ივანიშვილი „რესპუბლიკელებს“-„გამარკვიეთ, რა გინდათ... თქვენი პარტიის თავმჯდომარე გააჩერეთ, სულელურ განცხადებებს რომ აკეთებს”

გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე პრემიერსა და კოალიციის წევრებს შორის დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე მომხდარ კიდევ ერთ დეტალს ასაჯაროებს. უკვე ცნობილია, რომ ამ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა და ეს თინა ხიდაშელმა დაადასტურა კიდეც.

როგორც "პირველ რადიოს" ელისო კილაძემ განუცხადა, მას სახელისუფლებო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე ივანიშვილმა "რესპუბლიკური პარტიის" წევრებს ჰკითხა, რას აპირებდნენ ისინი და იქვე ურჩია, რომ სულელურ განცხადებებს ნუ გააკეთებენ.



„ვიცოდი, რომ კოალიციისა და პრემიერის შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. უბრალოდ მაინტერესებდა, დღეს, დღის განმავლობაში რომელიმე მათგანი თუ დაადასტურებდა ამას. როგორც აღმოჩნდა, თინა ხიდაშელმა დაადასტურა, რომ შეხვედრაზე ნამდვილად იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მან არ ისურვა იმაზე საუბარი, თუ რა თემებზე იყო დახურულ კარს მიღმა საუბარი. ტრადიციულად, თქვენ იცით, რომ მე კარგი სახელისუფლებო წყარო მყავს. ამჯერად ბიძინა ივანიშვილის განწყობა უნდა გადმოგცეთ „რესპუბლიკური პარტიის" მისამართით. მან გაუგებარი უწოდა „რესპუბლიკური პარტიის" მოქმედებებს. ის, რომ მას ძმები ბერძენიშვილები არ უყვარს, ეს დიდი ხანია ცნობილია. და თქვა ასეთი მკაფიო ფრაზები, რომ „ან გამარკვიეთ, რა გინდათ ან თუ წასვლა გინდათ, წაბრძანდით". ნუ მე ჟარგონებს არ ვიმეორებ. და ასევე „თქვენი პარტიის თავმჯდომარე გააჩერეთ, სულელურ განცხადებებს რომ აკეთებს". როგორ ჩანს ბიძინა ივანიშვილმა ამაში იგულისხმა ხათუნა სამნიძის განცხადება, რომ „რესპუბლიკური პარტია" სოლიდარობას უცხადებს ირაკლი ალასანიას. ასე რომ, მთავარი მოვლენები ჩვენ ჯერ კიდევ წინ გველოდება და „რესპუბლიკელებს" აუცილებლად მოუწევთ თავიანთი არჩევანის გაკეთება. მე როგორც ვიცი, ძმები ბერძენიშვილები ძალიან რადიკალური გადაწყვეტილებების მომხრეები არიან. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტის თავმჯდომარე, ეს ალბათ უახლოეს რამდენიმე დღეში გამოჩნდება",-განაცხადა ელისო კილაძემ "პირველ რადიოსთან".




http://pirveliradio.ge/