"შესაძლოა, მე და მაიაც გაგვაგორონ!" - ეს განცხადება ვახტანგ რჩეულიშვილმა გაზეთ "ვერსიასთან" საუბრისას გააკეთა.
ვის პოლიტიკურ ინტერესებს შეეწირა და "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესამდე ვის აწყობდა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება, ევაჭრებოდა თუ არა რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატი ბიძინა ივანიშვილს და რა კავშირშია მისი სიკვდილი საქართველოში უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ლუცენკოს ვიზიტთან, ამასთან, გახდება თუ არა ნაციონალური მოძრაობის მორიგი მსხვერპლი ვანო მერაბიშვილი? - ამ თემებზე ბიზნესმენი ვახტანგ რჩეულიშვილი "ვერსიასთან" სკანდალურ განცხადებებს აკეთებს.
"სხვათა შორის, კარგად მახსოვს, შევარდნაძის დროს "რუსთავი 2"-ზე მოლაპარაკებები რა რეჟიმში მიმდინარეობდა. ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც შევარდნაძის დროსაც მხარს ნაციონალებს უჭერდა, ერთ მილიონს ედუარდს სთხოვდა. ასეთი პიროვნება იყო - ვინც მეტ ფულს შესთავაზებდა, ავტომატურად, მისი მხარდამჭერი ხდებოდა. პირადად შევესწარი, როცა "რუსთავი 2"-ის მხარდაჭერის სანაცვლოდ, ეროსი შევარდნაძისგან მილიონს ითხოვდა, თუმცა მაშინ შევარდნაძემ ეს ფული არ გადაიხადა. თუ ახლა ივანიშვილი მოინდომებდა ეროსისგან "რუსთავი 2"-ის ყიდვას, ნაციონალებს საბოლოოდ დაასამარებდა. ზუსტად არ ვიცი, შიგნით რა ხდებოდა, მაგრამ ეროსი კიწმარიშვილის მმართველობში ტელევიზიის გადასვლა ნაციონალურ მოძრაობას არ აწყობდა. ამ შემთხვევაში ჩნდებოდა საფრთხე, რომ ივანიშვილთან ვაჭრობას დაიწყებდა, რასაც მკვლელობის გარდა, ვერაფერი შეუშლიდა ხელს", - ამბობს რჩეულიშვილი.
ჟურნალისტის კითხვაზე, ემუქრება თუ არა მას და მის ოჯახს ვინმე, ვახტანგ რჩეულიშვილი პასუხობს:
-როცა შევიტყვე, ჟვანიას ჩემი მოკვლა უნდოდა, მაშინაც მოვლენებს დავასწარი და პრევენციულ ღონისძიებებს მივმართე, ახლაც ასე ვიქცევი. მოგეხსენებათ, ჩემი საქმე გიგი უგულავასა და "დექსუსის" წინააღმდეგ ჯერ კიდევ პროკურატურაში დევს და გამოძიება არ დაწყებულა. ვეჭვობ, დღემდე პროურატურის შიდა და ქვედა რგოლებში ვითარებას ნაციონალები აკონტროლებენ. ვინმეს ჩემი საქმის გამოძიება რომ უნდოდეს, ამას დიდი ხნის წინ მოახერხებდა, მაგრამ ზოგიერთებს დღესაც აშინებენ, შეიძლება მალე ხელისუფლებაში ნაციონალები დაბრუნდნენო. იმისთვის, რომ გიგი უგულავასა და "დექსუსი" მიერ მოპარული 61
მილიონი არ გაიშიფროს, შესაძლოა, მე და მაიაც გაგვაგორონ, რადგან ამ საქმის გახსნით დაინტერესებული ერთადერთი პირები ვართ.
- ანუ გიგი უგულავა თქვენი და თქვენი მეუღლის მკვლელობას გეგმავს?
- გიგი უგულავა დღემდე ციხიდან მართავს ყველაფერს. მისი მონაწილეობით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ქონება დაგვიყადაღეს. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ჰაერზე არაფერს ვამბობ. ამიტომაც ვაცხადებ საჯაროდ: თავის მოკვლას არც მე და არც მაია არ ვაპირებთ! ისე, საქართველოში უკვე მერვე მენაშენე იკლავს თავს, რაც საგანგაშო სიგნალია! ეს ადამიანები ძველმა ხელისუფლებამ გადააგდო, ახალმა კი მათ დასახმარებლად არაფერი გააკეთა.
http://www.ambebi.ge/