ზაფხული, მზე და... ფლირტი!

ზაფხული ფლირტის სეზონია - ამაში ფსიქოლოგებიც დაგვეთანხმებიან. როგორც არასდროს, ზაფხულში ისე გვინდა მეტი თავისუფლება, მეტი დრო გართობისთვის, მეტი ხალისიანი ფერი და ლამაზი ტანსაცმელი. ბუნებრივად ჩნდება კეკლუცობის მოთხოვნილება. ძალიან გვინდა, ვიღაცას მოვწონდეთ, ვიღაც აღფრთოვანებული იყოს ჩვენით.

როცა თბილა და მზე ანათებს, ცხოვრებაც უფრო მომხიბვლელი გვეჩვენება. ამიტომ, ცოტათი ქარაფშუტობის უფლებასაც ვაძლევთ ხოლმე საკუთარ თავს. არაფერი ცუდი და საგანგაშო ამაში არ არის, მაგრამ, ზომიერება აუცილებლად უნდა დაიცვათ.


ზომიერება ყველაფერში საჭიროა, მით უმეტეს - „ამურულ“ საქმეებში. ფლირტი პრობლემად არ უნდა გექცეთ, ის ხომ სიამოვნებისთვის არის მოგონილი!

დაიცავით რამდენიმე აუცილებელი წესი: ნუ მისცემთ ფლირტს გაღრმავების უფლებას, ეს იმას ნიშნავს, რომ გული და საკუთარი თავი არ უნდა მოატყუოთ, რათა, საბოლოოდ იმედგაცრუებული არ დარჩეთ. ფლირტი არის ფლირტი და, თუ მას რომანში აურევთ, ანუ ფლირტის პარტნიორს იმ მოთხოვნებს წაუყენებთ, რასაც შეყვარებულს, შეცდომას დაუშვებთ.

ფლირტი არ გულისხმობს სერიოზულ ურთიერთობას. შესაძლებელია, ის სერიოზულ ურთიერთობაშიც გადაიზარდოს, მაგრამ, არა ცალმხრივად.

არ შეიქმნათ ილუზიები პარტნიორთან მიმართებაში და არ ააგოთ ოცნების კოშკები, როცა მისი სურვილები ფლირტის საზღვრებს არ სცილდება. ცოტა სითბო, ცოტა ყურადღება, ცოტა კეკლუცობა დასაშვებია, მაგრამ, გახსოვდეთ: ფლირტი ზაფხულის სეზონთან ერთად დამთავრდება და, ნუ მოიქცევით ისე, რომ საშემოდგომოდ დეპრესია „აიკიდოთ“!