ნინო ბურჯანაძე: ვშიშობ, პრემიერის განცხადებას უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი მოყვება

„გამოცხადება იმისა, რომ პოლიციელმა იმოქმედოს ისე, რომ უპირველეს ყოვლისა დაიცვას საკუთარი სიცოცხლე, ეს ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი ქვეყანაში გაგრძელდება“ - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ  პოლიციელებს  აქვთ  კანონით მინიჭებული უფლება, რომ დაიცვან უსაფრთხოება და პირველ რიგში საკუთარი სიცოცხლე.



„კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ნებისმიერი უდანაშაულო ადამიანის დაღუპვა დიდი ტრაგედიაა, მით უფრო, როდესაც ეს ადამიანი სამშობლოსა და ქვეყანას ემსახურება. თუმცა არ შემიძლია საგანგებოდ არ გამოვეხმაურო პრემიერმინისტრის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და სამწუხაროდ, არაკომპეტენტურ განცხადებას, რადგან ვშიშობ ამას მოყვება ე.წ „ნულოვანი ტოლერანტობა“ და უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი,“ - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი.

მისი თქმით,  ჩვენმა პრემიერმინისტრმა  და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, როგორც ჩანს,  უბრალოდ არ იცის, რომ პოლიციელის, ჯარისკაცის უპირველესი მოვალეობა საკუთარი სოცოცხლის დაცვა კი არ არის, არამედ მოქალაქეებისა და კანონის დაცვაა. სწორედ ამიტომაა ეს პროფესიები განსაკუთრებულად დაფასებული. გამოცხადება იმისა, რომ პოლიციელმა იმოქმედოს ისე, რომ უპირველეს ყოვლისა დაიცვას საკუთარი სიცოცხლე, ეს ნიშნავს იმას რომ დიდი ალბათობით უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი ქვეყანაში გაგრძელდება.

„ისევე.  როგორც ბევრი სხვა მიმართულებით, ამ მხრივაც ქვეყანა არასწორი გზით მიდის, რადგან გამოუძიებელ მკვლელობებს, აუცილებლად მოყვება მკვლელობათა სერიის გაგრძელება, ხოლო ასეთ განცხადებებს აუცილებლად მოყვება უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი. იმედი მინდა ვიქონიო, რომ ხელისუფლება გაიგონებს ჩემს ნათქვამს და შემდეგში გააკეთებს უფრო კორექტულ განცხადებებს, რათა ამას არ მოყვეს კიდევ უფრო მძიმე შედეგი,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.