“იქნება თუ არა სექსი პლაჟზე?”-კითხვა-პასუხები “კაზანტიპზე”

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  სამოქალაქო სექტორთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. სიგუას განცხადებით ზუგდიდში მალე ტურისტული ცენტრის მშენებლობა დაიწყება, რომელიც რეგიონში ჩამოსულ ტურისტებს სრულად მოემსახურება.

„აქ იქნება ცხენების გაქირავება, შეიკრიბებიან გამყოლები, იქნებიან გიდები, იქნება რამდენიმე ღამის გასათევი საშუალება. მოეწყობა ეთნოგრაფიული კუთხე და პრაქტიკულად ეს იქნება ძირითადი გამანაწილებელი ბაზა, საიდან უნდა წავიდეს ტურისტი, რომ მოხვდეს კანონიონზე, მღვიმეში იქნება თუ ტბაზე“-განაცხადა ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.




გიორგი სიგუას თქმით სამეგრელოს რეგიონში უახლოეს ხუთ დღეში გაიხსნება ხუთი ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც დაკომპლექტდება შესაბამისი კადრებით და უზრუნველყოფს სამეგრელოში ტურისტების დაკვალიანებას. მისივე განცხადებით 7-დან 11 აგვისტომდე დაგეგმილია დიდი მასშტაბის მოლაშქრეთა ფესტივალი ტობავარჩხილის ტბაზე, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო დონის ჟურნალისტები და ცნობილი სახეები.

საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვენელმა ყველაზე მეტად ანაკლიაში დაგეგმილ ელექტრონული მუსიკის ფესტივალ “კაზანტიპი-2014″-ზე ისაუბრა, რომელიც თავისი მაშტაბებით გრანდიოზული იქნება და მასში მონაწილეობას მიიღებს ასზე მეტი ცნობილი შემსრულებელი. ამასთანავე მან აღნიშნა , რომ ფესტივალის გამართვით ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაც უმჯობესდება, რადგან თითო ე.წ “კოიკა” დღეში ანაკლიაში უკვე დაჟავშნულია 80 ევროდ.
“ანაკლია როგორც ტურისტული და გეოგრაფიული ადგილი მოექცა მსოფლიო ყურადღების ცენტრში. მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანმა ვებ-გვერდმა დადო ინტერნეტსივრცეში ათი ყველაზე მნიშვნელოვანი მ,ოვლენა აგვისტოს თვეში. ამ ათ მნიშვნელოვან მოვლენათა ნუსხაში შესულია მაიამის ფესტივალი, ნიუ-იორკის ფესტივალი და სხვა ძალიან დიდი ღონისძიებები, რომელთა რეკომენდაციასაც ეწევა ეს პორტალი. პირდაპირ ტურისტებს ურჩევს თუ სად წავიდნენ და სად რა ხდება. ამ ათ მოვლენათა შორის არის ანაკლიაში აგვისტოს თვეში დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი “კაზანტიპი-2014″. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მეოთხე ადგილზეა ანაკლიის ფესტივალი. მერწმუნეთ, რომ ეს არის კერძო ინვესტორებისთვის დიდი სტიმულის მომცემი. ანუ ის, რომ კონკრეტულად ანაკლიაში რაღაცის გაკეთებას აქვს აზრი, რადგან ის უკვე მსოფლიო დონის დაინტერესებაში ექცევა”-აცხადებს გიორგი სიგუა.

სიგუას განმარტებით “კანაზტიპი-2014”-ის ფესტივალში ჩართული იქნება, როგორც შს სამინიტრო, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო. ადგილზე მობილიზებული იქნება 112-ის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, რომლებიც იზრუნებენ მონაწილეთა და მოწვეულ სტუმართა უსაფრთხოებაზე. ფესტივალზე შესვლის დროს ჩატარდება ჩხრეკა, რათა არ მოხდეს იარაღის შეტანა. რაც შეეხება ნარკოტიკებს, “კაზანტიპი-2014”-ის ყველა მონაწილე, ისევე როგორც სტუმარი გაფრთხილებული იქნება ნარკოტიკული საშუალებების შესახებ ქვეყანაში არსებულ სანქციებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანაკლიის ფესტივალის მნიშვნელოვანი დეტალებზე კონკრეტულად ისაუბრა, დამსწრე საზოგადოებას შორის ისეთებიც აღმოჩნდნენ, ვისაც აინტერესებდა თუ რა ტიპის სექსუალური ურთიერთობები იქნებოდა ფესტივალის ფარგლებში მიღებული.

“იქნება თუ არა მაგალითად, სექსი პლაჟზე?” -ასეთი კითხვა გაუჩნდა დამსწრე საზოგადოებიდან ერთ-ერთს. კითხვაზე პასუხი კი შესაბამისი იყო. ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არასარიოზულად დასმულ კითხვას ხუმრობით უპასუხა:

“რაც დაგაინტერესებთ და არ გქონიათ, ის შესაძლებელია გასინჯოთ”

მცირედი ხუმრობის შემდეგ გიორგი სიგუამ აღნიშნა, რომ ფესტივალზე აღვირახსნილ ქმედებას, არც ორგანიზატორები მიესალმებიან და ფესტივალი არ იქნება ქართული ტრადიციების შეურაცხმყოფელი.

შეგახსენებთ, რომ კაზანტიპის ფესტივალის ჩატარება ანაკლიაში აგვისტოს თვეში იგეგმება.