ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას რწმუნებულმა პოლერ მორგოშიამ ვენები გაიჭრა - ინფორმაცია ექსკლუზიურად „აფხაზეთის ხმისთვის“ გახდა ცნობილი.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. თვითდზაიანების შემდეგ პოლერ მორგოშია სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც რეანიმაციის განყოფილებაში მოათავსეს, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მალევე გაუმჯობესდა.
მიზეზი, რის გამოც სოფლის რწმუნებულმა თვითდაზიანება გადაწყვიტა, ამ დრომდე არ სახელდება. ამ დროისთვის მორგოშია უკვე საკუთარ ოჯახში იმყოფება.
პოლერ მორგოშია სოფლის რწმუნებულის თანამდებობაზე წინა ხელისუფლების დროიდან მუშაობს და სოფელში ავტორიტეტით სარგებლობს. მისი ქალიშვილი „ქართული ოცნების“ კოორდინატორია.
ცნობილია, რომ მამა-შვილს შორის არანაირი უთანხმოება არ მომხდარა, საავადმყოფოში გადაყვანილ მამას შვილმა მიაკითხა, რადგან თავად იქ არ იმყოფებოდა, სადაც მამამ ვენები გადაიჭრა - მომხდარის შესახებ მას მოგვიანებით შეატყობინეს.
მეზობლები დანამდვილებით ვერც იმას ამბობენ, რომ პოლერ მორგოშია რომელიმე პოლიტიკური ბანაკის მხრიდან ზეწოლას განიცდიდა და მის ამ ნაბიჯს გადაღლით ხსნიან.