როგორ ქრებიან ათონის მთიდან წმიდა მამები და ვინ იყვნენ უხილავი ბერები, რომელთა კვალს ვერასდროს პოულობდნენ




1941 წელს ღირსმა პეტრე ათონელმა თავის ორ მორჩილს უთხრა, რომ კუნძულ სამოსზე აპირებდა წასვლას, მაგრამ კელიიდან ბერი გაქრა და მის კვალს ვერსად მიაგნეს – ვერც მკვდარი იპოვეს და ვერც ცოცხალი.
 1984 წელს ივერიის სკიტის კელიიდან გაქრა ბერი სერგი, ფრიად ღვთივსათნო, მდუმარე და ქველმოქმედი მოღვაწე. მისი კელიის კარი დიდი ხნის განმავლობაში ღია იყო. მოგვიანებით, ასევე, ვათოპედის მონასტრის კელიიდან, გაქრა ბერი ნექტარიოსი. ის ვერც ცოცხალი იპოვეს და ვერც მკვდარი. ასევე დაიკარგა რამდენიმე ბერი და როგორც ამბობენ, ათონის მთაზე ძირითადად გამორჩეული ბერები იკარგებოდნენ. ბერების ამ გაქრობას ათონის მთის სხვა დიდ საიდუმლოსაც უკავშირებენ – ეგრეთ წოდებულ „უხილავ მოსაგრეებს“. წმიდა მთაზე ასეთი თქმულებაც არსებობს: როდესაც ვინმე იკარგება, ამბობენ, ის „უხილავმა მოსაგრეებმა“ წაიყვანესო.როგორ ქრებიან ათონის მთიდან წმიდა მამები და ვინ იყვნენ უხილავი ბერები, რომელთა კვალს ვერასდროს პოულობდნენ

ყველაზე ძველი გადმოცემის თანახმად, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში უცნობ „მოსაგრეებს“ თავისთან იღებდა ბერი ქრისტოფორი იანაკოპულის კალივიდან. „უხილავი მოსაგრეები“ მისგან ქრისტეს წმიდა საიდუმლოებებს ეზიარებოდნენ. რაც შეეხება იმას, თუ ვინ არიან „უხილავი მოსაგრეები“, ამ საკითხზე რამდენიმე მოსაზრება არსებობს. ზოგი ვარაუდობს, რომ „უხილავი მოსაგრეები“ ძველი წმიდანები არიან, რომლებიც ოდესღაც მოღვაწეობდნენ წმიდა მთაზე, ახლა კი ხალხს ეცხადებიან. მეორენი – საწინააღმდეგოს ამტკიცებენ, თითქოს ისინი თანამედროვე მოღვაწეები არიან, რომლებიც ათონის უშორეს და მიუდგომელ გამოქვაბულებში ცხოვრობენ, სამყაროსგან განცალკევებით. ისინი „უხილავნი“ იმიტომ გახდნენ, რომ სხვა შემთხვევაში შეიძლება, მათი გამოქვაბულები არა მხოლოდ მონაზვნებით, არამედ ცნობისმოყვარე უცხოელი ტურისტებითაც გაივსებოდა. „უხილავი მოსაგრეები“ შვიდნი იყვნენ. ისინი ათონის გამოქვაბულში ცხოვრობდნენ. როდესაც ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვლებოდა და ისინი ექვსნი რჩებოდნენ, მაშინ, რაღაც საიდუმლო სახით, მთიდან მოდიოდა სხვა სათნო ბერი, იკავებდა გათავისუფლებულ ადგილს და ისინი კვლავ შვიდნი ხდებოდნენ“. 1835 წელს ათონის მთაზე რამდენიმე მონადირე უცნობ, მოხუც ბერს შეხვდა, რომელთანაც მცირე ხანს ისაუბრეს. მან მონადირეებს უთხრა, რომ მასთან ერთად გამოქვაბულში კიდევ ექვსი ღრმად მოხუცი ბერი ცხოვრობდა. როდესაც მონადირეებმა ამის შესახებ წმიდა ანას სკიტში მყოფთ მოუთხრეს, ადგილობრივმა ბერებმა საგზალი აიღეს და უცნობ „მოსაგრეთა“ საძებნელად გაემართნენ, მაგრამ ვერავის მიაგნეს.მეოცე საუკუნეში წმიდა მთაზე ერთი ბერი მოღვაწეობდა, რომელიც თავისი სიწმიდით ათონელთათვის ჭეშმარიტად იყო „უხილავი მოსაგრე“, მაგრამ ათონელი მამები ვერ ხედავდნენ ამას. ის ყველას ჩვეულებრივ მშრომელ ბერად მიაჩნდა, ის კი, ანუ წმიდა სილუან ათონელი, ლოცვით წმიდა მამებს მიემსგავსა და უფალს მთელი კაცობრიობისთვის ევედრებოდა. წყაროების თანახმად, ერთ-ერთ ლიბანელს ათონზე ასვლა სურდა, მაგრამ გზა დაებნა. გზაზე ვიღაც უცნობი ბერი შეხვდა, რომელიც მას ლეღვით გაუმასპინძლდა. როდესაც ლიბანელმა ამის შესახებ წმიდა ანას სკიტში მყოფთ უამბო, ბერები უცნობი მოღვაწის საძებნელად წავიდნენ, მაგრამ ვერავინ ნახეს. წმიდა ანას სკიტის ერთ-ერთი ბერის ნათესავს სკიტისკენ მიმავალ ბილიკზე გზა აბნევია, გამოქვაბულს მიდგომია, სადაც ვიღაც გარდაცვლილი ბერის დასვენებული სხეული უნახავს. მის მარჯვენა და მარცხენა მხარეს თითო სანთელი ენთო. როდესაც კრეტელმა ამის შესახებ თხრობა დაიწყო, რამდენიმე ბერმა ირგვლივ მიდამოები მოათვალიერა, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. კვიპროსის კიკოსის მონასტრის ბერ-დიაკონი ეფრემი ერთხელ, ათონის მთაზე ყოფნის დროს, დიონისიატის მონასტრიდან წმიდა პავლეს მონასტერში მიდიოდა და ბილიკზე უცნობ მოღვაწეს შეხვდა. ისინი შეჩერდნენ, ერთმანეთს მიესალმნენ და საუბარი დაიწყეს. უცნობი „მოსაგრე“ ძველი კაბით იყო შემოსილი, გრძელი წვერი კი ქამარში ჰქონდა ჩატანებული. ახალგაზრდა კვიპროსელმა მას რამდენიმე შეკითხვა დაუსვა ზიარების შესახებ. ბერმა მას უპასუხა. შემდეგ თითოეული თავის გზაზე წავიდა. რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ ეფრემი მობრუნდა, რათა კიდევ ერთხელ შეეხედა მოხუცი ბერისთვის, მაგრამ მხოლოდ ველური ბუჩქები და ცარიელი ბილიკი დაინახა. ცნობილი მოღვაწე ბერი პაისი ათონელი ამბობდა, რომ ათონზე არცთუ ცოტა უცნობი წმიდა ბერია, რომლებიც ხალხს თავიანთ ადგილსამყოფელს უმალავენ. ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი „უხილავი მოღვაწენი“ მართლაც არსებობენ, – წერს ბერი ვლასი, მაშ, მთელი სამყარო უნდა ხარობდეს, რამეთუ მათი ლოცვით შეჩერებულია ღვთის სამართლიანი რისხვა, ჩვენი ცოდვების გამო, ადამიანთა მოდგმაზე“.