სოფო შევარდნაძე ბაბუას: ..მშვიდობით, ბატონო პრეზიდენტო!

,,სამების საკათედრო ტაძარი, სადაც ჩემს ბაბუას ვემშვიდობებით, მას ერთ-ერთ მთავარ ქმნილებად მიაჩნდა. უფლის თანადგომა თან ახლდა მის ბევრ წარმატებას და წარუმატებლობას", - სოფო შევარდნაძე.
საქართველოს მეორე პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს სამების საკათედრო ტაძარში გამოსამშვიდობებელი სიტყვა მიუძღვნა შვილიშვილმა სოფო შევარდნაძემ.
"თავს უფლებას მივცემ, ვიყო სუბიექტური. სამების საკათედრო ტაძარი, სადაც ჩემს ბაბუას ვემშვიდობებით, მას ერთ-ერთ მთავარ ქმნილებად მიაჩნდა. ის ფაქტი, რომ ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით, ჩემთვის არის კიდევ ერთი მიმანიშნებელი იმისა, რომ მას ღმერთთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. უფლის თანადგომა თან ახლდა მის ბევრ წარმატებას და წარუმატებლობას.
პოლიტიკა მისი პიროვნების განუყოფელი ნაწილი იყო, იმდენად, რომ მეც კი მიჭირდა განმესხვავებინა პოლიტიკოსი ადამიანისგან. ბედმა მარგუნა, მასთან ერთად ბევრი ისტორიული მოვლენის მოწმე ვყოფილიყავი, ზოგჯერ ქარტეხლიბესაც კი. ამ გამოცდილებიდან ჩემთვის ერთი რამ არის ნათელი - მისი პრიორიტეტები ყოველთვის იყო მისი იდეალები და საქართველო.

ამბობენ, რომ ის იყო წინააღმდეგობრივი პიროვნება და ასეც იყო, რადგან ისეთი მასშტაბის ადამიანი, როგორც ედუარდ შევარდნაძე იყო, სხვანაირი ვერ იქნებოდა. მას მართლა ყავდა ბევრი მეგობარი და მტერი. ამ წამს, უკლებლივ ყველა მათგანს მინდა გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ არ ტოვებდნენ მას ცხოვრების ბოლომდე – არც მტრები და არც მეგობრები. მხოლოდ ამ თანაარსებობამ გახადა შესაძლებელი, მას გაევლო გასაოცარი ცხოვრებისეული გზა, რომელიც გაიარა. მე დღეს ვემშვიდობები ჩემს ბაბუას, ადამიანს, რომელიც გაჩენის პირველი წუთიდან ეკუთვნოდა თავის ხალხს. ასე რომ მშვიდობით ბატონო, პრეზიდენტო", - აღნიშნა სოფო შევარდნაძემ.