რა ინცინდენტი მოხდა გუშინ ''იქს ფაქტორის'' სცენაზე - ''სალომეს უჩალიჩებენ

გუშინ ''იქს ფაქტორის'' მორიგი ტური გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ''სტაფი'', რომელიც ამ პროექტზე მუშაობს, ყოველთვის მოწესრიგებული და მობილიზებული მეჩვენება, პატარა ინცინდენტი მაინც მოხდა. პირდაპირი ეთერის მსვლელობის დროს ფილარმონიის სცენაზე დამონტაჟებული ეკრანები გაითიშა. ეს ყველაფერი სალომე ტეტიაშვილის გამოსვლას დაემთხვა.

მას მერე რაც წამყვანებმა, ია სუხიტაშვილმა და გეგა ფალავანდიშვილმა შემდეგი მონაწილე, სალომე ტეტიაშვილი გამოცხადეს, ეკრანზე  ვიდეო გამოჩნდა, სალომე მოცეკვავეებთან ერთად სცენაზე გამოვიდა და მოულოდნელად ყველა ეკრანი ჩაქრა. 


მომღერალი კულისებში შეაბრუნეს. ამან მაყურებელში მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ამბობდნენ, რომ სალომეს უჩალიჩებენ, თორემ რაღა მის გამოსვლას დაემთხვა ეს ხარვეზიო. ტექნიკური ხარვეზის დროს ''რუსთავი 2''-ის ეთერში რეკლამა გავიდა. 

ამასობაში სცენა თორნიკე ყიფიანისთვის მოამზადეს და სცენაზე მუსიკალური ინსტრუმენტები შემოიტანეს. პროცესი ისე გაიწელა, აივანზე მსხდომმა ბიჭებმა სიმღერაც კი დაიწყეს. 

როგორც ჩანს, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები იყვნენ. ''გამარჯვების გზებზე ვდგებითო'', დაიწყეს და აყვა დარბაზიც. ის, ის იყო, მისამღერზე გადავიდნენ, რომ დარბაზში ნაცნობი ხმა გაისმა, - ''აბა, ეთერში შესასვლელად მოემზადეთ, ერთი, ორი, სამი, ''დინამოთი'' ვერ შევალთ ეთერში...''

კონკურსი თორნიკე ყიფიანის გამოსვლით გაგრძელდა და სალომე თორნიკეს შემდეგ გამოვიდა სცენაზე. როგორც შემდეგ გაირკვა ყველაფერი ძაბვის ვარდნის ბრალი ყოფილა.

სალომე ტეტიაშვილს დავუკავშირდით და მომხდარზე რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- შენს გამოსვლას პატარა უსიამოვნება მოჰყვა სცენაზე, რა მოხდა ხომ არ იცი, რატომ ჩაქრა ყველა ეკრანი?
- ძაბვის ვარდნის ბრალი იყო, მე როგორც გავიგე.
- ხომ არ ინერვიულე, ამან გავლენა ხომ არ მოახდინა შენს გამოსვლაზე?
- არა, უფრო ვინერვიულებდი შუა სიმღერის დროს რომ მომხდარიყო ეს ყველაფერი.
- დარბაზში მაყურებელი ერთმანეთს ეუბნებოდა, სალომეს უჩალიჩებენო...
- არა, ეს სისულელა, ნამდვილად ვიცი, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის