ია სუხიტაშვილი მკერდის გამოჩენის გამო ბოდიშს იხდის

ია სუხიტაშვილი ფიქრობს, რომ პოპულარობისთვის სკანდალებით არ მიუღწევია და, რასაკვირველია, ეს ასეც არის. ცდილობს, საქმით გახდეს პოპულარული, თუმცა ამბობს იმასაც, რომ მისი მეუღლე, ასევე მსახიობი მიშა მესხი, მასზე გაცილებით ცნობილია და ქუჩაშიც უფრო ხშირად მის დანახვაზე გამოხატავენ რეაქციას, იას კი ზოგჯერ, თქვენ წარმოიდგინეთ, ვერც ცნობენ.

- ბავშვობაშიც არ მქონია იმის ამბიცია, რომ პოპულარული ვყოფილიყავი. მსახიობობაზეც არ მიფიქრია. ძალიან დაკოპლექსებული გახლდით. გამხდარი ვიყავი და სადაც უნდა წავსულიყავი, ყველა ამას მეუბნებოდა, ამიტომაც ისეთ პროფესიაზეც არ მიფიქრია, რასაც პოპულარობა მოაქვს. თუმცა რადგან გადავწყვიტე თეატრალურში ჩაბარება და გავხდი მსახიობი, ეს თავისთავად მოხდა.
ყოველთვის მინდოდა, მეკეთებინა საქმე და ამით გავმხდარიყავი ცნობილი. დღეს რასაც ვკითხულობ, ძირითადად, სკანდალებით ხდებიან ცნობილები. ჩემს ბევრ კოლეგას უთქვამს, მინდა ვიყო პოპულარულიო, მაგრამ არასდროს უთქვამთ, რომ სურდათ, თავიანთი საქმით გამხდარიყვნენ ცნობილები. მათ გვარებს ვერ დავასახელებ, რადგან ძალიან ცნობილი სახეები არიან.

მე გამიმართლა, რომ თეატრში რამდენიმე როლი შემხვდა, რომელმაც გარკვეულ საზოგადოებაში გამხადა პოპულარული. ნელ-ნელა ალბათ ამან მოიტანა ცნობადობა. პირველად ეს მაშინ ვიგრძენი, როდესაც რუსთაველის თეატრში ოფელია ვითამაშე. პრემიერის შემდეგ ყველაფერი სხვანაირად წავიდა.
- ფართოდ პოპულარული როდის გახდი?
- იმის მიუხედავად, რომ უამრავი კინოროლი დამიგროვდა, ვერ ვიტყვი, რომ ქუჩაში ყველა მცნობს. ჩემი მეუღლე ჩემზე ბევრად პოპულარულია. არიან ჩემზე პოპულარული ადამიანები, მაგალითად, რუსკა მაყაშვილი, ანრი ჯოხაძე.
''X ფაქტორსაც'' თავიდანვე არ დავთანხმდი, რადგან მგონია, რომ ტელევიზია ჩემი არ არის. ძალიან აზარტული ვარ, მყავდა და მყავს ჩემი ფავორიტები შოუში, ამას სხვა მუღამი დავუჭირე, მაგრამ ჩემი ცხოვრების ნაწილი ტელევიზია ვერასდროს გახდება. აქაც გამიმართლა, რომ ასეთ გემოვნებიან გადაცემაში მოვხვდი, სადაც ყველა თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებს.
- კრიტიკა მსმენია შენი და გეგას წყვილზე, სხვა წამყვანებთან შედარებით, ნაკლებად ენერგიულები და სიტყვაძუნწები არიანო.
- ვეთანხმები ამ კრიტიკას. წამიკითხავს შედარება ვანოსა და თიკას წყვილთან. მიკვირს, რაღა მაინცდამაინც მათ გვადარებენ, პროპორციაშიც ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან, რეალურად მათ ცოტა სხვა სტილის გადაცემაც მიჰყავდათ, სადაც შეიძლებოდა, უფრო მეტი ''კაიფი'' და მუღამი დაგეჭირა. მე არ შემიძლია ზედმეტი ლაზღანდარაობა და ოხუნჯობა. ამბობენ, ცოტა მკაცრი ხარო. არ ვიცი, როგორ უნდა ვიყო მკაცრი.
- უამრავი ადამიანი გახდა პოპულარული, თუ შემატა თავის ცნობადობას გარკვეული ქულები, მკერდის დემონსტრირებით. შენც გამოჩნდი შოუში ისეთ სამოსში, რომელშიც მკერდი გამოგიჩნდა.
- ეს იყო ჩემი მხრიდან ძალიან დიდი შეცდომა. როდესაც მოზომებაზე მივედი, კაბას ჰქონდა მილისებური ღრმა დეკოლტე, თუმცა არაფერი ჩანდა. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ სამოსის მორგებისას მოძრაობაშიც უნდა მენახა, როგორი იყო. გადაცემის მსვლელობისას, ემოციებში რომ შევედი და ხელები გავშალე, გადაიხსნა ეს კაბა. თანაც, ყველაზე ცუდი ისაა, რომ ქვევით არ დამიხედავს. არც სკანდალური ქცევით ვარ ცნობილი, არც ექსტრავაგანტური სამოსით. მინდა, რომ საზოგადოებამ ერთხელ მაპატიოს, რადგან თავად ვიგრძენი თავი უხერხულად. ბოდიშს ვუხდი მათ, ვისაც არ ესიამოვნა. კიდევ კარგი, არ მაქვს ისეთი ზომები, რომ კიდევ უფრო მკვეთრად მოხვედროდათ თვალში.
- მსახიობი ხარ და სხეულის მოშიშვლება, პრინციპში, არ უნდა გიკვირდეს.
- კინო სულ სხვა რამეა, როცა სხეულის მოშიშვლება ბუნებრივია და რაღაც კადრები აუცილებელიცაა. თან, გააჩნია მკერდს, გააჩნია სცენას და ფილმს. მე საკმაოდ ხარისხიან ფილმებში მაქვს მონაწილეობა მიღებული, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე უჩვენებიათ. ''გაიღიმეთ''-შიც მიჩანს მკერდი, მაგრამ ეს სულ სხვაა. მსახიობს ეს არ უკვირს და არც უნდა გაუკვირდეს, თუმცა სცენაზე ამას მეორედ არ გავაკეთებ.
- რას არ გააკეთებ პოპულარობისთვის?
- რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს, ეს არის ტენდენცია, რომელიც სოციალურ ქსელში დამკვიდრდა. აქვეყნებენ თვითონვე რაღაცებს, მაგალითად, ტელეფონში მოწერილ სკანდალურ მესიჯებს, თვი-თონვე იგონებენ ამბებს და მერე სტატუსებს დებენ. ასეთი რაღაცები მეზიზღება და ამას არასდროს გავაკეთებ. როცა მომღერალი, მსახიობი ხარ, უნდა შეეცადო, საქმით გახდე სალაპარაკო, ვიდრე სტატუსებითა და მესიჯებით. ისიც არ მომწონს, რაც ''თბილისი ლაივს'' აქვს გაკეთებული, რუბრიკა, სადაც ცნობილი ადამიანები მათდამი მიწერილ კომენტარებს კითხულობენ და მერე პასუხობენ. არაერთხელ მიმიწვიეს ამ რუბრიკაში და არ დავთანხმდი. რა არის, როცა ვიღაცას ეჩხუბები, ამას და ამას რატომ მწერო. ვნახე, სანდრო კაკულია რომ კითხულობდა, რა გინდა სერიალშიო, სამი ასოს კომბინაცია ხარო. სანდრო კი პასუხობს, მე არ ვარ და შენ ხარო. რა უბედურებაა, მეორე კლასში ხომ არ ვართ. რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრი შეიძლება არსებობდეს შენზე, ვიღაცას მოსწონხარ, ვიღაცას - არა. ჩემთვის ნორმალურია, რომ ვინმეს არ მოვწონდე.
- ვისი პოპულარობა მოგწონს და არ მოგწონს?
- თბილისში ძალიან ადვილი გახდა პოპულარობა, იმდენად, რომ ჩემთვის ძალიან ''ზერო'' ადამიანებიც პოპულარულები არიან. მეცინება მათზე... ალბათ, ეს ტატუსავით არის, როცა ერთ ტატუს იკეთებ, მერე - მეორეს და ბოლოს ვეღარ ჩერდები.
ჩემი აზრით, დადებითად პოპულარულია თინა დალაქიშვილი, რომელიც არ არის პროფესიონალი მსახიობი, მაგრამ მგონი, ჩემზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. კარგად მიჰყვება ამ გზას და ძალიან მაგრად თამაშობს.
- თუმცა პრესაში არასდროს ჩნდება.
- ეს მისი ნებაა, მაგრამ ზოგადად მე ყოველთვის მირჩევნია, თავად ვილაპარაკო საკუთარ თავზე, ვიდრე დამახინჯებული ფაქტები გავრცელდეს.
- მახსოვს, როდესაც ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობისას შენს წონაზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა.
- ყველაზე მეტად სწორედ მაშინ მაწყენინეს. იქნებ, ისეთი შენი მჭირდა, რომ ის შოუ ჩემი ბოლო ბანაობა იყო?  ისეთი რაღაცები წავიკითხე მაშინ, ვერ მოვიტყუები, რომ ვიტირე, მაგრამ ის წყენა დღემდე მომყვება. ძალიან ბოროტი ხალხია. არაფერი მიმიწერია, რა თქმა უნდა... ასეთი რა დავუშავე...
- ყურადღების ცენტრში რომ ხარ, იძაბები თუ არა?
- როცა ცნობილი სახე ხდები, რაღაცებში შეზღუდული ხარ. ზოგჯერ გინდა, აიწყვიტო, ისე გაერთო, მაგრამ უნდა გააკონტროლო თავი. მაგალითის მიცემაც ხომ შეგიძლია ადამიანებისთვის, ისე არ მოიქცე, რომ ხალხს შენზე შთაბეჭდილება დაეკარგოს. ბევრი დაუკრეფავში გადავიდა და არასდროს უნდა დაივიწყონ, რომ ცნობილი სახეები არიან. მაგალითად, მე მაქვს ცუდი დამოკიდებულება, როდესაც ნაგავს ქუჩაში, ან სახლიდან ისვრიან...
კიდევ, კარგია, თუკი პოპულარობას გამოიყენებ ქველმოქმედებისთვის. ვგიჟდები ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის წყვილზე, რომლებიც ქველმოქმედებას ეწევიან. ანჯელინა განვითარებად ქვეყნებში რომ ჩადის, საოცარი მაგალითია. არ არის აუცილებელი, მათსავით ბევრი ფული გქონდეს, რადგან კეთილი საქმის კეთება ნებისმიერს შეუძლია თავისი მცირე ფინანსური შესაძლებლობებითაც. მე ვარ ერთ-ერთ საქველმოქმედო ორგანიზაციაში და ხშირად ვმართავთ აქციებს.
- სხვა თემაზეც ვისაუბროთ. პოპულარობამ შენს პირადულზე რა გავლენა მოახდინა?
- მეთხუთმეტე წელია, რუსთაველის თეატრში ვარ. იქ არიან ჩემი მეგობრები, მათ შორის მამაკაცები, რომლებთან ერთადაც ბავშვობიდან მოვდივარ და გული მწყდებოდა, თუკი მათსა და ჩემზე რაიმეს ამბობდნენ. მე და მიშას, ჩვენი ურთიერთობის დასაწყისში, არ გვინდოდა ამ ამბის გახმაურება. კვირა არ გავიდოდა, რომ სადღაც ჩვენი ფოტო არ გვენახა (იცინის). იმდენჯერ დაგვაშორეს ერთმანეთს, რომ ვეღარ ვითვლით. მე ტიპური ცოლი არ ვარ, თუკი დილის ხუთ საათამდე რეპეტიცია მაქვს, მიშას არ მოვთხოვ, რომ უჩემოდ არსად გაადგას ფეხი. მიშა სხვა ტიპია, დღეს შეიძლება თბილისში იყოს, ხვალ - ბათუმში. ერთმანეთს ჯაჭვით ხომ არ გადავებმებით. თუკი მასთან ერთად ვერ მხედავენ, ე.ი. დავშორდით? ყელში ამოვიდა მეხუთე წელია ამის მოსმენა, რომ მე და მიშა დავშორდით. ცოტა ნერვების მომშლელია. მე და მიშა თავიდანვე შევთანხმდით, რადგან მე არ მიყვარს კლუბები, ამიტომ მიშამაც არ უნდა იაროს?!.
- თაყვანისმცემლების თემა როგორ არის?
- არა მგონია, ვინმემ რამე გაბედოს. სოციალურ ქსელში ძირითადად მწერენ, ძალიან მიყვარხარ, კარგი მსახიობი ხარო.
ამას წინათ ერთ გადაცემაში მკითხეს ისეთი რამ, რაც ძალიან მეწყინა. ყველა ვფიქრობდით, რამდენ ხანს გაქაჩავდა თქვენი ქორწინებაო, გეგონება, ტოტალიზატორი იყოს და ფსონებს დებდნენ. მერე ეს შეკითხვა გადაცემიდან ამოიღეს. როცა ჩვენი ურთიერთობა დავიწყეთ, მიშას გარშემო იყვნენ სხვა გოგონები. კაცია და ექნებოდა ურთიერთობები, თუმცა რაღაც პერიოდი ვერ დამთავრდა და ბევრჯერ ნერვებიც მომშლია ამის გამო და შეხლა-შემოხლა მქონდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, მიშა ძალიან ერთგული ქმარია... ამ მხრივ მოლოდინსაც გადააჭარბა, რუსულად ამას ''ადნალიუბს'' ეძახიან.
- ''ცეკვებზე'' მიშას გამოვარდნას მტკივნეულად შეხვდი.
- ამაზე ალბათ თავად უნდა ილაპარაკოს, მე შემიძლია, იმ პერიოდზე ვთქვა, როცა მე ვმონაწილეობდი და ძალიან ძლიერი კონკურსანტები იყვნენ. პირველი და მეორე ადგილიც ძალიან სამართლიანად გადანაწილდა რუსკასა და გიორგის შორის. ერთადერთი, რაც ამ შოუზე შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ძალიან სუსტი შემადგენლობა იყო და უმრავლესობას საერთოდ ვერ ვცნობდი. ალბათ, ზედიზედ რომ გაკეთდა მესამე და მეოთხე სეზონები, უნდა მოეცადათ. რეალურად პოპულარული ადამიანი ბევრია და მათ ''დაკერვას'' დრო უნდა.

ნინო მურღულია 
ჟურნალი ''რეიტინგი''