11 მაისს სანკტ-პეტერბურგში ჩატარებული „ქურდული სხოდკა“ შავი სამყაროს ქართველი წარმომადგენლებისთვის არცთუ იღბლიანი გადაწყვეტილებებით აღინიშნა. ინფორმაცია „სხოდკის“ შედეგების შესახებ ყოფილი სსრ კავშირის ქვეყნებში სწრაფად გავრცელდა.
როგორც გაირკვა, „სხოდკაზე“ უფლებამოსილება შეუჩერეს, ანუ, ჟარგონულად რომ ვთქვათ, „გააფუჭეს“ ორი „კანონიერი ქურდი“: 40 წლის ალექსი გუდინი, იგივე „ლიოხა ირკუტსკი“ და 31 წლის ბესიკ კვინიხიძე, იგივე „ბესო რუსთავსკი“, ხოლო 51 წლის, ასევე ქართველ „რამკიანს“ მერაბ მზარელუას კითხვის ნიშანი დაუსვეს.
„პრაგონი სხოდკიდან“ ტიტულოვანი „ქურდების“: მირიჩის, ალბერტ რიჟის, საჩინოს, ბესო ზარანდიას, გოჩოსა და იური ლაზარევსკის დასტურით უკვე დაიგზავნა და მასში აღნიშნულია, რომ ბესო და ლიოხა მოტყუებით ცდილობდნენ ქურდულ ოჯახში შესვლას.
„სხოდკა“ აზერბაიჯანული წარმოშობის „კანონიერი ქურდის“ ალი ჰეიდაროვის ინიციატივით შეიკრიბა, რომელსაც თანამემამულესთან, ნადირ სალიფოვთან, იგივე გულისთან კონფლიქტის ფონზე გასარკვევი დავა ჰქონდა გუდინთან და მზარელუასთან.
რაც შეეხება ბესო კვინიხიძეს, მისთვის პასუხის მოთხოვნის მიზეზი, გავრცელებული ინფორმაციით, 2006 წელს ბუტირკის ციხეში „კანონიერ ქურდ“ ელგუჯა თურქაძესთან კონფლიქტი გახდა, რომელმაც ის ადმინისტრაციასთან კავშირში დაადანაშაულა და ხელი გაარტყა, რის შემდეგაც კვინიხიძემ კამერა დატოვა. კვინიხაძე „კანონიერი ქურდი“ 2013 წლის ივნისში გახდა, ხოლო ეს შემთხვევა „სხოდკაზე“ ახლა გაუხსენეს.
პეტერბურგის „სხოდკამ“, პირველ რიგში, გელა და გიზო ქარდავების კლანს „დაარტყა“, რადგან გუდინი მათი ერთ-ერთი სლავი მოკავშირე იყო, ბესო კვინიხიძე - მათი „მონათლული“, ხოლო მერაბ მზარელუა - გელას ენათესავება.
მომზადებულია "პრაიმკრაიმის" მიხედვით
ფოტოზე: ბესიკ კვინიხიძე და ალექს გუდინი