რატომ ფრიალებს გული


გულის კუნთი განსაზღვრული ტემპითა და რიტმით იკუმშება. ჯანმრთელი ადამიანის გულისცემა რიტმულია და ვინაიდან ავტომატური პროცესია, ნაკლებად არის დამოკიდებული ადამიანის ნებაზე. ისე რომ, ჯანმრთელი ადამიანი ვერც კი ამჩნევს, როგორ მუშაობს მისი გული. გულის "ფრიალის" მიზეზი კი, არიტმიაა. არითმია გულის ნორმალური რიტმის დარღვევაა. ჩვეულებრივ, მაჯაზე ხელის დადებისას რიტმულ გულისცემას შევიგრძნობთ. თუმცა არის შემთხვევები, როცა გულის რიტმული მუშაობა ირღვევა. სწორედ ეს არის არითმია. ხალხში ამას პულსის გამოვარდნას, გულის ფრიალს, გულის აჩქარებას უწოდებენ. მისი მიზეზი შესაძლოა იყოს:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
მეტაბოლური და ენდოკრინული დარღვევები;
ფსიქოემოციური გადაძაბვა, ცენტრალური ნერვული და/ან ვეგეტატიური ნერვული სისტემის ესა თუ ის პათოლოგია;
მედიკამენტების (შარდმდენები, ანტიარითმიული და დიგიტალისის პრეპარატები, საფაღარათო საშუალებები) მიღება;
ორგანიზმის ინტოქსიკაცია;
სხეულის ტემპერატურის მკვეთრი დაქვეითება, გადაცივება.
არსებობს სიცოცხლისთვის საშიში არითმიები, რომლებიც გონების დაკარგვით და ზოგჯერ სიკვდილითაც კი მთავრდება და ისეთი ტიპის არითმიები, რომლებიც მკურნალობას არ საჭიროებს. არითმია შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც რომელიმე სერიოზული დაავადებით, ასევე ისეთი ბანალური, ყოფითი მიზეზით, როგორიც არის ემოციური გადაძაბვა, ყავის დიდი რაოდენობით მიღება.
ტაქიკარდია კი გულისხმობს მდგომარეობას, როდესაც გულის შეკუმშვების რიცხვი სხეულის ნორმალური ტემპერატურისა და მოსვენებისას წუთში 80 და მეტი დარტყმაა, ხოლო ფეხზე დგომისას წუთში 100-ს აღემატება. ტაქიკარდიის დროს პულსის გახშირებამ შესაძლოა წუთში 150 დარტყმას მიაღწიოს. ტაქიკარდია ნორმალურად ითვლება ფიზიკური დატვირთვის, ნერვული გადაძაბვის, სხეულის ტემპერატურის მატების დროს. მაგრამ არსებობს მდგომარეობებიც, რომელთა დროსაც ტაქიკარდია პათოლოგიურ გამოვლინებად მიიჩნევა. მათ მიეკუთვნება:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
ჰიპერთერმია (სხეულის ტემპერატურის მომატება);
ინტოქსიკაცია (მედიკამენტებით, ალკოჰოლით, კოფეინით, ნიკოტინით და სხვა);
ანემია;
ემოციურ-ნევროზული ფონი; 
თირეოტოქსიკოზი.


http://www.mkurnali.ge/