ლელუკა ვანიშვილის თქმით, ის და მისი შეყვარებული ერთმანეთს დაშორების შემდეგაც ემესიჯებოდნენ.
„3 ივნისს, საღამოს 10-ის ნახევარი იყო, სახლიდან გამოვედი და ჩემებს ვუთხარი, რომ ჩემს დაქალთან, მარიამთან მივდიოდი. მაგრამ მარისთან არ წავსულვარ, 9 სართულიანი კორპუსისკენ ჩავისეირნე, იქ უნდა მენახა ჩემი შეყვარებული. ვურეკავდი, მაგრამ ყურმილი არ აიღო. ჩვენ ხშირად ვხვდებოდით იმ ადგილზე ერთმანეთს. დაშორებულები ვიყავით, მაგრამ მაინც ვხვდებოდით ერთმანეთს. “სკაიპშიც” ჩვეულებრივ მემესიჯებოდა, ერთმანეთს ვკითხულობდით.
24 მაისსაც მე დავურეკე და ვკითხე, ხომ არ მნახავ-მეთქი, კიო, მითხრა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ურთიერთობა უნდა შეგვეწყვიტა, მან ისიც კი მითხრა, სხვა შეყვარებული მყავსო. რატომ უნდა მომეკლა თავი? ჭორების გამო დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ მერეც ჩვეულებრივ ვმესიჯობდით. მეგობრებიც ვიყავით. უბრალოდ, სკოლაში არ ვკონტაქტობდით. ბევრს ვფიქრობ ამაზე, მაგრამ ვერანაირად ვერ აღვიდგინე, რა მოხდა იქ. გონზე რომ მოვედი, უკვე კლინიკაში ვიწექი. არც რეანიმაციაში ყოფნა მახსოვს. საშინელმა ტკივილმა გამაღვიძა. მას მერე ხატი მქონდა, ჯვარი მეჭირა ხელში და ვლოცულობდი. არ ვიცი, ეს დაზიანებები ვინ მომაყენა, ყელზე თოკიც მქონდა მოჭერილი. ფეხი მოტეხილი მაქვს და კიდევ ერთი ოპერაცია დამჭირდება. ფილტვებიც არ იხსნებოდა თურმე და ოპერაცია გამიკეთეს. ვცდილობ, აღვიდგინო, რა მოხდა, იმედი მაქვს, ყველაფერი გამახსენდება“, - განაცხადა ვანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ, 3 ივნისს, საღამოს 11 საათზე, 14 წლის გოგონა გორში ერთ-ერთ სადარბაზოსთან უმძიმეს მდგომარეობაში გამვლელებმა იპოვეს.