პრემიერის მიერ გუშინ გახსნილი საწარმო დღეს დაკეტილია [Video]

პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 ივნისს გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში ხილის შემნახველი საწარმო გახსნა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ საწარმო უკვე ფუნქციონირებს და ატამს იბარებს. გახსნიდან მეორე დღეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს საწარმო დაკეტილი დახვდა. დაცვის თანამშრომელმა განმარტა, რომ გუშინ 300 კილოგრამი ატამი ახლობლისგან ჩაიბარეს, რათა პრემიერისთვის საჩვენებელი გახსნა მოეწყოთ.  


სოფელ ჩუმლაყში ხილის შემნახველი საწარმო შპს „ქართული ხილის კომპანიას“ ეკუთვნის. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომპანია 2013 წელს დაფუძნდა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 600 000 დოლარის ოდენობის 3%-იანი კრედიტი მიიღო. კომპანიას შეძენილი აქვს ხილის დამხარისხებელი იტალიური დანადგარები. საწარმო ორი ნაწილისაგან შედგება, რომელთაგან ერთში ხილის დამუშავება, გასუფთავება და დაფასოება ხდება, ხოლო მეორე 400-ტონიანი სამაცივრე მეურნეობაა.

კომპანიის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა ლევან ნოზაძემ გუშინ პრემიერს უთხრა, რომ საწარმო ზაფხულის და შემოდგომის სეზონზე დააფასოებს და გაყიდის ვაშლს, ატამსა და ვაშლატამას, საწარმოში 50-მდე ადამიანი დასაქმდება.

ირაკლი ღარიბაშვილი: „მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას. ძალიან კარგია, ის რომ დაემთხვა 2 კვირის წინ, რუსეთის ბაზარმა შეგვიშვა კიდევ. დამატებით გაიხსნა ბაზარი პროდუქტებისთვის, მათ შორის ატმისთვის. ეს ძალიან კარგია. ასევე, ძალიან კარგია, რომ ასეთი თანამედროვე ევროპული სტანდარტის საწამო გაიხსნა და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამის საჭიროება არსებობდა. რაც მთავარია, მოსახლეობას, გლეხებს შეეძლებათ, რომ ხილი ჩააბარონ და რეალიზაცია მოახდინონ. რუსეთში გაიტანთ ამას ხომ?

ლევან ნოზაძე: აუცილებლად.

ირაკლი ღარიბაშვილი: რუსეთში, ან უკრაინაში და აშ.

ლევან ნოზაძე: ბელორუსიაში, დაკონტრაქტებული ვართ უკვე და ვფიქრობთ, რომ 3 ათასი ტონა მინიმუმია, რომელსაც ამ წელს საწარმო გააკეთებს.

ირაკლი ღარიბაშვილი: რამდენს ველოდებით წელს?

ირაკლი შიოლაშვილი, კახეთის გუბერნატორი: გაცილებით მეტს ველოდებით, მაგრამ ამის გარდა, კიდევ სხვა სამაცივრეებში, ზუსტად იგივე პროცესები მიდის. ანუ გაციება წავა და შემდეგ გატანა მოხდება.

ირაკლი ღარიბაშვილი: პირველ რიგში, მე მინდა მივულოცო ნამდვილად ბატონ ლევანს. ძალიან კარგი საწარმო ააშენა ძალიან მოკლე დროში. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, თუ როგორ შედგა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა. ეს არის ურთიერთთანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი. კერძოდ, მე ვგულისხმობ იაფი აგროკრედიტით სარგებლობას. სწორედ ამის ფარგლებში შესაძლებელი გახდა, რომ ეს საწარმო ულტრათანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი, აშენებულიყო კახეთში, ამ მეტად მნიშვნელოვან რაიონში, ვინაიდან აქ არის ცენტრი. ატმის ძალიან დიდი მოსავალი აქ მოდის და სწორედ ამიტომ, მე მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ამ რეგიონს. შემდგომი ეტაპი იქნება ხილის გადამამუშავებელი ქარხნის აშენება და ჩვენ ამაშიც დავეხმარებით. კიდევ ერთხელ მინდა, რომ განვმარტო, ჩვენ მაქსიმალურად ყველა პირობას ვქმით, რომ ბიზნესი განვითარდეს საქართველოში და ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან ერთად“.