მიხეილ სააკაშვილი ნატოზე - სადილზე მაგიდასთან მიწვევის ნაცვლად, ჩუპა-ჩუპს გვიდებენ პირში

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატო-ს მიერ საქართველოსთვის ახალი, ინდივიდუალური პაკეტის შემოთავაზება "სადილზე მაგიდასთან მიწვევის ნაცვლად , ჩუპა-ჩუპსის პირში ჩადებას" შეადარა. 
როგორც სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "კვირის თემა", ლონდონიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, იმაში, რომ ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შენელდა, საქართველოს მთავრობის ბრალეულობას ნაკლებად ხედავს, თუმცა მიუღებელია ის განცხადებები, რომ საქართველო ნატო-ში გაწევრიანებისთვის მზად არ არის. 

"2012 წელს უნიკალური შანსი გვქონდა. არჩევნების შემდეგ ორთვიანი ფანჯარა იყო, როცა გერმანელებიც და ამერიკელებიც ამბობდნენ, რომ იქნებ ახლა ინსტიტუციურად წინ წაგწიოთ, იმიტომ, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების თავისუფალი ცვლა მოხდა და ეს ძლიერი არგუმენტი იყო. ერთადერთი, რასაც ითხოვდნენ, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ერთად ჩასვლა და ამაზე განაცხადის გაკეთება იყო. მაშინ ეს არ მოინდომა მთავრობამ, მათთვის გასაგები და ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო. მიუღებელია ის განცხადებები, რომ ყველა ქართველი პოლიტიკოსი, ვინც ხვდება ნატო-ს წარმომადგენლებს აცხადებს, რომ საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მზად არ არის. საქართველო 10-ჯერ უფრო მზად არის ნატო-ში გაწევრიანებისთვის, ვიდრე ბევრი ახალი წევრი, საქართველომ ბევრად მეტი სისხლი დაღვარა იმისთვის, რომ ეს მზადყოფნა დაედასტურებინა, ვიდრე ნებისმიერმა მათგანმა. დღეს უკრაინას იმ მომზადების ჯარი რომ ჰყოლოდა, რაც საქართველოს ჰყავდა, რუსეთი მას თითსაც ვერ დააკარებდა. მაგრამ საქართველო გაცილებით პატარა ქვეყანა იყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ნატო-ში გაწევრიანებისთვის. ახლა გამოგვიცხადეს, რომ აი, სტრატეგიულ დიალოგს დავიწყებთო თქვენთან, აი რაღაცაში ჩაგრთავთო. ეს დაახლოებით იმას ჰგავს _ სადილზე მაგიდასთან მიწვევის ნაცვლად, ჩუპა-ჩუპს გვიდებენ პირში. ჩვენ თავი არ უნდა მოვიტყუთ და საზოგადოებას სიმართლე უნდა ვუთხრათ. პროცესი შენელდა, მაგრამ ეს საქართველოს მთავრობის ბრალი ნაკლებადაა", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
მიუხედავას ამისა, ექსპრეზიდენტის თქმით, "ნატო-სთან დიალოგი მაინც უნდა გავაგრძელოთ, რადგან დასავლურ ქვეყნებს ერთი კარგი რამ ახასიათებთ – მიუხედავად იმისა, რომ სინდისი ხშირად მიძინებული აქვთ, ეს სინდისი მაინც აქვთ და რაღაც მომენტში თუ ამ სინდისს გავუღვიძებთ, ყველაფრის აღიარება მოუწევთ".