ნინო ბორჩხაძე პრემიერს: რაც დრო გავა, მეტი შეგაგინებთ...

რაც დრო გავა, მეტი შეგაგინებთ...-ასე მიმართავს არასაპარლამენტო ოპოზიციის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ნინო ბორჩხაძე პრემიერს. ის „ესიბუქზე“ ვრცელ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ერთი კვირის წინ, ფალიაშვილზე 26 წლის ბიჭი დააპატიმრეს ჩვენი ნათელი და თბილი, ტკბილი წარსულიდან სულ ახლახან დაბრუნებულმა "ოპერებმა".. ჰოდა, რატომ, იცით? - მთავრობას აგინა. მთავრობას და მათ პატრონს კიდევ, ზემოდან.... ბატონო ჰაკიმ: დიახ, თქვენ გაგინებენ... თქვენ გაგინებთ დღეში სამჯერ, როგორც მინიმუმ 84.000 თბილისელი. დღეში ერთხელ, როგორც მინიმუმ, კიდევ 200.000 მდე თბილისელი და ვინ მოსთვლის, რამდენი არა-თბილისელი... არა, იმიტომ კი არა, რომ თქვენი მრავალწახნაგოვანი ჰაბიტუსი არ მოსწონთ, სიმაღლეს ან მანერებს გიწუნებენ... თქვენ გაგინებენ, რადგან: თქვენ და თქვენი გუნდი წარმატებით აფუჭებთ ყველაფერს, რაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაგხვდათ.. თქვენ და თქვენი ცოლის დაქალები, უკაცრავად, ნათესავები (და არა თქვენი ნათესავები, რასაკვირველია), არა მხოლოდ კვალიფიკაციით, ინტელექტუალური და გონებრივი განვითარებითაც კი ვერ ეწევით წინამორბედებს, რომლებიც, პრინციპში, როგორც აღმოჩნდა, არ მოგვწონდა. ძალიან არ მოგვწონდა.

თქვენ აღადგინეთ არა სამართლიანობის განცდა, რომელზეც, სავარაუდოდ წარმოდგენა არ გაქვთ, ისევე, როგორც სხვა დანარჩენ ცნებებზე, არამედ ყველაზე მანკიერი დროის, ყველაზე კორუმპირებული და მახინჯი შერჩევის მეთოდი, საკადრო პოლიტიკის გატარებისას: ერთადერთი ნიშანი, რომლითაც თქვენ ნებისმიერ პოზიციაზე ადამიანებს ასაქმებთ - სიმამრისა და ოჯახის წევრებისადმი ერთგულება/მორჩილება/ნათესაობაა.

იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 თვეში თქვენმა პატრონმა, ბოდიში, უფროსმა ქუჩაში გაყარა 700 ადამიანი, რომლებიც ხელისუფლებაში მოსასვლელად ყველამ ერთად გამოყენეთ და არავის უკითხავს მათი ასავალ-დასავალი;

იმიტომ, რომ თქვენ და თქვენი გუნდი, ქუჩაში კიდევ 15.000 ადამიანის გაგდებას გეგმავთ, რომლებიც მხოლოდ იმიტომ უნდა დარჩნენ უმუშევრები, რომ თქვენი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები არ არიან. იმიტომ, რომ თქვენ, როგორც სახელმწიფოს ფაქტობრივ მმართველს, ბოდვის და აბდა-უბდა წინადადებების გარდა, პოზიცია არ დაგიფიქსირებიათ ამ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, მაგალითად, - მავთულხლართების გადმოწევის საკითხზე, რომელიც თქვენ და თქვენმა მხარდამჭერებმა, საქილიკო საგნად აქციეს, სინამდვილეში კი, ქვეყანას ეს, კონკრეტულ კვადრატულ კილომეტრებად უღირს, სხვა თუ არაფერი.

იმიტომ, რომ თქვენი თანაგუნდელები ნამდვილად თანამშრომლობენ კრიმინალურ ავტორიტეტებთან, რომლებიც ნამდვილად არიან კრიმინალური ავტორიტეტები და მათთვის, ლამის სახელმწიფო დაცვისა და მანქანების გამოყოფა უბრალოდ სირცხვილია, სხვა თუ არაფერი... დიახ, ბატონო ჰაკიმ, თქვენ გაგინებენ, გაგინებენ ყველა ბრუნვაში, ყველა რიცხვსა თუ პირში და რაც დრო გავა, მეტი შეგაგინებთ... აბა თქვენ იცით, მიაკითხეთ სათითაოდ ყველას ოჯახში და დააპატიმრეთ ჩვენი ტკბილი, მურაბა, ოქროს წარმომადგენლების ხელით, რომლებიც ასევე ტკბილი, თბილი და ნათელი წარსულიდან ასე უცებ დაგვიბრუნეთ“,-წერს ბორჩხაძე