15 ნოემბერს `ნაცმოძრაობის~ მიერ დაანონსებული აქცია

15 ნოემბერს `ნაცმოძრაობის~ მიერ დაანონსებული აქცია, დარწმუნებული ვარ, თავისი ფარისევლობით და უტიფრობით, ძალიან ემგვანება 2008 წლის 12 აგვისტოს აქციას, როცა `ნაციონალები~ სამარცხვინოდ წაგებული ომის შემდეგ გამარჯვებას ზეიმობდნენ და ქართველ ხალხს თვალში ნაცარს აყრიდნენ.

`ნაცმოძრაობა~, რომელიც 15 ნოემბერს აფხაზეთის მოსალოდნელი ანექსიის გაპროტესტებას აპირებს, თვითონ არის იმ მიზანმიმართული პროვოკაციის თანაავტორი და თანაინიციატორი, რომლის შედეგადაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებული იქნა.
15 ნოემბრის აქციით `ნაციონალები~ იმ საუკუნის დანაშაულის და სისხლიანი შეთქმულების გადაფარვას ცდილობენ, რომელიც მათ 2008 წელს საქართველოს მოუწყვეს.
`ნაცმოძრაობას~ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოსაგვარებლად.
პირიქით, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი გაღრმავებულიყო, რომ ამით რუსეთთან მუდმივი კონფრონტაციის საბაბი და მოტივი შეენარჩუნებინა, რაც `ნაცმოძრაობას~ პირდაპირ ჰქონდა დავალებული მსოფლიოს გარკვეული პოლიტიკური წრეებისგან.
სწორედ ამის გამო გააუქმა `ნაცმოძრაობამ~ ერგნეთის ბაზრობა, რითაც, ფაქტობრივად, ჩაშალა ქართველი და ოსი ხალხების შერიგების თითქმის ბოლომდე მიყვანილი პროცესი, რაც შემდგომ 2008 წლის აგვისტოს ომით `დაგვირგვინდა~.
`ნაცმოძრაობა~ მიზანმიმართულად უშლიდა ხელს აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთობის დათბობის ყოველგვარ მცდელობას და სწორედ ამ მიზნით დგამდა ტერაქტებს, ინციდენტებს, თხზავდა ჯაშუშურ-დივერსიული შინაარსის კრიმინალურ `საქმეებს~.
სამწუხაროდ, ახალმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ბოლომდე მიეყვანა 2008 წლის აგვისტოში მომხდარი დიდი სახელმწიფო ღალატის გამოძიება, რის შედეგადაც `ნაცმოძრაობა~ აპირებს მისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების შედეგებზე პასუხისმგებლობა `ქართულ ოცნებას~ აჰკიდოს.
საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი, კერძოდ, მისი საპარლამენტო უმრავლესობა, კოალიცია `ქართულ ოცნებაში~ შემავალი პარტიები და მათი ლიდერები უნდა გათავისუფლდნენ იმ დემაგოგიური კლიშეებისგან, რომელთა მიხედვითაც, თითქოს, `ნაცმოძრაობა~ პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკური ორგანიზაციაა. სინამდვილეში `ნაცმოძრაობა~ პროვოკატორული, აგენტურული ძალაა, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო კვლავ დააჯახოოს რუსეთს, რაც შეიძლება ქართული სახელმწიფოს დაშლით და დაქუცმაცებით დამთავრდეს.
`ნაცმოძრაობა~ დასავლურ ფარჩა-ატლასში შეფუთული რუსული ბომბია, რომელიც კვალის დაფარვის მიზნით საკუთარი კი არა სხვისი ეზოდან შემოგვიგდეს, რისი დამამტკიცებელი უამრავი მასალა არსებობს.
კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელისუფლებას თხოვნით, გამოიძიეთ და საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანეთ ეს მასალები.
ამხილეთ შენიღბული მტერი, სახელად `ნაცმოძრაობა~!
ნუ აჰყვებით მათ პროვოკაციას, ნუ შეგეშინდებათ მათი დემაგოგიური ბრალდებების და ცილისწამებების, გამოიტანეთ დასკვნები არა მათი ფარისევლური სიტყვების, არამედ მათ მიერ გაკეთებული დანაშაულებრივი საქმეების მიხედვით.
კიდევ ერთი ამბავი, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით.
როგორც ცნობილია, ქართულმა სასამართლომ დამნაშავეებად ცნო `ნაცმოძრაობის~ ლიდერები.
ისმის კითხვა: თუ `ნაცმოძრაობის~ ლიდერები დამნაშავეები არიან, როგორაა უდანაშაულო პოლიტიკური ორგანიზაცია `ერთიანი ნაციონალური მოძრაობა~, რომელიც უსიტყვოდ ასრულებდა დამნაშავე ლიდერების დანაშაულებრივ ბრძანებებს?
და აქ მივადექით მთავარს: `ნაცმოძრაობას~, როგორც საქართველოს მოღალატე კრიმინალურ-დანაშაულებრივ ორგანიზაციას, უნდა აეკრძალოს პოლიტიკურ ასპარეზზე მოღვაწეობის უფლება.
`ნაცმოძრაობისთვის~ ნიღბის ჩამოხსნა, `ნაცმოძრაობის~ მხილება და მათი ნაავკაცარის ბოლომდე გაშიფვრა _ მოცემულ სიტუაციაში სწორედ ეს არის ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების ნომერ პირველი ამოცანა.
თუ ეს ამოცანა ვერ შესრულდება, მუდმივად იარსებებს საფრთხე, რომელმაც შეიძლება ქვეყანა დიდ კატასტროფამდე მიიყვანოს.
საქართველო რომ გადარჩეს, `ნაცმოძრაობა~ უნდა გასამართლდეს!
ეს აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ საქართველოს მშვიდობის, სტაბილურობის, ნორმალური განვითარების პერსპექტივა შეუნარჩუნდეს.
დარწმუნებული ვართ, ქართველი ხალხი დაამტკიცებს, რომ ის თავმოყვარე, ღირსეული ერია, რომელიც თავის შეურაცხმყოფელებს საკადრის პასუხს გასცემს და მთელი სიმკაცრით იტყვის:
_ `ნაციონალურ მოძრაობას~ _ არა!
_ `ნაციონალური მოძრაობა~ _ პოლიტიკურ სანაგვეზე!

ვახტანგ ხარჩილავა