დასრულდა ''ჯიდიესის'' პროექტი ''ერთი ერთში''. დაძაბულ ფინალში გამარჯვებული ნინო ძოწენიძე გახდა. ნინოს მთაწმინდაზე გარემონტებული ბინა ერგო საჩუქრად. მეორე ადგილზე ნათია დუმბაძე გავიდა, რომელსაც ავტომანქანა აჩუქეს. მესამე პოზიცია ლევან მასპინძელაშვილმა დაიკავა, მას 20 000 ლარი გადასცეს. მეოთხეადგილოსან ქეთი ორჯონიკიძეს კი - 10 000 ლარი.
პროექტის მსვლელობისას ნინო ძოწენიძემ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მამაკაცი მომღერლის შესრულება ძალიან უნდოდა. ფინალში სწორედ სტივ ტაილერის სიმღერამ მოუტანა გამარჯვება.
- ემოციებით დაღლილი ვარ. აქამდე გამარჯვების შეგრძნება არასდროს გამომიცდია. ახლაც შოკში ვარ. მივიჩნევ, რომ ამ პროექტმა თავიდან აღმომაჩინა.
- მოგებულ ბინაში ცხოვრება გადაწყვეტილი გაქვს?
- რა თქმა უნდა, თერთმეტი წელია, ქირით ვცხოვრობ. სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, რა ადგილას არის ბინა. ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის გამარჯვება იყო მნიშვნელოვანი.
- მამაკაცი მომღერლის განსახიერება ძალიან გინდოდა. ფინალში სტივ ტაილერის შესრულებით კმაყოფილი ხარ?
- ფინალში კაცად გარდასახვა სარისკო იყო, მაგრამ მგონია, რომ გამომივიდა. გრიმიორებმაც მაგრად იმუშავეს. სტივ ტაილერს სასწაულად ვგავდი.
- მეუღლე - მუსიკოსი გიგა კუხიანიძე, როგორც ვიცი, არც ერთ კონცერტს არ დასწრებია.
- არ მინდოდა, რომ დასწრებოდა. გიგა რომ ყოფილიყო, კონცერტებზე უფრო ბევრს ვინერვიულებდი. კონცერტების დროს სახლში იყო, მეგობრებთან ერთად ტელევიზორში ადევნებდა თვალს ''ერთი ერთშის''. ახლა ძალიან ბედნიერია და მეუბნება, დამსახურებულად გაიმარჯვეო. მისი სიტყვები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
- მეუღლე არ მოდიოდა, მაგრამ ყველა კონცერტს ესწრებოდა მისი ძმა, კახა.
- კახას კონცერტის შემდეგ ხელები ტაშის დაკვრისგან სულ წითელი ჰქონდა და მეუბნებოდა, იმდენს მანერვიულებ, საბოლოოდ მომკლავო. ის ჩემი ოჯახის წევრია. ვგიჟდები მასზე.
- შვილს როგორი ემოციები ჰქონდა?
- გაუხარდა - ვერ მივხვდი, სიხარულისგან იცინოდა თუ ტიროდა. გიგა მეუბნებოდა, ეს ყველაფერი იმად ღირდა, რომ სანდრო ასეთი ბედნიერი ყოფილიყოო.
- გამარჯვების შემდეგ ემოციებისგან, ალბათ, ვერც დაიძინე...
- მართლა არ მიძინია. პროექტის დამთავრება მთელმა ჯგუფმა ერთად აღვნიშნეთ და კარგად გავერთეთ. ძალიან მაგარი დღე მქონდა. ხალხის მხარდაჭერას ვგრძნობდი. ყველა ამბობდა, დამსახურებულად გაიმარჯვეო და ეს ყველაზე მაგარი კომენტარი იყო.
- პროექტში შენი ნომრებიდან ყველაზე მეტად რომელს გამოარჩევდი?
- რა თქმა უნდა, ტინა ტერნერს, მომეწონა ელა ფიცჯერალდი, ლაიზა მინელი, ირინა ალეგროვა. ყველა ნომერი, როცა სხვისი ტყავი მოვირგე და გარდავისახე, ძალიან შემიყვარდა.
- როგორ ფიქრობ, როგორც მომღერალი, გაიზარდე ამ პროექტში?
- რა თქმა უნდა. პროექტმა თავდაჯერება შემმატა. პატარაობისას თეატრთან შეხება მქონდა. სპექტაკლებში მითამაშია, მაგრამ ეს ღრმა ბავშვობაში ხდებოდა. აუცილებელია, მომღერალი როცა ხარ, კარგი მსახიობიც იყო. პროექტმა მიმახვედრა, რომ რაღაცები შემძლებია. ჩემს კლიპებში ამ მხრივ შესაძლებლობებს ვერ ვამჟღავნებდი. ძალიან დიდი მადლობა ამ პროექტს. ის რომ არა, შოუბიზნესზე ხელი მქონდა ჩაქნეული. პროექტი რომ დაიწყო და მიმიწვიეს, ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა.
- როგორი იყო ზაკ რისისა და სისი სამის შეფასებები პროექტის დამთავრების შემდეგ?
- გაუხარდათ, მილოცავდნენ და მერე მთელი ღამე ერთად ვცეკვავდით. მგონია, რომ ყველას გაუხარდა ჩემი გამარჯვება. ყველას ჰყავს ფანი და გულშემატკივარი. რა თქმა უნდა, სხვისი გამარჯვებაც გაუხარდებოდათ. პროექტში იყო აბსოლუტურად ჯანსაღი კონკურენცია. რვავე წევრი მეგობრულად ვიყავით. ყველამ გულწრფელად მომილოცა. ბევრი ნიჭიერი მეგობარი შევიძინე. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი შედგა.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''