„ესპანელი მზარეული სოლიდურ თანხას სანდრა რულოვსს უკან უბრუნებდა“

„ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე გაზეთი „კვირის ქრონიკა” სტატიას აქვეყნებს. როგორც სტატიის ავტორი წერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მისი ოჯახის წევრები და ახლობლები ფუფუნების საგნებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოლიდურ თანხებს ხარჯავდნენ.
„ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილის ესპანელი მზარეულის ცხოვრებისა და თარჯიმნით უზრუნველყოფის ხარჯები, საერთო ჯამში, ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს”, – წერს გამოცემა. სტატიის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის მზარეულის ერთი თვის ხელფასი 13 494 ლარი, ხოლო მისი თარჯიმნის თვიური ანაზღაურება 3 400 ლარი იყო.
ესპანელი მზარეულისთვის დაქირავებულ ბინაში თვეში 12 94 ლარს იხდიდნენ. 2012 წელს მხოლოდ ერთ თვეში მზარეულისა და თარჯიმნის ხარჯები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტს 18 188 ლარი დაუჯდა. მეტიც, ესპანელი მზარეულისა და თარჯიმნის თურქეთში მივლინების ხარჯი 4 728 ლარი და 90 თეთრიც კი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან გადაიხადეს.
„გამოძიებას ეჭვი აქვს, რომ ესპანელ მზარეულსა და მის თარჯიმანს რეალურად გაცილებით დაბალი ხელფასი ჰქონდათ. ამ ნახევარი მილიონი ლარიდან, რაც მათ ხელფასის სახით ერიცხებოდათ, ესპანელი მზარეული სოლიდურ თანხას, ნაღდი ფულით, სანდრა რუსლოვსს უკან უბრუნებდა. ამის დამტკიცება გამოძიებას ძალიან გაუჭირდება, მაგრამ აქ სხვა რამ არის მთავარი. სანდრა რუსლოვსი თავს ძალინ მოკრძალებულ ადამიანად გვაჩვენებდა, მუდამ ხაზს უსვამდა, რომ უბრალო ოჯახში იყო გაზრდილი და ფუფუნებაში არც საქართველოში ცხოვრობდა. მუდამ აცხადებდა, რომ პირველი ლედის სტატუსს ის არ შეუცვლია. თავი დავანებოთ პროკურატურის ეჭვებს და დავუშვათ, რომ 500 000 ლარს მართლა მისი ესპანელი მზარეული და მისი თარჯიმანი იღებდნენ. დამეთანხმებით, ამხელა თანხას მზარეულს წლიურად მხოლოდ მილიონერები უხდიან. ეს ის სანდრა რუსლოვსია, მედიით მუდამ რომ აცხადებდა, ქართულ საჭმელებზე ვგიჟდები, მსოფლიოში საუკეთესო სამზარეულოაო”, – წერს გაზეთი „კვირის ქრონიკა”.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. საუბარია 2009-2012 წლებში 8 მილიონი ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე. ეს სწორედ იმ საკითხთაგანია, როს გამოც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოწმედ დაიბარეს დაკითხვაზე.