: - ასეთ თამამ სცენებზე არ ამბობს უარს. მაგიტომ ვამბობ, ნინო მაგარი პარტნიორია-მეთქი.
ნინო: - როდესაც პერსონაჟის ხასიათი და ცხოვრების სიუჟეტი მსგავსი სცენების თამაშს მოითხოვს, შენ კი ამას აპროტესტებ, მე მგონი, დიდი უაზრობაა. მაშინ თავიდან არ უნდა დათახმდე. მე, დასაწყისში ვთქვი, ძალიან გთხოვთ, „პორნოგრაფიაში“ ნუ გადამიღებთ, სხვა დანარჩენს შევასრულებ-მეთქი. მიშა მშვილდაძე, გიორგი ლიფონავა და ქეთი მაჭავარიანი შემპირდნენ, მსგავს რამეს ადგილი არ ექნებაო.
„ცანცარა ბავშვია. ლეკვივით დამდევს“
- ზუკას გმირზე რა აზრის ხარ?
ნინო: - გულის ამრევი, ამაზრზენი, საშინელი ტიპია. კატოს და ზუკას საქციელს არანაირი გამართლება არა აქვს. კატოს საქციელს მხოლოდ ის ახსნა აქვს, რომ ამდენი გაუმართლებელი ურთიერთობის შემდეგ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც თბილად ეპყრობა, ყურადღებიანია. კატო თვლის, რომ გულწრფელად ექცევა. თუმცა უცხო თვალი ხედავს, რომ ის აფერისტია, მაგრამ ეს „ბატი ტასიკო“ ყველაფერს იჯერებს. ზუკასნაირ მამაკაცებს არც ცოლი უყვართ და არც საყვარელი, საკუთარი თავის და სიამოვნების გარდა არაფერზე ფიქრობენ. თბილისი სავსეა ასეთი კაცებით. ვერ ვიტან ასეთი ტიპის მამაკაცებს. ღმერთმა დამიფაროს, რომ ოდესმე მსგავს მამაკაცს გადავეყარო. თავს მოვიკლავდი, ალბათ.
ლევანი: - ჩემთვის, ჩემი პერსონაჟი მიუღებელი პიროვნებაა. ყველაზე მეტად ვერ ვიტან მისნაირ ადამიანებს. მატყუარა ტიპია. ცოლი ჰყავს და სამსახურში „იავნად“ აბამს გოგოს, საყვარელი ჰყავს. ევასება ქალები და „გულაობა“. თავმოყვარეობა არა აქვს. უნდა და აკეთებს, არ ფიქრობს ამას რა მოჰყვება. ღირსება არა აქვს. ნაძირალა მასტია, არ უფრთხილდება ურთიერთობებს. იღებს იმას, რაც უნდა.
ნინო: - ლევან, ცოლი რომ მოიყვანო და მერე შენც რომ ზუკასავით გაიჩინო საყვარელი?
- არ გავიჩენ. მე მანამდე იმდენი მყავდა...
ნინო: - მე მგონია, რომ გაიჩენ. ყველა ქართველ კაცს საყვარელი ჰყავს.
ლევანი: - ცოლის მოყვანის მერე საყვარელი რატომ უნდა გავიჩინო, არ მესმის. არ მიყვარს ცოლს რომ ღალატობენ. რაც სხვისი არ მომწონს, მე რატომ უნდა გავაკეთო?
- დამეგობრდით?
ნინო: - ვერ ხედავ? ლევანის დამეგობრება მისგან სიყვარულის ახსნით გამოიხატება.
- და როგორც ვხედავ, ჩქმეტით.
ნინო: - ჩქმეტით. პატარა ცანცარა ბავშვია. ლეკვივით დამდევს და მეთამაშება. ხან თმას მწიწკნის, ხან კაბაზე მქაჩავს. საყვარელი ბიჭია, მხიარული, სულ კარგ ხასიათზეა. თუ ხედავს, რომ პავილიონში ცუდ ხასიათზე ვარ, ჩემს გამხიარულებას ცდილობს. საზოგადოებას დავაწყნარებ, ლევანი მის გმირ ზუკას არ ჰგავს. იმედი მაქვს, არასდროს მოიქცევა ისე, როგორც ზუკა იქცევა. ლევანი ჩემზე 8 წლით უმცროსია.
ლევანი: - რვით? თაფლში ხარ შენახული?
ნინო: - ასე რომ, თუ მაყურებელი ჩვენს წყვილზე რამეს ფიქრობს, სულ ტყუილად. იდეაშიც არ დავუშვებ. სანამ ახალგაზრდა და ლამაზი ხარ, ეს სხვაობა არაფერს წყვეტს, მაგრამ ათი და თხუთმეტი წლის შემდეგ, ბოტოქსები რომ დაგჭირდება, შეიძლება შენს უმცროს ქმარს თავისზე უმცროსი პარტნიორი მოუნდეს. თუმცა, გააჩნია ამ შემთხვევაში ქალი თავს როგორ გამოიჩენს. თუ ქალი ძალიან მაგარია, ეს ასაკობრივი ბარიერი ისე შეიძლება დაიმსხვრეს, არასოდეს არ მოუნდეს უმცროსი ქალი.
ლევანი: - სიყვარულმა არც ასაკი იცის და არც ცოლი.
ნინო: - ზუკას ტექსტებით ნუ მელაპარაკები.
ლევანი: - ჩემი ცხოვრება ვინ არიიის?
ნინო: - ასეა სულ. ვერ მიხვდები, როდის ღადაობს და როდის სერიოზულად ლაპარაკობს.
ლევანი: - ამ ღადაობ-ღადაობაში... :)
- კადრს მიღმა რა ხდება?
ნინო: - კადრს მიღმა მეგობრობა, სიყვარული, ჩახუტება და გაგებაა.
ლევანი: - სწორია.
ნინო: - ლევან, რატომ არ გყავს შეყვარებული?
ლევანი: - მოსკოველ გოგოს ნინოს გულისთვის დავშორდი:)
ნინო: - მე ისე მომწონდა ლევანის ის რუსი შეყვარებული... ძალიან დამწყდა გული, რომ დაშორდა. სავარაუდოდ, არ უყვარდა, ერთობოდა. შენ რაღაც ზუკას თვისებები გაქვს, ლევან.
ლევანი: - რატომ მაქვს ზუკას თვისებები? ცოლი არ მყავს. ის ურთიერთობა დასრულდა რა, ჩვეულებრივად, სახის დაკაწვრა არ ყოფილა. ახლა ჩვეულებრივ ვმეგობრობთ. ასე ვალაგებ ურთიერთობას.
ნინო: - უნდა, ყველა ქალაქში თავისი გოგო ჰყავდეს.
ლევანი: - ფილმებში ოჯახი თუ არის დასანგრევი და ქალია შესაცდენი, მე მეძახიან. რა უბედურებაა. ცოლი როგორ მოვიყვანო? ცოლი რომ მეყოლება, ზე ერთგული ვიქნები.
- ვიცი, ნინოს ადრე ჰყავდა შეყვარებული, შენ გყვარებია?
- მეც მყვარებია, ადრე. მაგარია სიყვარული. მაგრამ რახან ცოლად მოყვანა არ მდომებია, ესე იგი, ისე არ მყვარებია, ხო?
ნინო: - ნამდვილი სიყვარული ის არის, ვისთან ერთადაც გინდა დაბერდე.
ლევანი: - შეიძლება ორი წელი გიყვარდეს, სამი წელი, მაგრამ მერე მიხვდე, რომ ეს არ არის ის სიყვარული.
ნინო: - რა ადვილია თქვენთვის ყველაფერი...
ლევანი: - თუ შეაბერდი ადამიანს, ესე იგი გიყვარს. მე და ნინოს ძალიან გვიყვარს ერთამანეთი.
ნინო: - როგორც მეგობრებს ძალიან გვიყვარს ერთმანეთი.
- მეგობრობას არ გასცდებით?
ნინო: - არა, გენაცვალე.
ლევანი: - გავაცდინოთ, ჩვენი რა მიდის?
ნინო: - არ გასცდება. ჩემს თავს კარგად ვიცნობ. ძალიან სასაცილო ურთიერთობა გვაქვს. ლევან, იცი, მე რამდენი ბიჭი მწერს „ფეისბუქზე?“ თაყვანისმცემლებს ნუ მიფრთხობ. რა დავაშავე, რატომ გადაგეყარე? :)
- ნინო, ახალ ბინაში როდის გადადიხარ?
ნინო: - ალბათ, სექტემბერში გადავალ. ახლა, ზღვაზე მივდივარ დასასვენებლად. მერე, ეგრეთ წოდებული „პლეხანოველი“ გავხდები. თეატრის გვერდით ახალ კორპუსში ვიცხოვრებ. სამსახურთან ახლოს ვიქნები, გადავირბენ, გადმოვირბენ. მამამ მაჩუქა, ვინაიდან მე უფროსი ვარ და თაკოსაც არასდროს უნდოდა ცალკე გადასვლა. მზითევში ბინა და მანქანა მაქვს. დამოუკიდებლობა მიყვარს და ცალკე ცხოვრებაც მინდოდა. თავისუფალი ვარ, როგორც ჩიტი. თუმცა მე და ლევანს ცალ-ცალკე ორივეს გვყავს თაყვანისმცემლები.