,მილიონ ნახევარი გადავიხადე, თან საწარმო წამართვეს და წილებში სულ თავისი ხალხი ჩასვეს, სწორედ, ოქრუაშვილის დროს დაიწყო ტერორი და ბიზნესის წართმევა, თანხების მიტანა და ბიუჯეტის შევსება” – განაცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან მიცემულ ინტერვიუში გორის წისქვილკომბინატის აწ უკვე ყოფილმა დირექტორმა მირიან ოქროშიაშვილმა ყოფილი თავდაცვის, შს და გენპროკურორის ირაკლი ოქრუაშვილის სატელევიზიო გამოსვლის საპასუხოდ.
,,ხელში როგორც ჩაიგდო ვინმე ოქროშიაშვილმა წისქვილი, ისევე დააბრუნა უკან. ქარის მოტანილს, ისევ ქარი წაიღებს. ასევ მოხდა საწარმოების შემთხვევაში. გინდ ბაზარი, გინდ წისქვილკომბინატი ამ ხალხს მამა-პაპისგან არ დაჩენიათ მემკვიდრეობით. ფორმები რაც იყო ეგ იყო. ჰკითხეთ, რატომ გადააფორმეს” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა ადგილობრივ ტელეკომპანია ,,თრიალეთის” პირდაპირ ეთერში, როდესაც მას, მისი ,,მინისტრობების” პერიოდში ჩამორთმეულ ბიზნესებზე ჰკითხეს.
ოქრუაშვილის განცხადებას გორის წისქვილკომბინატის მეპატრონე მირიან ოქროშიაშვილი პასუხობს. მისი თქმით, ოქრუაშვილი თანამდებობაზე ყოფნის დროსაა ,,არწივი”, ხოლო თანამდებობის გარეშე ,,კურდღელია”.
ვრცელ ინტერვიუში მირიან ოქროშიაშვილი კიდევ ერთ პიროვნებას, გორის სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ბონდო ვათიაშვილს იხსენებს: ,,სწორედ ბონდო ვათიაშვილის მეშვეობით ხდებოდა ჩემი ბიზნესის წართმევა. მიბარებდა ვათიაშვილი და მეუბნებოდა ოქრუაშვილის დანაბარებს, ჩააბარე თორემ დაგიჭერენო” – აცხადებს ოქროშიაშვილი.
ამჟამად, ბონდო ვათიაშვილი ირაკლი ოქრუაშვილმა გორის რაიონის გამგებლობის კანდიდატად დაასახელა. ის 2014 წლის 15 ივნისს დანიშნულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭს იყრის. როგორც ირკვევა, პროკურატურას წისქვილკომბინატის საქმეზე გამოძიება დაწყებული აქვს. ვათიაშვილმა გამოძიებას განუცხადა, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა და არ ახსოვს:
,,იმ პერიოდში ასეთი ქონებების წართმევით და ბიზნესის დატერორებით დიდი ფული იშოვეს. სახელმწიფომ უნდა წაართვას მათ ის მიტაცებული ფული და დაუბრუნოს დაზარალებულებს. მთელი ბიზნესები ახლა მათ ხელშია” – ამბობს მირიან ოქროშიაშვილი. მისი თქმით, წისქვილკომბინატის დასაბრუნებლად ბოლომდე იბრძოლებს, ხოლო ოქრუაშვილს პასუხს აგებინებს.
რაც შეეხება წისქვილკომბინატს და მირიან ოქროშიაშვილის ურთიერთობას, 90-იანი წლების დასაწყისში, გორის წისქვილკომბინატის აქციების დიდი ნაწილი რუსულმა კომპანიამ სახელმწიფოსგან შეიძინა. 2000 წელს კი რუსულმა კომპანიამ საწარმო გაყიდა: ,,ვერ მუშაობდნენ ისინი, თითქმის განადგურების პირას მივიდა საწარმო და იძულებული გახდნენ გაეყიდათ. ბანკიდან სესხი ავიღეთ და იმით დავფარეთ გადასახადი. ეს საბუთები ოფიციალურად არსებობს. მოვიდნენ 2003 წელს ოქრუაშვილი და მისი გუნდი და წაგვართვეს” – აცხადებს ოქროშიაშვილი. ის დეტალურად იხსენებს აღნიშნულ პერიოდს.
იხ. ვიდეო