როგორ დავწიოთ წნევა – 15 მარტივი საშუალება



1. ზედმეტი წონისგან გათავისუფლდით.
ჰიპერტონია ჭარბწონიანი ადამიანების დაავადებაა. ყოველი დაკლებული კილოგრამი წნევას 1 მმ–ით აქვეითებს.
2. სიგარეტის რაოდენობა შეამცირეთ.
თამბაქო შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც სისხლძარღვებს ავიწროებს და ნაკლებად ელასტიკურს ხდის. ყოველი ღერი მოწეული სიგარეტის შემდეგ წნევა იმატებს. ეს ეფექტი 2 საათი გრძელდება. წლებთან ერთად სისხლძარღვები სულ უფრო ნელა უბრუნდება საწყის მდგომარეობას, რაც ჰიპერტონიის განვითარების რისკს ამაღლებს. მოცემულ სიტუაციაში ყველაზე სწორი ნაბიჯი მოწევისთვის თავის დანებებაა. თუ არ გამოგდით, სიგარეტის რაოდენობა შეამცირეთ.

3. მარილის მოხმარება შეზღუდეთ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, 45 წლის ზევით ყველა ადამიანმა საჭმელში მარილის მოხმარება უნდა შეამციროს, ხოლო რომელთა მშობლები ჰიპერტონიით იტანჯებიან, მარილი უფრო ახალგაზრდა ასაკში უნდა შეზღუდონ. მარილის დღიური დოზა 1 ჩაის კოვზს არ უნდა აჭარბებდეს. ამ რაოდენობაში იგულისხმება ის მარილიც, რომელსაც შეიცავს მზა პროდუქტები – ძეხვი, ნახევარფაბრიკატები, წვნიანის ფხვნილები, კონსერვები.
4. ნაკლებად ცხიმიანი საკვები მიიღეთ.
ცხიმიანი საჭმელი წნევას უშუალოდ არ ამაღლებს, მაგრამ ხელს უწყობს ქოლესტერინის ფოლაქების გაჩენას, რომლებიც ჰიპერტონიის დროს სისხლძარღვებზე დატვირთვას კიდევ მეტად ზრდის.
5. ჭამეთ მეტი ხილი და ბოსტნეული.
ისინი მდიდარია ანტიმჟანგავებით, ვიტამინებით, უჯრედისით – ნივთიერებებით, რომლებიც სისხლძარღვებს ამაგრებს და ზოგადად ჯანმრთელობას აუმჯობესებს. ვინც ახალგაზრდობასა და მოწიფულობის წლებში ბევრ ბოსტნეულს მიირთმევს, ხანდაზმულობის ასაკში ჰიპერტონიით იშვიათად იტანჯება.
6. გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთი ხელს უწყობს წნევის დაკლებას, სისხლძარღვების კედლებს ამაგრებს, უფრო მტკიცეს ხდის.
7. დალიეთ მწვანე ჩაი.
მასში არსებული ფლავონოიდები სისხლძარღვების მდგომარეობას აუმჯობესებენ.
8. მოერიდეთ კოკა–კოლას.
გამოკვლევებით დამტკიცდა, რომ კოკა–კოლა წნევას ამაღლებს. ჯერჯერობით დადგენილი არ არის, ამაში რომელი კომპონენტია დამნაშავე – კოფეინი თუ შაქარი, მაგრამ ერთი რამ ცხადია – კოკა–კოლა ჰიპერტონიკებისთვის საუკეთესო სასმელი არ არის.
9. ღვინო ზომიერ დოზებში სასარგებლოა.
მცირე ულუფა წითელი ღვინო წნევას დაბლა სწევს, მაგრამ სპირტიანი სასმელების ბოროტად გამოყენებას უკუეფექტი აქვს. მამაკაცებს შეუძლიათ დღეში არაუმეტეს 300 მლ–ისა ღვინო დალიონ, ქალებს – 150 მლ–მდე.
10. კალციუმი მიიღეთ.
ცნობილია, რომ კალციუმი ძვლებისთვის სასარგებლოა, მაგრამ ცოტამ იცის, რომ წნევის დაწევას ეხმარება, ვინაიდან ორგანიზმიდან ზედმეტი მარილი გამოაქვს. კალციუმის წყაროა: რძის პროდუქტები, სარდინი, ფოთლოვანი ბოსტნეული (სალათა, რეჰანი, ოხრახუში, ქინძი და სხვა მწვანილი), კომბოსტო, ბროკოლი, ჩირი.
11. არ დაივიწყოთ მაგნიუმი
მაგნიუმს უნიკალური თვისება გააჩნია: სისხლძარღვების კედლებს შიგნიდან ამაგრებს. მაგნიუმის ნაკლებობისას ხშირია წნევის ხტუნვა. ამ ნივთიერებით მდიდარია ნიგოზი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ოსპი, ბურღულეული (მუქი ფერის ბრინჯი, წიწიბურა, ქერის ბურღული), ზღვის პროდუქტები.
12. რაციონში თევზი ჩართეთ.
თევზი (ორაგული, თინუსი, პალტუსი) შეიცავს ომეგა 3 ცხიმმჟავას, რომელიც სისხლძარღვებზე სასიკეთოდ მოქმედებს. აღნიშნული სახეობის თევზი გასახდომ დიეტაში ჩართეთ, არამხოლოდ წონას შეამცირებს, ასევე წნევასაც.
13. სპორტით დაკავდით.
ფიზკულტურა სისხლის დინებას აუმჯობესებს, სისხლძარღვებს ამაგრებს და წნევის ნორმალიზაციას ეხმარება. საუკეთესოა ყოველდღიურად არანაკლებ 30 წუთისა ივარჯიშოთ (ან კვირაში 3–ჯერ მაინც). წნევის უეცარი ხტუნვა რომ არ მოხდეს, სანამ წვრთნას დაიწყებთ, ექიმთან კონსულტაცია გაიარეთ. ასევე დატვირთვა თანდათან გაზარდეთ.
14. ტონომეტრი შეიძინეთ.
ჰიპერტონია ქრონიკული დაავადებაა, ამიტომ საჭიროა წნევის რეგულარულად გაზომვა. ეს მდგომარეობის შეფასებასა და პრობლემის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ.
15. სტრესი შეამცირეთ
მომატებული წნევის ერთ–ერთი მიზეზი სტრესია, რომლის დროსაც სისხლში გადაისროლება ჰორმონი კორტიზოლი (წნევას უმატებს). ადამიანს, რომელიც ხშირად ნერვიულობს, დროთა განმავლობაში ქრონიკული ჰიპერტონია უვითარდება. სტრესს კარგად ხსნის ცურვა, იოგა, ბუნებაში სეირნობა, ზღვის სანაპიროზე დასვენება, მომადუნებელი მასაჟი. სასარგებლოა ჰობი – ცეკვა, ხატვა. ქალებში ნერვულ დაძაბულობას კარგად ხსნის თავის მოვლა – სილამაზის სალონში სიარული. მამაკაცებზე ანალოგიურად მოქმედებს თევზაობა, ჭადრაკის თამაში. როგორიც უნდა იყოს თქვენი არჩევანი, მნიშვნელოვანია, სიამოვნება მოგანიჭოთ.

http://presa.ge/