თამარ ივერი მორიგ სკანდალში გაეხვია - ავსტრალიაში დაგეგმილ წარმოდგენებამდე "ჰომოფობი სოპრანო" ადგილობრივმა პრესამ დაგმო

ავსტრალიურ ყოველთვიური ონლაინ-ჟურნალი LIMELIGHT ქართველ სოპრანოზე, თამარ ივერზე სტატიას აქვეყნებს. ჟურნალში თამარი ჰომოფობად არის მოხსენიებული. სტატიის ავტორი მკითხველს ახსენებს წერილს, რომელიც გასული წლის მაისში ივერმა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მისწერა და რომელშიც სოპრანომ ლგბტ საზოგადოება "ფეკალურ მასად" შერაცხა. ავსტრალიურ პრესაში დაწყებული აჟიოტაჟი სოპრანოს დაგეგმილ კონცერტებს უკავშირდება - სიდნეიში ივლისში თამარ ივერმა "ოტელოში" დეზდემონა უნდა შეასრულოს, ხოლო მოგვიანებით მელბურნში "ტოსკა". 


ავსტრალიელი ჟურნალისტი სოპრანოს მკაცრად აკრიტიკებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, თამარის ის საბედისწერო წერილი თავდაპირველად მის "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელდა. ავტორი მკითხველს ახსენებს, რომ მან წერილში ჰომოსექსუალები "ანომალიად" შერაცხა და ირწმუნებოდა, რომ ჰომოსექსუალიზმი არის "ფეკალური მასის" ნაწილი, რომელსაც დასავლეთი საქართველოს თავს ახვევს.

"სოპრანომ მოგვიანებით წერილი "ფეისბუქიდან" წაშალა. თუმცა, მისი პოსტი ბევრმა ინტერნეტ-საიტმა გაავრცელა და გადათარგმნა. 

ავსტრალიის ოპერის კომენტატორები ივერის მოახლოებული კონცერტის გამო, სოციალური მედიის ყურადღებას ითხოვენ. სოპრანო და პედაგოგი ვიკი უოტსონი წერს, რომ "თამარი იყენებს მის საოპერო პროფილს, რომ მხარი დაუჭიროს ლგბტ საზოგადოების სიძულვილს - ეს შემაშფოთებელია და ავსტრალიური ოპერის საზოგადოება შოკშია". ბატაგლინი კი ამბობს: "ძალიან ვწუხვარ ჩემი გეი კოლეგების გამო, რომლებიც ამ პროდუქციაზე მუშაობენ და რომლებიც იძულებულნი არიან, რომ თამარს ზრდილობიანად მოექცნენ. თუმცა, ოპერის წარმომადგენლებს ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ", - ვკითხულობთ სტატიაში.

ავსტრალიურ პრესაში მის სახელთან დაკავშირებულ სკანდალს "ფეისბუქის" პირად გვერდზე სოპრანო ახალ პოსტს უძღვნის. ივერი ეხმაურება მისი მეუღლის, რაულ ცხადაძის პოსტსაც, სადაც მან განაცხადა, რომ სოპრანოს შარშან გავრცლებეული ჰომოფობიური წერილის ავტორი თავად გახლდათ.

"ძალიან მიმძიმს, ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე მერამდენედ მიწევს ამ დასანან შემთხვევაზე კომენტარის გაკეთება. ეს ინციდენტი მით უფრო მძიმეა ჩემთვის, რამდენადაც იგი ჩემს პირად ცხოვრებასა და მის დელიკატურ დეტალებს უკავშირდება.

ჩემმა მეუღლემ უკვე გააკეთა ამ წერილზე თავისი განმარტება და მე ზედმეტად მიმაჩნია კიდევ ამ დეტალებზე თავის მართლება. ზარალი უკვე დამდგარია და ამ დღიდან მოყოლებული ჩემი ცხოვრებაც ერთგვარად შეიცვალა.
იმედი მაქვს, ვისთანაც ამდენი წლის განმავლობაში მიცხოვრია, მიმეგობრია, მიმუშავია, მიმღერია, ვინც მიცნობს, მან იცის, რომ ჰომოფობია ჩემთვის უცხო და მიუღებელია.

თავის დროზე ყველას გულწრფელად მოვუბოდიშე უხერხული გამონათქვამების გამო, რამაც ბევრი არასწორი ინტერპრეტაცია გამოიწვია და ინციდენტიც ამით ამოიწურა. ეხლა კი ავსტრალიურ პრესაში ხელახალი კამპანია ჩემს წინააღმდეგ შესაძლოა, არც იყოს შემთხვევითი. ყოველთვის მეამაყებოდა საკუთარი ბუნება იმით, რომ ადამიანი მუდამ იყო ჩემთვის ყველაზე ღირებული, თავისი ორიგინალურობით, თავისებურებებითა და განსხვავებებით. ვკითხულობ უამრავ კომენტარს, შეფასებას და ვერც აგიწერთ გრძნობას და სიმძიმეს, რასაც განვიცდი. არც კი მინდა ვიფიქრო, რომ ეს შეფასებები შეიძლება მე მეკუთვნოდეს", - წერს ივერი.

აი, როგორი განმარტება გააკეთა სოპრანოს მეუღლემ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის მიწერილ წერილთან დაკავშირებით:

ბოლო დროს პრესაში გავრცელებული სტატიების პათოსმა და აგორებულმა სიძულვილმა სხვა არჩევანი აღარ დამიტოვა და გადავწყვიტე დუმილი დავარღვიო. კარგა ხანს ვფიქრობდი, რომ ზედმეტი კომენტარების გაკეთება კიდევ უფრო ზედმეტი იქნებოდა, თუმცა, ვხედავ როგორ ზარალდება ჩემთვის 

ყველაზე ძვირფასი ადამიანის რეპუტაცია და მისი სულიერი სიმშვიდე იმის გამო, რაშიც მას ფაქტობრივად არავითარი წილი უდევს.

საქმე იმაშია, რომ ჩემი მეუღლის - თამარ ივერის სახელით გავრცელებული წერილი, რომელსაც ამდენი აჟიოტაჟი მოყვა და კინაღამ ჰომოფობიის მანიფესტად შეირაცხა, თითქმის ჩემი დაწერილია. იმჟამად საერთო ფბ გვერდით ვსარგებლობდით; ამასთან, ვიფიქრე, რომ თამარის პოპულარობიდან გამომდინარე, ამ გზით უფრო მრავალრიცხოვან აუდიტორიას მივაწვდიდი ხმას და წერილი მისი სახელით გამოვაქვეყნე. ის იყო აღნიშნული წერილი ამ გვერდზე დაიდო, თამარმა სახლში დაბრუნებისთანავე წაშალა იგი და ძალიანაც მისაყვედურა. თუმცა, რამდენიმე წუთიც საკმარისი აღმოჩდა... ქართულ პრესას მოედო ეს ამბავი.

არ ვაპირებ პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ განხილვას, თუმცა სინანულით ვიტყვი, რომ ეს პირადი ინციდენტი კინაღამ პირადი ბედნიერების დაკარგვის ფასად დამიჯდა. თამარმა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ მიერ დაწერილ ტექსტს მისთვის მიუღებლად მიიჩნევდა, არ გაამხილა, რომ ის მოსაზრებები მე მეკუთვნოდა და ჩემს გამო აიტანა და გადაიტანა უამრავი შეურაცხყოფა. თამარი არასოდეს ყოფილა არც ჰომოფობი და მით უმეტეს, არც დასავლური ღირებულებების წინააღმდეგი.

აქვე საჭიროდ მივიჩნევ განვმარტო, რომ მე ის სიტყვები იმ დღეს, 2013 წლის 17 მაისს, ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების გასვენების კონტექსტში დავწერე ცხელ გულზე. დაღუპულთაგან ერთერთი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. მომეჩვენა, რომ ლგბტ საზოგადოების მიერ დაგეგმილი მანიფესტაცია, სწორედ იმ ეკლესიის ეზოში, საიდანაც გასვენება იყო დაგეგმილი პროვოკაციად აღიქმებოდა, მით უფრო, რომ სწორედ ასეთი ინფორმაცია ვრცელდებოდა მანიფესტაციის შესახებ. მიმაჩნდა, რომ საზოგადეობა ბუნებრივია მიმტევებელი უნდა იყოს განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ, მაგრამ ამავდროულად ადამიანების თავისუფლებისა და ნების გამოხატულებად მიმაჩნია ისიც, რომ ვიღაცა შეიძლება არ ეთანხმებოდეს გეიაღლუმების იდეას. რამდენიმე წელია ევროპაში ვცხოვრობ და გარკვეული შედარების გაკეთება შემიძლია ქართულსა და ევროპულ ცნობიერებას შორის. დღესაც მიმაჩნია, რომ ქართული საზოგადოება მიუხედავად მისი პროევროპულობისა, ზოგიერთი ევროპული ღირებულების დღესვე გაზიარებისა და მისი ყოველდღიური ცხოვრების კულტურაში დამკვიდრებისათვის მზად ჯერ არაა. წერილში სწორედ ამის თქმა მინდოდა. თუმცა, ვნანობ, რომ მთლად მკაფიოდ ვერ ჩამოვაყალიბე სათქმელი, ვაზარალე ჩემი უსაყვარლესი ადამიანიცა და საკუთარი თავიც.

ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას და საჯაროდ ვაცხადებ, რომ 2013 წლის 17 მაისის მოვლენაზე წერილის ბრალი და ზიანი მხოლოდ ჩემს ანგარიშზეა. თამარი ამ მხრივ აბსოლიტურად უცოდველია. აუტანელია ჩემთვის, რომ ამდენი ხნის შემდეგ, როცა მისი განმარტებისა და ბოდიშის შემდეგ საქართველოში ინციდენტი ამოწურულია, უცხოურ პრესაში გავრცელებულმა სტატიებმა ხელახლა გამოიწვია ამ დელიკატური საკითხის ირგვლივ პოლემიკა", - აღნიშნულია რაულ ცხადაძის წერილში.